ყინული ლღვება - საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის

ყინული ლღვება - საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის

სავარაუდოდ, საქართველოსა და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან პოლიტიკის გადატვირთვის პროცესი დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს შორის ინდოეთში, Raisina Dialogue-ის კონფერენციაზე მოკლე აუდიენცია გაიმართა. მათი კომუნიკაცია ამით არ დასრულებულა და ისინი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ მაგიდასთან მიიწვია.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ბოჭორიშვილს გაცნობითი საუბარი ჰქონდა არა მხოლოდ გაბარდთან, არამედ სხვა აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირებთანაც, რის შესახებაც კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება.

აღსანიშნავია, რომ მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს 14 მარტს მასპინძლობდა. შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აშშ-ის საელჩომ აღნიშნა, რომ ელჩმა დანიგანმა მაკა ბოჭორიშვილს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო. ფაქტმა ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი რადიკალები გააღიზიანა და ელჩზე ღია თავდასხმა მიიტანეს. თვალში საცემია ის შეცვლილი რიტორიკა, რომელიც აშშ საელჩოს და ელჩის მხრიდან შეინიშნება.

რაც შეეხება ფორუმს, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, Raisina Dialogue არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციები საჯაროდ და ხმამაღლა გაჟღერდეს. მისივე თქმით, ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებსა და გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

Raisina Dialogue არის Observer Research Foundation-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც ნიუ დელიში ყოველწლიურად იმართება. მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ტულსი გაბარდიც.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა კავკასიის რეგიონის, გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა და ეკონომიკური ტენდენციების თემებზე გამართულ პანელურ დისკუსიებში; ასევე, გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან.

„ახალი პოლიტიკა და ახალი მსოფლიო დღის წესრიგი თანამშრომლობას მოითხოვს, განსაკუთრებით, სამშვიდობო პროცესების განვითარების კუთხით. ამ მხრივ საქართველო და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიო ახალი პოლიტიკის წარმომადგენელია“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, საკუთარი ქვეყნის მტერი უნდა იყო ადამიანი, რომ ამის წინააღმდეგ გარკვეული პოზიცია გქონდეს.

„მაკა ბოჭორიშვილს არა მხოლოდ ტულსი გაბარდთან ჰქონდა შეხვედრა, არამედ სხვა შეხვედრები გამართა და ამის თაობაზე საუბარი იქნება. ახალი პოლიტიკა და ახალი მსოფლიო დღის წესრიგი თანამშრომლობას მოითხოვს, განსაკუთრებით, სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე. ამ მხრივ საქართველო და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიო ახალი პოლიტიკის წარმომადგენელია. ტულსი გაბარდი ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორია. მის მიმართ გაცილებით დიდი შეტევა იყო, უკრაინას დასასანქცირებელ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, თითქოსდა, როგორც რუსეთის მოკავშირე.

ეს ყველაფერი მოგონილი სცენარია, რათა ნებისმიერი ქმედება დააზიანონ, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მივყავართ. ამ ორი ადამიანის შეხვედრა გარკვეულ თემებს ეხება, რაც სავსებით ნორმალურია შექმნილ ვითარებაში, ისევე როგორც ამერიკის ელჩის ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს ნორმალურია. არანორმალური და საკუთარი ქვეყნის მტერი უნდა იყო ადამიანი, რომ ამის წინააღმდეგ გარკვეული პოზიცია გქონდეს, თითქოსდა ეს არ შეესაბამება ბაია პატარაიას იდეას, რომ საქართველოში 24-საათიან რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს აქციები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი გიორგი აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გადატვირთვა დაწყებულია და ეს, საბოლოო ჯამში, სრულ სახეს მიიღებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ახალ პოლიტიკურ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს.

„ვიცით, ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ როგორ მოქმედებდა, რა სახის დამუნათებას და კრიტიკას ჰქონდა ადგილი. საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების მიმართ ობსტრუქციული და არამეგობრული განცხადებები კეთდებოდა. 20 იანვრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო პოლიტიკა სწრაფად შეცვალა და მას არ აწყობს არანაირი კონფლიქტები, ამიტომ ურთიერთობების დალაგება დაიწყო. ბაიდენის ადმინისტრაციამ არამხოლოდ საქართველოსთან გაიფუჭა ურთიერთობები, არამედ ჩვენ ვნახეთ, რომ არანაკლებად დაეძაბა სიტუაცია თურქეთთან, ისრაელთან, შესაბამისად, ახლა ახალ ადმინისტრაციას ეს არეულ-დარეული სიტუაცია დასალაგებელი აქვს.

ეს ყველაფერი რომ ჯერ ამერიკის ელჩთან შეხვედრით დაიწყო, შემდეგ კი ინდოეთში ბოჭორიშვილი და გაბარდი შეხვდნენ, ამ ურთიერთობების დალაგებაზე მიუთითებს. აქვე იყო ძალიან პატივსაცემი და მნიშვნელოვანი ფაქტი, როცა მასპინძელი ქვეყნის, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მაგიდასთან მაკა ბოჭორიშვილი და ტულსი გაბარდი მიიწვია. ფაქტია, რომ ეს კომუნიკაცია გაბარდსა და ბოჭორიშვილს შორის აქაც გაგრძელდა. ამიტომ საუბარი საქართველოს შიგნით რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია და არავინ ესაუბრება, ტყუილია“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, პროტოკოლურად რომ შევხედოთ, ხომ შეიძლებოდა, რომ საპატიო სტუმრები ანბანის მიხედვით დამსხდარიყვნენ. ეს უპირატესობა მეტყველებს იმაზე, რომ ინდოეთი დაინტერესებულია საქართველოთი და შესაძლებელია, საქართველოში ინდოელი ბიზნესმენებიც ვიხილოთ, რომელიც სერიოზულ ინვესტიციებს ჩადებენ. შესაბამისად, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ფორუმით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირ იზოლაციაში არ იმყოფება.

„ამერიკის ახალი ხელისუფლებისგან საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე სიურპრიზებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ასევე, კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ქალბატონი ელჩი, რობინ დანიგანი კომენტარს არ აკეთებს გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ისიც ვნახეთ, რომ ცალკეული ევროპელი დიპლომატები სასამართლო პროცესებს თავხედურად ესწრებიან. ამ დროს კი ამერიკის საელჩოდან არავინ არის. არადა გვახსოვს მისი წინამორბედი ყველაფერზე განცხადებებს როგორ აკეთებდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იყვნენ ყოველ დღე ეთერებში, როგორც ამერიკის მაშინდელი ელჩი. ამიტომ ეს ტენდენციები უკვე შეცვლილია, აშშ ელჩის მხრიდან გარკვეული თანამშრომლობის მზაობა უკვე გამოხატულია და საქართველოს ხელისუფლებაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვება მოვლენებს, რათა საქართველო - ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესება მოხდეს და პოლიტიკის გადატვირთვა ახალი ფურცლიდან დაიწყოს“,-ამბობს აბაშიძე.