„ღამის თბილისი არის საქართველოს მომავლის დასამარება, ესაა აღვირახსნილი ნარკომანია და თუ რეალურად დაუწყებენ ბრძოლას, მისასალმებელი იქნება“

„ღამის თბილისი არის საქართველოს მომავლის დასამარება, ესაა აღვირახსნილი ნარკომანია და თუ რეალურად დაუწყებენ ბრძოლას, მისასალმებელი იქნება“

საქართველოში ნარკოპოლიტიკა მკაცრდება. ხელისუფლება განსაკუთრებით ამკაცრებს მიდგომას ნარკორეალიზატორთა მიმართ, რომლებსაც მკვლელებად აღიქვამს. განურჩევლად იმისა, მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას, მცირე თუ დიდი დოზის მიუხედავად, მას 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

ცვლილებები სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე, სხვა კანონებში შევა. გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლება, ასევე, იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია მომავალი თაობების გადარჩენისთვის ანტინარკოტიკული რეფორმა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად აქციოს. მდინარაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავს მოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებდა ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, გენოფონდს და არაფერი შეიძლება ყოფილიყო უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად გამოწვეული მძიმე შედეგები.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და ეს საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაცაა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კურცხალია თვლის, რომ ნარკოტიკები არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს.

ნარკორეალიზატორებს, ამ ადამიანებს ვუყურებთ, როგორც მკვლელობასთან გათანაბრებულულებს. ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს საქართველოში და მსოფლიოში, - ამბობს ირაკლი კირცხალია.

სასულიერო პირები მიესალმებიან ანტინარკოტიკულ რეფორმას. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ უნდა დამზადდეს რგოლები, გამოიცეს სახელმძღვანელოები, შევიდნენ სკოლებში, შეამოწმონ მძღოლები ნარკოტიკებზე.

ღამის კლუბები სავსეა ნარკოტიკებით და ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ რაღაც ახალი შეიგრძნონ, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ამ მხრივ, ყველაფერს სინჯავენ. ამას უნდა ნარკოპოლიტიკის დაგეგმვა სახელმწიფოს მხრიდან, -აცხადებს დეკანოზი.

დეკანოზი იოანე გორელიშვილიც მიესალმება ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გორელიშვილის თქმით, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საპატრიარქოს საზოგადოებასთაბ ურთიერთობის სამსახურმა არაერთი პროექტი განახორციელა, გასულ წელს საზაფხულო ბანაკებში მოხდა სტდენტებთან შეხვედრა ფსიქოლოგების და ნარკოლოგების მონაწილეობით. დეკანოზის აზრით, მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ უნდა შემოიფარგლონ, არამედ იმ ადამიანებსაც უნდა დაეხმარონ, რომლებიც ნარკოდამოკიდებულნი არიან. დეკანოზის თქმით, თუკი ნარკოტიკების რეალიზატორები მკაცრად დაისჯებიან, ეს მისასალმებელია, მაგრამ უნდა გაივლოს ზღვარი ნარკორეალიზატორებსა და ნარკოდამოკიდებულ ხალხს შორის.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას არ ემხრობა ოპოზიცია და ამ სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხშიც მათთვის დადებულ ნაღმებს ხედავს. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას სინამდვილეში აქტივისტებისთვის ნარკოტიკების ჩადება აინტერესებს. გახარიას პარტიის კიდევ ერთ წევრ ანა ბუჩუკურს აინტერესებს, რატომ ხორციელდება ეს რეფორმა ახლა, რა დგას ამის უკან?

