არშემდგარი ლიდერის არც გეგმა შედგა

არშემდგარი ლიდერის არც გეგმა შედგა

სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და მოქმედებამ ოპოზიცია წყობიდან გამოიყვანა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი აპირებდა დიდი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას და ამისთვის გულმოდგინედ ოპოზიციის ლიდერებს ინდივიდუალურადაც ხვდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შეხვედრებმა შედეგი ვერ გამოიღო, რის შემდეგაც პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და განაცხადა, რომ დიდი ოპოზიციური ერთიანობის შექმნა მის მიზანს არ წარმოადგენს.

არსებობს ვარაუდი, რომ ზურაბიშვილი დასავლეთიდან წამოსული დირექტივებით მოქმედებს და მან მიიღო დავალება, რომ ქვეყნის შიგნით, პოლიტიკურად გაბანკროტებული ოპოზიციის გადალაგება და გაჯანსაღება მოახდინოს. სავარაუდოდ, მან ამაზე დანარჩენი ოპოზიციის დათანხმება ვერ შეძლო.

„ჩემი მიზანი არასოდეს არ ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის, კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ერთიანობა არის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია.

„უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად. გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში; ასევე, ის ბიზნესი, რომელიც დღეს თავისი კუთხით ეხმარება ამ საპროტესტო მოძრაობას, ყველა, ვინც არის ჩართული, ყველა სეგმენტი ამ საზოგადოების ამ კოორდინაციაში უნდა მონაწილეობდეს თავისი საშუალებებით იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად გავშალოთ საზოგადოებრივი ბრძოლა.

კოორდინაცია არის აუცილებელი, თუ არადა, დაქსაქსულები ვართ და არ იღებს ეს მოძრაობა თავის ბოლო ფორმას. ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია. ადამიანები არიან სხვადასხვანაირი, პირიქით, იქმნება, როგორც მესმის, ახალი პარტიები, ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. მთავარია, რომ არ იყოს დაპირისპირება და იყოს ყველაფერი, რამდენადაც შეიძლება, კოორდინაციაში მოყვანილი. მე ამაზე ვარ პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამას კი ოპოზიციის მხრიდან მალევე კრიტიკა მოჰყვა. განსაკუთრებით კი ამით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოირჩეოდნენ.

„არ ვიცი, რაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი - არ მაინტერესებს, ეს ადამიანი აღარ არის პრეზიდენტი“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“, მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალების გამო, ზურაბიშვილის მიმართ ვერც ბრაზს მალავენ.

სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნით კოორდინაციის რეალური შესაძლებლობა ერთიან სამომავლო სიასა და ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებაშია.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება ის, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტი სააკაშვილის არშეწყალებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ფაქტს ისტორია აუცილებლად შეაფასებს, როგორც ერთი მედასავლეთე პრეზიდენტი, რომელმაც მეორე მედასავლეთე პრეზიდენტი არ შეიწყალა. ქვეყნის შიგნით კოორდინაციის რეალური შესაძლებლობა მდგომარეობს ერთიან ფრონტში, ერთიან სამომავლო სიაში, ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებაში. პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება ადამიანი, რომლის ირგვლივაც შედგება ეს ერთობა, ვფიქრობ, ეს ყველაზე რეალისტურია, ან თუ არ შედგა ამ დისკუსიას უნდა დაესვას წერტილი და მე ასეთ თარიღად, ყველაზე რეალისტურად წარმომიდგენია 31 მარტი“, - აცხადებს პარტიის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ რადიკალური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ნება-სურვილით არ მოქმედებენ. მათ რასაც დაუკვეთენ დასავლეთიდან და ბრიუსელიდან, იმას აკეთებენ. თუმცა, როგორც ჩანს, ზურაბიშვილის ლიდერად დასმა იმდენად მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომ მათი პატრონების დავალების შესრულებასაც არ აპირებენ.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე თვლის, რომ ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, მარტო არ მოქმედებს. ანალიტიკოსი for.ge-თან არ გამორიცხავს, რომ ის დასავლეთიდან განსაკუთრებით კი ევროპარლამენტიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მიღებული დირექტივებით მოქმედებდეს.

