რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ნარკოლოგთა ნაწილი არ ემხრობა იმ მოტივით, რომ სიმკაცრეს შედეგი არ მოაქვს. ისინი მოელიან, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის შედეგად, ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე დიდი რიგები გაჩნდება და ადამიანების უფლებები შეილახება. თუმცა ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ არც ლოიალურ პოლიტიკას მოაქვს შედეგი ისეთ სენთან, როგორიც ნარკომანიაა.
ნარკოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გელა ლეჟავა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მიესალმება. For.ge გელა ლეჟავას ესაუბრა.
ნარკოტიკების რეალიზაცია გაუტოლდება მკვლელობას და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. მავანნი ამას „ქართული ოცნების“ რეპრესიების მორიგ ტალღას უწოდებენ და არაფრად მიიჩნევენ იმას, მაშინ რა გამოსავალი რჩებოდა სახელმწიფოს, გარდა იმისა, რომ მოეთოკა ნარკომოვაჭრეების თვითნებობა და ერის დეგრადაციისთვის მშვიდად არ ეცქირა?
- ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მივესალმები. მიმაჩნია, რომ დღევანდელ საქართველოში ეს არის ყველაზე უფრო საჭირო და აუცილებელი საქმე. თავის დროზე, როდესაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მას ორი მიზანი ჰქონდა -კორუფციასა და ნარკომანიასთან ბრძოლა. ამდენად, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, ადმინისტრაციულ კოდექსში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმიტომ რომ თუ ქართველებს მოგვსპობს ნარკომანია, მერე გინდა ირანს დაქვემდებარებული იყოს ჩვენი ტერიტორია, გინდა თურქეთს, გინდა რუსეთს, ამას არანაირი აზრი არ ექნება, ქართველები თუ არ ვიქნებით.
აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ის ფაქტიც, რომ თუ ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ავადმყოფია, მაშინ მხოლოდ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ უნდა იყოს სიმკაცრე, თუ მომხმარებლების მიმართაც?
- ცხადია, ნარკოტიკების გამავრცელების მიმართ უნდა იყოს სიმკაცრე, თუმცა, სამწუხაროდ, ნარკომანია ისეთი დაავადებაა, თუ არ ეშინია ადამიანს, ისე ვერ გააჩერებ. ამიტომ მომხმარებელსაც გარკვეული შიში უნდა ჰქონდეს.
ცალკეული ადამიანები მიიჩნევენ, რომ მაინცდამაინც არც მეტადონის პროგრამა ამართლებს, რადგან ნარკოტიკის ჩანაცვლების ნაცვლად, ახალ დამოკიდებულებას იწვევს ამ ნივთიერებაზე, ანუ იგივე ოპიოიდზე. შესაძლოა, ადამიანმა ჰეროინის მოხმარება შეწყვიტოს, მაგრამ შეეჩვიოს მეტადონს და მასზე დამოკიდებული გახდეს. თქვენ რას ფიქრობთ?
- მეტადონის პროგრამა იყო და იქნება. სამწუხაროდ, არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელმაც თუ დაიწყო ნარკოტიკის მიღება, ვეღარ ჩერდება. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია მეტადონი. მე მაგალითად, ისრაელში მინახავს ხალხი, ვინც მეტადონის პროგრამაშია და მერე ამწეზე მუშაობს, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს?! ამიტომ თუ სწორად იქნება შერჩეული პროგრამა, შეიძლება ადამიანი მეტადონს იღებდეს და მერე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდეს.
ნარკოტიკების მოხმარება ხშირად ერთმანეთის მიბაძვით ხდება, დაახლოებით ისე, როგორც სიგარეტის მოწევისას ბაძავენ ერთმანეთს. განსაკუთრებით, მიმბაძველობა ხშირია კლუბური ნარკოტიკების გასინჯვისას. რამდენად საშიშია მოდაში შემოსული კლუბური ნარკოტიკები?
