რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლები მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გრძელდება. ოპოზიცია კი აქციების სათავეში ჩადგომას ცდილობს და ირწმუნება, რომ ქუჩის აქციების სათავეში პოლიტიკოსები უნდა მოექცნენ, რადგან სხვაგვარად ამ გამოსვლებს აზრი არა აქვს და მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ. თუმცა აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა, ვინ და რომელი პოლიტიკური ძალა შეეცდება ამ აქციების სათავეში მოქცევას?
ყველასთვის უკვე ცნობილია და პრაქტიკამ არაერთხელ აჩვენა, რომ როდესაც ასეთი საპროტესტო აქციების ავანგარდში პოლიტიკოსები ჩნდებიან, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“, ადამიანების ის ჯგუფიც კი იშლება, რომელიც რუსთაველზე იკრიბება. ასე რომ, გაუგებარია, როგორ უნდა შეძლოს პოლიტიკურად და ფინანსურად გაბანკროტებულმა ოპოზიციამ ქუჩის აქციების მართვა და მისი გამოცოცხლება.
ნაწილ მათგანს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა მოხდეს გაერთიანება და ამ მოტივით, 31 მარტს, პოლიტიკურმა პარტიებმა, ზურაბიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ, ახალი, მასშტაბური აქცია დააანონსეს.
„31 მარტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
ამასთან, მან სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას, სინამდვილეში, არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერი არ გააჩნია და მხოლოდ გარე ძალების მითითებებით მუშაობს.
„არანაირი ენერგია მათ აღარ აქვთ, არანაირი ძალა არ შერჩენიათ. ერთადერთი, რაც დღეს ოპოზიციას ასულდგმულებს, ეს არის გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმა. ხედავთ, როგორც კი ცოტათი მინელდებიან, გარედან ისმის რაიმე მჭექარე განცხადება იმისთვის, რომ გამოაცოცხლონ ესენი და ა.შ. სინამდვილეში, ოპოზიციას იდეები არც არასდროს ჰქონია და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც ვნახეთ, მათ სინამდვილეში კამპანია არ უწარმოებიათ რაიმე შინაარსთან დაკავშირებით, ახლა, საერთოდ, იდეებიც არ აქვთ. ერთადერთი, ეს არის დესტრუქცია, გარედან ეტყვიან დღეს იყვირეთ - იყვირებენ, ეტყვიან არ იყვიროთ - არ იყვირებენ. ასე რომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის გარკვეული პინგ-პონგი ოპოზიციასა და მათ გარე მმართველებს შორის, ისინი რაღაცას იტყვიან და ესენი კომენტარს აკეთებენ, ესენი რამეს იტყვიან, გარეთ აკეთებენ კომენტარს და ეს ყველაფერი ხდება ტელევიზორში.
მთელი ტური ჰქონდათ მოწყობილი ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნებში. კითხვას ვსვამ საჯაროდ, ვისი ფულით იყვნენ იქ წასულები? ჟურნალისტებმა გამოიკვლიონ და მიაკვლევენ, ბილეთი ვინ იყიდა, სასტუმრო ვინ გადაუხადა, იქ ნახავენ ზუსტად, ვისი მარიონეტები არიან“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ცდილობს პროტესტს სათავეში ჩაუდგეს, თუმცა ამდენი ხანია უკვე ამან შედეგი ვერ გამოიღო. ანალიტიკოსი for.ge-თან ამის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციის ნდობა საზოგადოებაში არ არსებობს.
„არ ვიცი აქამდე რას უყურებდნენ და რატომ ეგონათ, რომ პოლიტიკური პროცესის გარეშე საპროტესტო აქციებს რამე მნიშვნელობა აქვს. თუმცა ამდენი ხანი ამ პროტესტმა რომ გაძლო, იმის დამსახურებაა, რომ ისინი აქციების სათავეში არ დგანან, თორემ ვფიქრობ, აქამდე ეს საპროტესტო მუხტიც ვერ გაძლებდა. საქმე ისაა, რომ ჩვენი ოპოზიცია ამ მოცემულობით, იმ ხალხისთვისაც კი მიუღებელია, რომლებიც ხელისუფლების ყველაზე ღია მოწინააღმდეგეები და კრიტიკოსები არიან. ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველში ვერ ახერხებს ნდობის მოპოვებას.
ახლა წარმოიდგინეთ შუაშისტურ ამომრჩეველზე რა გავლენა შესაძლოა მათ მოახდინონ? ის ხალხი, რომლებიც აქციების ავანგარდში იდგნენ, დააკავეს ან ქვეყნიდან წავიდნენ. ან კიდევ იმედი გაუცრუვდათ და გარეთ აქციებზე აღარ გამოდიან. ახლა ჩნდება კითხვა, რა სახის გაერთიანება ან გადაჯგუფება უნდა შეძლოს ოპოზიციამ, რომ ჯერ თავისი ამომრჩეველი გამოიყვანოს გარეთ, მერე კიდევ ეს შუაშისტი ელექტორატი, რომელიც ყველაზე კრიტიკოსია? ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, ვინ და რომელი პოლიტიკური ძალა შეეცდება ამ საპროტესტო მუხტის მართვას“, - ამბობს ძაბირაძე და ეჭვობს, რომ პროტესტანტები ამ გაერთიანებულ ოპოზიციას მიიღებენ, თუ ეს გაერთიანება საერთოდ მოხდება.
„მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხდება და ხვალ ისეთ პოლიტიკურ ელიტას მივიღებთ, რომელსაც ქუჩაში საკუთარი ამომრჩევლის გამოყვანა მაინც შეეძლება. სანამ ოპოზიციონერები იმის გადაწყვეტას დაიწყებენ, ჩაუდგნენ აქციებს სათავეში თუ არა, ალბათ, რაღაც სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ და ეს სამოქმედო გეგმა იქნება განმსაზღვრელი, თუ რამდენად რეალური და სიცოცხლისუნარიანია ასეთი გაერთიანება, რაზედაც საუბრობენ. სხვა შემთხვევაში, ასეთი ერთიანი პლატფორმის შექმნას აზრი არ აქვს.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მიტინგები უფრო ხალხმრავალი და მიზანმიმართული იქნება. ამიტომ სანამ განცხადებებს გააკეთებენ, ჯერ სამუშაოა ჩასატარებელი და როგორც ვხედავ, ამ შავ სამუშაოს მაინცდამაინც არავინ ატარებს. ამიტომ მე არ მაქვს არანაირი სიახლის და რაღაცა სასწაულის მოლოდინის იმედი“, - ამბობს ძაბირაძე.