„აფრიკული ქვეყნებიდან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი

„აფრიკული ქვეყნებიდან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი"

სოზარ სუბარი უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი. თუმცა მათგან გამოარჩევს კენიას და მიიჩნევს, რომ ამ აფრიკული ქვეყნისგან ქართველებს ზოგიერთი რამ აქვთ სასწავლი.

სვანეთმა შეინარჩუნა წინაპართა ტრადიცია, თუმცა სისხლის აღების წესი საზოგადოებაში განსხვავებულ აღქმას იწვევს.

- სისხლის აღება დაუშვებელი და მიუღებელია. თუმცა გარკვეულ საზოგადოებებში ამას გამართლება აქვს. იქ, სადაც არ არის სახელმწიფო, რაღაც წესი ხომ უნდა არსებობდეს? მაშინ როგორ უნდა შეაჩერონ ძალადობა? თუკი ერთი კაცი გამოვიდა, გაპარპაშდა და, როგორც მთაში იტყვიან, გაბუდაყდა, ყველას თავზე მოაჯდა, რაღაცით ხომ უნდა აღუდგნენ ამას? ესაა სწორედ ხალხის სამართალი, რომელიც, მათ შორის, სისხლის აღების წესსაც ითვალისწინებს. ეს წესი მუშაობდა მთაში. ჩვენამდე ძალიან საინტერესო სვანურმა წერილობითმა, დოკუმენტურმა ძეგლებმა მოაღწია, სადაც ირკვევა, თუ როგორ ხდება ამ წესის მიღება. მე–14–15 საუკუნეში გვაქვს ბევრი საბუთი, რომელიც პირდაპირ იწყება ამ სიტყვებით: "მას ჟამსა, ოდეს ავისა ჟამნის შემოსვლის გამო მოგვიწია ახლად ერთობა, მოგვინდა ახლად ერთობაი, შევიყარეთ და დავდევით ფიცი ესე უფიცებელი". ეს ის პერიოდია, როცა კანონი აღარ კანონობს, მეფე არ ჩანს, მისი ძალაუფლება დასუსტებულია, უკვე ვეღარ მართავს იქაურობას. ამიტომ რამდენიმე თემი და ხეობა შეიკრიბა და განაცხადა, ვინც სხვის საქონელს მოიპარავს, ესა და ეს სასჯელი დაუწესდესო. ვინც სხვის მთაზე შერეკავს საქონელს, დაისაჯოს; ვინც ოსეთში გავა თემის უკითხავად და იქიდან დაავადებას შემოიტანს (ჭირი და სხვა), – სასჯელი დაედება. ვინც ეკლესიას გატეხავს – ისევ სასჯელი. რაც მთავარია, ვინც ამ წესებს გადაუხვევს და დაარღვევს, პირისა და პასუხისგამცემი მთელი ერთობლივი ხევი ვართო. ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ ერთ ვინმეს არ დაკისრებოდა პასუხისმგებლობა და რომელიმე მათგანზე არ ეძიათ შური. იმ ეპოქაში ეს მისაღები იყო, დღეს კი მიუღებელია, რადგან დღეს გვაქვს სახელმწიფო კონსტიტუცია, კანონი, რომელიც უნდა კანონობდეს.

მაგრამ ზოგჯერ დღესაც ხალხი თავად ხდება კონსტიტუცია და განაჩენიც თვითონ გამოაქვს.

- თუ სადღაც ჯერ კიდევ ძალაშია ხალხის სამართალი, ეს ძირითადად უკანონობის გამო ხდება და აქ ტრადიცია არაფერ შუაშია. როცა ხალხი სამართალს ვერ ხედავს, მერე ჩნდება შურისძიების ინსტინქტი. შეგიძლიათ, გაიხსენოთ 90–იანი წლების დასაწყისის თბილისი, როცა ერთი საძმოს წევრი მეორეს კლავდა და ა.შ. მხედრიონი ებრძოდა გვარდიას და პირიქით. ეს იმიტომ, რომ არ იყო სახელმწიფო. როგორც კი ძალიან ცუდმა, უსამართლო მინისტრმა, თარგამაძემ, ეს აღკვეთა, მაშინ უკვე ახალი თემა გაჩნდა – ძალადობა პოლიციელთა მხრიდან. თორემ მანამდე ოღონდ პოლიცია გამოჩენილიყო, ამაზე ვინ ისაუბრებდა.

საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანას გამოარჩევდით?