- კლუბური ნარკოტიკები ძალიან ცუდი რამაა. ამ ტიპის ნარკოტიკები დამღუპველია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის პირველი და ძალიან სერიოზული ნაბიჯი ნარკომანიისკენ. როდესაც ახალგაზრდა კლუბურ ნარკოტიკს 2-3-ჯერ იღებს, ამას ვერ გრძნობს და შემდეგ, როდესაც იგრძნობს, ნარკოტიკებზე თავის დანებება ძალიან უჭირს. ასეთი უბედური რამეა ნარკოტიკები.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაში ოპოზიცია იძულებითი ნარკოტესტირების რისკებს ხედავს. ისინი ეჭვობენ, რომ ახალი ნარკოსასჯელები ოპონენტების დევნის საშუალება იქნება.
- იძულებითი ნარკოტესტირება იმ პირების მიმართ დაიწყება, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ ნარკომანები. სიტყვაზე, ასეთი შეიძლება იყოს მანქანის მძღოლი, ასევე, პირი, რომელსაც იარაღი აქვს. თუ ისინი შემჩნეულნი არიან ნარკოტიკების მოხმარებაში, მათი ნარკოტესტირება მოხდება. არის მთელი რიგი კატეგორიები, რომლებსაც ტესტის გავლას სთხოვენ. თუ ადამიანი წესიერია და ნარკოტიკს არ იღებს, მივა და გაივლის ტესტირებას, ხოლო თუ ნარკომანია, ე.ი. იქ არ უნდა მუშაობდეს, სადაც ამჟამად მუშაობს. რაც შეეხება ოპოზიციის შიშს, რომ ოპონენტების დევნის საშუალება არ გახდეს ახალი ნარკოპოლიტიკა, ასე ნებისმიერი რამ შეიძლება ვიღაცის წინააღმდეგ გამოიყენონ. მე არ ვიცი, გამოუყენებიათ თუ არა ნარკოპოლიტიკა ადამიანების წინააღმდეგ, ეს უკვე პოლიტიკაა და ჩემს კომპეტენციას სცილდება, მაგრამ აბსოლუტურად დაუშვებელია ნარკოპოლიტიკის შერბილება იმის შიშით, რომ რომელიმე ოპონენტის წინააღმდეგ არ გამოიყენენონ ეს კანონი. როგორ შეიძლება, არ დაიწყონ ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. ევროპაში მოსახლეობის გამოკვლევა ჩაატარეს ნარკოტიკების მიღების თაობაზე და საკმაოდ მძიმე მასალას მოუყარეს თავი. როგორც ამბობენ, ნარკოტიკების მოხმარება გერმანია შედარებით თავისუფლადაა, ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ გერმანიაში ნამყოფი ვარ, დღის სტაციონარი ჰქვია იქაური ნარკომანების სამკურნალო ცენტრს. დღის სტაციონარში ნარკომანის ერთი დღე დაახლოებით იმდენი ჯდება, რამდენ პენსიასაც იღებს საქართველოში ადამიანი. უამრავი ისეთი რამეა, რაშიც ევროპას საშუალება აქვს, ფული დახარჯოს, საქართველოს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გარდა ამისა, იმავე გერმანიაში, სიტყვაზე რომ ვთქვათ, 3 მილიონი ადამიანი რომ დაიღუპოს, არაფერი არ უჭირს გერმანიას, საქართველო კი იმ ზღვრამდეა მისული, თუ კიდევ დაიკლო მოსახლეობის რაოდენობამ, მისი აღდგენა ვერ მოხდება. ამიტომ ნუ გვთხოვენ ჩვენ ჰოლანდიის მაგალითის გადმოღებას. იქ ასი დოლარი იხარჯება ერთ პიროვნებაზე ნარკომანიის ხაზით, საქართველოში კი იხარჯება 3-5 ლარი. ზოგიერთები აპროტესტებენ იმასაც, რომ ახლანდელი კანონმდებლობით, მკვლელობას უტოლდება ნარკოტიკების გავრცელება. საუბარია იმათზე, ვისაც ნარკოტიკი შემოაქვს. ერთმა ადამიანმა შეიძლება იმდენი ნარკოტიკი შემოიტანოს, რომ 30 ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანოს. ახლა ამას გინდა მკვლელობა დაარქვან, გინდა არა, ეს მათი საქმეა.