ჩვენს ქვეყანაში ნარკომანია სერიოზული და მწვავე პრობლემაა, მაგრამ თუ რატომ ახლა, ამის მიზეზი ახლო მომავალში გამოჩნდება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ე.წ. ხელისუფლების მრავალწლიანი უმოქმედობის ბრალია, მაგრამ ნარკოტიკის გამკაცრებას თან შესაბამისი რეაბილიტაციის პროგრამების შექმნაც უნდა ახლდეს, - ამბობს ბუჩუკური.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების რეალური დანიშნულება ადამიანების იძულებითი ნარკოტესტირებაა და აღნიშნული კანონპროექტი კონტროლის კიდევ ერთი იარაღია პოლიციის ხელში, რასაც მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება აუცილებელი და დაგვიანებულიცაა. გია აბაშიძის განმარტებით, თავის დროზე ე.წ. პროევროპელ ყოფილ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეეძლო ამ ინიციატივის წამოყენება, მაგრამ ეს არ გააკეთა. სამაგიეროდ, ეს არის ამჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივა, რომელსაც მყისიერად აჰყვა მთავრობა და დაიწერა შესაბამისი პროგრამა.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ძალიან კარგია, ოჯახი არ დარჩა საქართველოში, რომელიც ამ სენმა არ დააზიანა, ზოგან ძალიან ტრაგიკული შემთხვევებიც მოხდა. ოპოზიციის განცხადებები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებითაც არარაობაა. რომელ ნარკოტიკების ჩადებაზეა საუბარი, ხელისუფლებას რომ უნდოდეს, აქამდე განახორციელებდა ე.წ. ჩადების ოპერაციებს გინდ იარაღით, გინდ ნარკოტიკით, ამის პრობლემა არ არის, მაგრამ ნაცოპოზიცია ყველაფერს საკუთარი გადასახედიდან უყურებს, რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში, ჰგონიათ, იმასვე აკეთებს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულება. ხელისუფლებაზე გადაბრალება და ამ საკითხის მორიგი უსუსური პოლიტიზებაც მეტყველებს იმაზე, რა სავალალო მდგომარეობაში არიან ოპოზიციონრები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რუსთაველის გამზირს საღამოს 2-3 საათით თუ ჩაკეტავენ, ახლოს არიან ქართული ოცნების ე.წ. ჩამოქცევასთან. გააგრძელონ ყვირილი, სასტვენები, ქვაბების თავსახურები, ხომ ხედავენ, რომ აკლდებათ თავიანთი მხარდამჭერებიც კი. წინ არის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები. ამ არჩევნებსაც გამოუცხადებენ თუ არ გამოუცხადებენ ბოიკოტს, ფაქტია, იქაც წაგებულები აღმოჩნდებიან, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან და ნებისმიერ საკითხთან მიმართებით ოპოზიცია რასაც ამბობს, უახლოესი ასი წელი საინტერესო არ არის, რადგან ამ ოპოზიციამ საკუთარი თავი თვითონვე გაანადგურა, ეს ოპოზიცია დროის მიღმა დგას, აცილებულია ყველაფერს. დემურ გიორხელიძის თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება მისასალმებელია, თუკი ეს არ არის პროპაგანდისტული კამპანია.

ღამის თბილისი-ეს არის საქართველოს მომავლის დასამარება, ესაა აღვირახსნილი ნარკომანია. წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, აღვირახსნილი ნარკომანია ანგრევს ქართველ ახალგაზრდებს. 12-14 წლის გოგონები უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანები არიან. ეს ყველამ იცის, ვისაც შეხება აქვს ღამის თბილისთან. დანარჩენები შეიძლება თვალს იბრმავებენ. არ არის გამორიცხული, საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდებიც ნარკოტიკებს მოიხმარდნენ, ეს ცოტა არ არის, საუბარია ათასობით ახალგაზრდაზე. თუ სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვდივართ, ნარკოტიკების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ნარკომანიას ვერ გაანულებ, მაგრამ განსაკუთრებით, ნარკოდილერები უსასტიკესად უნდა დაისაჯონ. ვერანაირი ნარკოდილერი ვერ გაჭაჭანდება ქვეყანაში, თუ ამას ხელისუფლების წაყრუება, კორუფცია არ უწყობს ხელს. არსებობს სპეცსამსახურები, შს სამინისტრო, მათ აქვთ თავიანთი მუშაობის სპეციფიკა და შეუძლებელია, ნარკორეალიზატორი არ დაიჭირონ. მე არ მჯერა ამ ხელისუფლების, რომ რაიმე კარგს გააკეთებს, მაგრამ შემიძლია ვაღიარო, რომ ეს ერთ-ერთი პირველი კარგი საქმე იქნება, თუკი ისინი ნარკომანიას არა პროპაგანდისთვის, არამედ რეალურად დაუწყებენ ბრძოლას. ჯერჯერობით რასაც ებრძვიან, ყველაფერი ყალბ პროპაგანდაზეა აგებული ისევე, როგორც ვითომც ებრძვიან ნაციონალურ მოძრაობას, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ for.ge-სთან საუბრისას.