- ბევრგან ვარ ნამყოფი, თუმცა გამოვარჩევ კენიას. იქაურები ქართველებს გვგვანან იმით, რომ 2008 წლის იანვარში იქაც ჩატარდა არჩევნები, იქაც მოჰყვა იმ არჩევნებს მღელვარე გამოსვლა, და არ გვგვანან იმით, რომ იქ რამდენიმე ათასი კაცი მოკვდა ამ მღელვარების შედეგად. არ გვგვანან იმითაც, რომ 2008 წლის იანვარში იქ აკრძალეს ქუჩაში სიგარეტის მოწევა და არც ერთი ადამიანი არ ეწევა. არ გვგვანან კიდევ იმით, თუ საქართველოში ნებისმიერ გარეულ ცხოველს უყურებენ თოფის ლულიდან, თუ როგორ მოკლან ის, კენიელები მიხვდნენ, რომ გაცილებით უკეთესი ბიზნესია, 5 მილიონი ანტილოპა დაქროდეს მათ ქვეყანაში, ტურისტები მიდიოდნენ, სურათებს იღებდნენ და ფულს იხდიდნენ. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ამ აფრიკული ქვეყნიდან. რაც შეეხება ადამიანებს, აღარაფერს ვამბობ, რომ კენიამ ობამა აჩუქა ამერიკელებს.

რამდენად კანონზომიერი იყო აფრო–ამერიკელთა დაწინაურება ევროპელების თუ ამერიკელების მხრიდან, რომლებიც მათ აქამდე თითქმის არც ცნობდნენ?

- იტალიელ ფილოსოფოსსა და მწერალს უმბერტო ეკოს აქვს ერთი ესსე, რომელიც თავის დროზე დავბეჭდეთ გაზეთ "კავკასიონში" როცა ვმუშაობდი. იგი წერს, ევროპის მომავალი არის ნიუ–იორკი. გინდათ თუ არა, ეს მოხდება, ევროპაში იქნება ბევრი აფრიკელი, აზიელი, ეს ხალხი აირევა და ამას ვერავინ გაექცევა. ვისაც ეს მოსწონს, შეუძლია, მშვიდად იყოს და დაელოდოს ამის რეალიზებას. ხოლო, ვისაც არ მოსწონს, უნდა შეეგუოს, რადგან სხვა გზა არ აქვსო. დღევანდელი სამყარო ზოგადად არის ამ გადასვლა–გადმოსვლის ეტაპი. ამას წინათ ვუყურებდი ტელევიზორს და ინგლისში ყოველი ახლადდაბადებული მეათე ბავშვი არის არაევროპელი. გამრავლდა შერეული ოჯახები. ეს არაა ახალი მოვლენა, ჩვენ გვიკვირს, თორემ ვინ მოთვლის თუნდაც რუსეთში რამდენია მონღოლური წილი. ან რაც ევროპელებმა ექსპანსია მოაწყვეს ამერიკაში თუ აფრიკაში, ავსტრალიაში? ან თუნდაც ვიკინგებმა რა როლი შეასრულეს, გნებავთ, რუსეთის, ინგლისის ფორმირებაში? ეს მუდმივი მოძრაობაა, ჩრდილოეთ აფრიკა სრულიად სხვა იყო არაბებამდე. სრულიად სხვა არის არაბების შემდეგ, ლათინო–ამერიკელები კი არც ესპანელები არიან, არც – ინდიელები, არამედ რაღაც სულ სხვა მოდგმაა. ასევეა, კუბელები, ისინი არც ლათინო–ამერიკელები არიან, მათში კიდევ განსხვავებებია.

თქვენთვის მისაღებია ერების აღრევა?

- ეს გარდუვალი პროცესია. ამიტომ, როცა რამე გარდუვალია, ჩვენ უნდა ვეძებოთ გზა, როგორ შევინარჩუნოთ ის, რაც ჩვენია და ძვირფასია. სკოლის მოსწავლეებთან ვსაუბრობდი გლობალიზაციაზე, სადაც ვთქვი, რომ გლობალიზაციას აქვს პლუსებიცა და მინუსებიც. აქ არსებობს იდენტობის დაკარგვის საშიშროება, მაგრამ არის წარმატების მიღწევის შანსიც. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ პირობებში. მაგალითად, ვიღაცამ გამოიგონა პამპერსი. დღეს წარმოუდგენელია, ბავშვი გაიზარდოს ამის გარეშე. თან მეცოდება ჩემი თავი, როცა წარმოვიდგენ, როგორ ვიყავი აკვანში გაკვეხებული და მოძრაობის შანსი არ მქონდა. თუმცა, რომ დაფიქრდები, აღმოაჩენ, რომ აკვანიც გლობალიზაციის პირმშოა. სადღაც შორეული აღმოსავლეთიდან წამოვიდნენ მონღოლები და მოიტანეს აკვანი, რომელიც ჩვენში დამკვიდრდა და ეროვნულ სიმბოლოდ იქცა. როცა გავდივარ სტამბულის აეროპორტში, ლამის ყოველი მეორე სიტყვა მესმის - ჩანთა, ქამარი, თარჯიმანიც არ გჭირდება, ხვდები რას გთხოვენ.

 

 

 

.