„ვფიქრობ, ზურაბიშვილი მათ მიერ მხარდაჭერილი ლიდერია. თუმცა, მეორე მხრივ, არც სალომე ზურაბიშვილის პირადი ინტერესი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან მას უყვარს მოვლენების სათავეში დგომა. რამდენად გამოსდიოდა ეს წლების განმავლობაში სხვა საკითხია. გვახსოვს წინა ოპოზიციის დროსაც ლიდერობა სურდა, მაგრამ არც მაშინ გამოუვიდა არაფერი. ახლაც დაახლოებით იგივე მცდელობა აქვს. ამაში დასავლელი პარტნიორები რომ არ იყვნენ ჩართულები, დარწმუნებული ვარ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მას ეს მცდელობა არც ახლა გამოუვიდოდა. მეორე მხრივ, ის ოპოზიციას ლიდერად არ უნდა. თუმცა, არ ვიცი, თუკი ოპოზიციის მიმართ კოლექტიური დავალებაა გაცემული, შესაძლებელია, ეს გამოვიდეს. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, დასავლეთმა დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოებაში არ არის მხარდაჭერა. ამ პარტიას კი ჰყავს თავისი ელექტორატი, მაგრამ ის არ იზრდება. უფრო მეტიც, ბოლო დროს დაკლებულიც აქვს. ამიტომ ახლა ცდილობენ ამ პარტიის სხვა ოპოზიციურ კოალიციაში გათქვეფას. რა თქმა უნდა, აქ ნაციონალებიდან გამოყოფილ მის განშტოებებსაც ვგულისხმობ. ამიტომ ეს უნდა გააკეთონ რაღაცა ახალი ძალის სახელით, რომლის სათავეშიც უნდათ ზურაბიშვილი იყოს, რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოში მასზე უკეთეს ლიდერი ამ ეტაპზე არ არის“,-ამბობს კონფლიქტოლოგი.

მისივე თქმით, დაკვირვებული თვალიც ძალიან კარგად ხედავს, რომ ცალ-ცალკე ოპოზიციას არაფერი გამოსდის. ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ ავტორიტეტი მოიპოვონ საზოგადოების იმ ნაწილში მაინც, რომელიც ქუჩაშია დღეს გამოსული. შესაბამისად, ამ ძალის სათავეში ვიღაცის ჩაყენებაა საჭირო, თუმცა რამდენად კარგი კანდიდატურაა ზურაბიშვილი, ეს კიდევ საკითხავია.

„ვხედავთ, რომ მომიტინგეების დიდი ნაწილისთვის ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი პარტიები მიუღებელია, ზოგისთვის კი დანარჩენი ოპოზიცია. ამიტომ სალომე ზურაბიშვილზე უფრო არიან ორიენტირებულები. პრინციპში, ამ აქციების ფონზე ზურაბიშვილის აქტიურობამ მას მხარდამჭერი გაუჩინა. თუმცა ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, მიჭირს საუბარი იმაზე, რომ ის შეძლებს და ამ მხარდაჭერას ისევე არ გაფლანგავს, როგორც ადრე იპოდრომზე შეკრებილი ხალხი დაფანტა.

გარდა ამისა, ოპოზიციაში არის ასეთი სიტუაცია, რომ ვითომ ერთიან პოზიციაზე დგანან, მაგრამ ზურგსუკან ერთმანეთზე ქილიკობენ, მტრობენ და ერთმანეთის ჩაშვება მიღებული ფორმაა. ამიტომ ვნახოთ, თუკი სალომე ზურაბიშვილის ერთიანი ლიდერობა დასავლეთიდან არის მოთხოვნილი, მაშინ ოპოზიცია იძულებული იქნება, მის გარშემო გაერთიანდეს. თუმცა რამდენიმე სუბიექტის სურვილი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. ეს არის დასავლელი ელიტის ნაწილის წარმომადგენლების სურვილი, ეს არის ზურაბიშვილის და ოპოზიციის. თუმცა ოპოზიციის ენთუზიაზმს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ზურაბიშვილს ორგანიზებულობის და პარტიის ჩამოყალიბების რესურსი შინაგანად არ გააჩნია“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

 

ლევკოთეა ზურაბიშვილის დიპლომატიური ნიჭი და მოქნილობა მინუს ნიშნულზეა. ნუ, არ აქვს ადამიანს ეს უნარები. ანუ, პოლიტიკისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია ეს დედაკაცი. სასაცილო ისაა, მაინცდამაინც საგარეო საქმეთა მინისტრად რომ იყო დასაქმებული.
მისი ხასიათის პატრონი, შესანიშნავი ბასკაკი დადგებოდა შუა საუკუნეებში. ოღონდ, არა დიპლომატი.
6 საათის უკან