ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობას ცდილობს და აპირებს საპროტესტო მუხტს სათავეში ჩაუდგეს. ამისთვის მან 14 მარტს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. ოპოზიციასთან გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პარტიებთან და კოალიციებთან ინდივიდუალური შეხვედრების ჯერი დადგა. როგორც ჩანს, ზურაბიშვილი ინდივიდუალურად ცდილობს პოლიტიკური ლიდერებისგან გაიგოს, ვინ აღიარებს მას ერთიან ლიდერად.
ვინ დათანხმდება 31 მარტს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ფრონტით შესვლას? - ამ კითხვას პასუხი 16 დღეში გაეცემა. ცნობილი ხდება, რომ 31 მარტის აქციაზე, ზურაბიშვილმა დიდი გაერთიანების შესახებ უნდა გამოაცხადოს. ეს უნდა იყოს აქტივისტების, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ერთობლიობა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილ ახალ მოძრაობაში იქნებიან გაერთიანებულები.
ზურაბიშვილი 14 მარტს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებსაც შეხვდა. 31-მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომ ერთიანი ფრონტის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივ შეხვედრებს გამართავს დასავლეთში. ამ შეხვედრების მიზანი იქნება, რომ დასავლეთიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერონ და „ოცნებას“ ახალი არჩევნების დანიშვნა აიძულონ.
„რადიკალურ ოპოზიციაში ასეთი ხელოვნური გაერთიანება, რის თაობაზეც ზემოდან თუ გვერდიდან უკარნახეს, ვერ შედგება, რადგან სალომე ზურაბიშვილი ის ადამიანი არ არის, ვინც შეიძლება, სიმპათიით ერთ და ან მეორე მხარეს სარგებლობდეს“, – ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
„სალომე ზურაბიშვილს ძალიან ცუდი სიტყვები უწოდეს, გალანძღეს და დღესაც ისევ ლანძღავენ. მას დაჩემებული აქვს, რომ ქოლგა მისია, გარშემო ყველას ევროკავშირის რუკით ხელში შემოიკრებს და სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრებს. ზურაბიშვილს უნდა, რომ ამ დროშით ქუჩაში ირბინოს – ოპოზიციასაც ეს დროშა უნდა. ალეკო ელისაშვილი ამპარტავნებაზე რომ ლაპარაკობს, ცუდია, უზნეობაა, სიყალბე და თაღლითობაა, მაგრამ ეს მისი დამახასიათებელი ნიშანია. შიგნით ფუთფუთია –მას შემდეგ, რაც დაფინანსების მთავარი რესურსები გამოეცალათ, ერთმანეთს კბენენ, უნდათ, რომ ამ პოლიტიკური მოძრაობის ზედაპირზე დარჩნენ.
ეს ხალხი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია – ერთმანეთზე რას ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს. თუ საჭირო გახდა, ვიღაცა – „დიფ სთეითი“ იქნება, „გლობალური ომის პარტია“ თუ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული მიზნებით გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტი, რასაკვირველია, ამ ხალხს – ბედოვლათებს და მარიონეტებს გამოიყენებს. ერთმანეთზე რას ლაპარაკობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ, თუ საჭირო იქნება, გაერთიანდებიან და ერთმანეთს ხელებს აუწევენ, ვითომ დიდი გამარჯვების გუნდი იყოს შეკრული. ქვეყნის მტრები – სხვა სახელი მათ არ ეწოდებათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის შიგნით ვერ სარგებლობს იმ ავტორიტეტით და გავლენით, რომ მან ოპოზიციის სათავეში ჩადგომით ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს. საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ ზურაბიშვილი არ არის იმ სტილის ლიდერი, რომელიც აქციებზე ივლის და ქუჩის პროტესტს სათავეში ჩაუდგება.
„სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც ამ წყალწაღებულ ოპოზიციას ამ მძიმე სიტუაციიდან გამოიყვანს და პოლიტიკურ პროცესების მართვას შეძლებს. მას ერთხელ ჰქონდა შანსი, რომ ხალხის ყურადღება მიეზიდა, როცა თქვა „ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან“. მაშინ ყოველგვარი დაპატიჟების, მუქარების და იძულების გარეშე გავიდა ხალხი იპოდრომზე მის შესახვედრად. თუმცა, მაშინ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. იმ დროს რაღაც ქარიზმატული ელემენტი გაჩნდა და ხალხმა რეაქცია მისცა. ახლა კი ასეთი ელემენტი აღარ არის. ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობა სრულიად სხვა მიმართულებით გამოიყენა და ის მხარდაჭერა დაკარგა, რაც „ოცნების“ მომხრეებში ჰქონდა.
სხვა რა მხარდაჭერა აქვს მას? თუკი ასეთი ელემენტი არ არის, რამდენიც არ უნდა უძახონ ხალხს, არ გამოვა. ნუ, რაღაც რაოდენობა კი, მაგრამ ისეთი არა, რომ პოლიტიკურ პროცესზე გავლენა მოახდინოს, მით უმეტეს ზურაბიშვილი ვერ იქნება ოპოზიციის გამაერთიანებელი. მის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა თავად ოპოზიციაშია. თანაც ის ლიდერად არ უნდათ, ყველას თავად უნდა ლიდერობა“, - ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსის აზრით, ზურაბიშვილს უნდა, რომ ოპოზიციის ლიდერის სტატუსი ჰქონდეს, როგორც სააკაშვილს ჰქონდა, თუმცა ვერ გამოსდის.
„ფაქტია ზურაბიშვილი ცდილობს ლიდერობა სააკაშვილს ჩამოართვას. თუმცა გამორიცხულია, რომ მან ეს შეძლოს. განა იმიტომ რომ ისევ სააკაშვილია ლიდერი, არა პირიქით, ის საერთოდ საკუთარ პარტიაშიც აღარაა ლიდერი და აღარავინ უსმენს, უბრალოდ, სააკაშვილმა ვეღარ შეძლო ეს და ზურაბიშვილი მით უმეტეს ვერ მოახერხებს. სააკაშვილს საკუთარი ამომრჩეველი და მხარდამჭერი მაინც ჰყავს და პოლიტიკური ალღო აქვს. ზურაბიშვილს რა ელექტორატი ჰყავს, კაცმა არ იცის. მაგალითად, მან გამოაცხადა, რომ მთავრობის სიას წარმოვადგენო, არადა კონსტიტუციაში მთავრობის წარმოდგენის უფლება პრეზიდენტს არ აქვს, ეს პრემიერის უფლებამოსილებაა. გვახსოვს ასევე მისი ქარტია და ახლა 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ყურს არავინ იბერტყავს. პირიქით, ზურაბიშვილი გამაერთიანებელი კი არა განხეთქილების საბაბი გახდა ოპოზიციაში“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, არც არის ვინმე ვინც შესაძლოა შიდა და საგარეო პროცესების მართვა შეძლოს.
„მოსახლეობა რომ ხედავდეს ასეთ ლიდერს, მაშინ გარეთ გამოვიდოდა და მის გვერდით იდგებოდა. რამდენჯერ აღარ მოუწოდეს ხალხს, რას არ დაჰპირდნენ, ან რა არ აკადრეს, მაგრამ ხალხი არ გამოდის. ასეთი ვინმე რომ იყოს, მისი გამოჩენა აქციებზე ხალხს დააინტერესებდა და მიიზიდავდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების ფიგურები რომც გამოჩნდნენ აქციებზე, პირიქით, ხალხი მათ დანახვაზე გარბის. ამ სიტუაციაში როგორ ვთქვა, რომ ვინმეს ხალხის მიზიდვის უნარი აქვს? ამიტომ მე ამ მცდელობას სკეპტიკურად ვუყურებ. ზურაბიშვილი არ ჩაიცვამს რკინის ქალამნებს და ქუჩაში ყოველ დღე არ ივლის“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.