ტრამპმა გველეშაპს მორიგი თავი მოჰკვეთა - „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ მსოფლიო მასშტაბით დაადუმეს

ტრამპმა გველეშაპს მორიგი თავი მოჰკვეთა - „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ მსოფლიო მასშტაბით დაადუმეს

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორისაა სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედია საშუალებებს მსოფლიოში.

გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მენეჯმენტს გაეგზავნა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. მათ აღარ ექნებათ სამთავრობო შენობებში შესვლის ან სამთავრობო სისტემების გამოყენების უფლება.

როგორც ტელეკომპანია ABC News იუწყება, შესაბამისი წერილი თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტისგან უკვე მიიღეს. წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შვებულებაზე მყოფ თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ სამთავრობო შენობებში ან გამოიყენონ სამთავრობო სისტემები, მათთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირადი ელფოსტისა და მობილური ტელეფონის საშუალებით.

ჟურნალისტმა ტარა პალმერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან მიიღო „რადიო თავისუფლების“ გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ გააუქმა „რადიო თავისუფლების“ ფედერალური გრანტები.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ისტორიული „ამერიკის ხმა“ 83 წლის განმავლობაში პირველად დაადუმეს“, - სოციალურ ქსელში წერს „ამერიკის ხმის“ დირექტორი მაიკლ აბრამოვიჩი.

„დღეს დილით გავიგე, რომ „ამერიკის ხმის“ პრაქტიკულად მთელი პერსონალი - 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, მათ შორის მეც, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გადაგვიყვანეს“, - წერს აბრამოვიჩი.

რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის, სტივენ კაპუსის თქმით, ამ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა იქნება „დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.

„ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში იზეიმებდნენ რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების დაცემას 75 წლის შემდეგ. ჩვენი მტრებისთვის გამარჯვების გადაცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს“, - ამბობს კაპუსი თავის განცხადებაში.

„რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მდიდარი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობდით. დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, ვინც ყოველკვირეულად გვეყრდნობა ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად, უჩვენოდ აღარ ექნება წვდომა სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ“, – აღნიშნავს სტივენ კაპუსი.

მანამდე კი ტრამპის გარემოცვის მხრიდან ამ მედიების შესახებ არაერთი კრიტიკა გაისმა. „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ მედიასაშუალებებია, რომლებიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება. ეს მედიასაშუალებები სავსეა რადიკალური მემარცხენე აქტივისტებით. მე ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობდი ამ ჟურნალისტებთან. ეს წარსულის გადმონაშთია. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები“, - აცხადებდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი, რიჩარდ გრენელი.

ილონ მასკმა კი საკუთარ ქსელში გააზიარა: „მათ აღარავინ უსმენს, რადიკალი მემარცხენე გიჟები ელაპარაკებიან საკუთარ თავს და წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს“.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ ამ მედიების დახურვა იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შიგნით არსებული დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ახვლედიანის თქმით, „დიფ სთეითის“ კულუარული მმართველობა, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებაშია ფესვებგადგმული, გარკვეულ გავლენებს კარგავს.

„ფაქტია, რომ ეს არაფორმალური მმართველობა, რასაც ლიბერალების განშტოებები ჰქვია და რომლებიც ასევე მედიაშია კარგად მოკალათებული, ძალაუფლებას კარგავს. გვახსოვს, როგორ დაიწყო ტრამპმა მათი დასუსტდება ჯერ ფინანსური თვალსაზრისით, რასაც „იუესადის“ და „ნედის“ დახურვით შეუწყო ხელი. დონორი ორგანიზაციების შეწყვეტა და შეჩერება ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით „დიფ სთეითი“ გავლენებს კარგავს. ტრამპმა ლიბერალებს იდეოლოგიური დარტყმა მიაყენა, როცა განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს ბუნებაში, რამაც მთელი ლიბერალური იდეოლოგია თავდაყირა დააყენა. ახლა უკვე ტრამპი და მისი გარემოცვა დრაკონის მესამე თავზე - ფეიკ მედიაზე გადავიდა. ეს მედიაები არიან „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, რომლითაც, პრაქტიკულად, ის ამართლებდა ლიბერალისტურ იდეოლოგიას და მათ მიერ გადახდილ მილიარდებსაც.

ფეიკმედიების საშუალებით საზოგადოებაზე მიმდინარეობდა ინფორმაციული პროპაგანდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მათი იდეოლოგიის დანერგვა მომხდარიყო. ამის სათავეში დგანან ამერიკული ელექტრონული მედიები „სიენენის“ მეთაურობით. ამიტომ, რადგან ამ ფეიკნიუსებთან დაკავშირებით ბრძოლა დაიწყო, ჯერ მიადგნენ იმ მედია საშუალებებს, რომლებიც გავლენას ევროპის და აზიის მიმართულებით ახდენენ. ამდენად, პირველ რიგში, ამ გამომცემლობის ევროპის და აზიური ბიუროებისთვის გრანტების შეწყვეტა მოხდა“, - ამბობს ახვლედიანი.

ფეიკნიუსების მიმართულებით გადამწყვეტი ბრძოლა მოასწავებს, რომ მალე „სიენენის“, „სიემბისის“ და სხვა მედია საშუალებების ჯერი დადგება, რომლებიც, ძირითადად, დემოკრატების პრესსამსახურების ფუნქციას ითავსებდნენ.

„ეს მედიები ღიად ავრცელებდნენ ტყუილებს, გამოგონილ ამბებს, პროვოკაციებს, საზოგადოებას დეზინფორმაციით წამლავდნენ. ამის მაგალითია „ამერიკის ხმის“ თანამშრომლებისთვის მიცემული დირექტივები, რომ მათ ჰამასისთვის ტერორისტული ორგანიზაცია არ უნდა ეწოდებინათ. ეს არ არის მხოლოდ ტრამპის მიმართ განხორციელებული ქმედება, ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. ძალიან ბევრი მასალა არსებობს ამერიკის იუსტიციის სამინისტროში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მედია საშუალებები, ძალიან სერიოზულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მედია საშუალებები ფუნქციონირებას აღარ დაუბრუნდებიან“, - ამბობს ახვლედიანი.

ლაზი ჩვენ გვეგონა ამერიკის ძლიერება, მისი საზოგადოებისა და ეკომომიკის განვითარების მაღალ დონეს ეფუძნებოდა.
რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის, სტივენ კაპუსის განცხადებით კი, ირანელი აიათოლების, ჩინელი კომუნისტი ლიდერების და მოსკოვსა და მინსკში ავტოკრატების, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მიერ, მათ ლანძღვაზე ყოფილა დაფუძნებული.
6 საათის უკან