ზელენსკის შემცვლელი

ზელენსკის შემცვლელი

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირვანდელი აგრესია განელდა. ტრამპს გული მოულბო უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაგზავნილმა წერილმა, სადაც ზელენსკი იტყობინება, რომ უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება ჩქარა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ მშვიდობის დასამყარებლად.

ამ წერილის შემდეგ ტრამპს აღარ გახსენებია თავისი ადრინდელი ნათქვამი, რომ ზელენსკი დიქტატორი და მშვიდობის მოწინააღმდეგეა. თუმცა გამორიცხული არ არის, აშშ-ის ლიდერი ზელენსკის გადადგომაზე ისევ ფიქრობდეს.

ზელენსკი საკუთარ თანამდებობას მხოლოდ ერთ რამეზე ცვლის-თუკი უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. ანუ მისი თანამდებობა ნატოში გაცვლადია.

მე უკვე ვთქვი, რომ თანამდებობას ნატოში გაწევრიანებაში ვცვლი. ნატოში გაწევრიანება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩემი მისია შევასრულე, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ამ ნათქვამიდან გამომდინარე, აშკარაა, ზელენსკის თანამდებობა არ ეთმობა. მან კარგად იცის, ნატოში გაწევრიანების იდეა ამჟამად უტოპიურია, მით უმეტეს, ტრამპის განცხადების ფონზე, რომ ნატოში უკრაინის ადგილი არ არის.

უკრაინის ლიდერი კვლავაც ელოდება ოვალური კაბინეტის კარების გაღებას და მის მიწვევას შტატებში, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ სენატორები.

სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, ზელენსკი ან უნდა გადადგეს და სხვა ვინმე გამოგზავნოს, ვისთანაც აშშ საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს, ან უნდა შეიცვალოს, რადგან რაც ოვალურ კაბინეტში ვნახეთ, აშშ-ის უპატივცემულობა და სრული კატასტროფა იყო.

არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ზელენსკისთან საქმის კეთებას, - აცხადებს ლინდსი გრემი და იხსენებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრამდე წინა ღამეს ტრამპი ძალიან კარგ გუნებაზე იყო და წარმატებული მოლაპარაკების იმედი ჰქონდა.

სენატორ ლინდსი გრემის კრიტიკა ზელენსკის უპასუხოდ არ დაუტოვებია. მან აღნიშნა, რომ ლინდსი გრემი ძალიან კარგი კაცია, ამდენად, მას შეუძლია ლინდსი გრემს უკრაინის მოქალაქეობა მისცეს და მხოლოდ მაშინ მოუსმინოს, როცა ის უკრაინის მოქალაქე გახდება და მის ხმას წონა ექნება, რადგან უკრაინის პრეზიდენტი არა ლინდსის სახლში, არამედ უკრაინაში უნდა აირჩიონ.

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპს არ სურს უკრაინის პრეზიდენტის გადადგომა, რადგან ის არ ერევა უკრაინის პოლიტიკაში. თუმცა რამდენად გულწრფელია ლუტნიკი და რამდენად სურს დონალდ ტრამპს ზელენსკის შენარჩუნება პრეზიდენტის პოსტზე, ეს სათუოა ყველა იმ წინამორბედი განცხადებიდან გამომდინარე, რაც ტრამპმა ზელენსკის მიმართ გააკეთა, როცა მას არალეგიტიმური დიქტატორი უწოდა.

უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო თვლის, რომ ზელენსკიმ აშშ-ს ბოდიში უნდა მოუხადოს, ვინაიდან რა უფრო მნიშვნელოვანია, ზელენსკის სიამაყე, თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე?

თავის მხრივ, ზელენსკი ბოდიშის მოხდაზე ყოყმანობს, მაგრამ ამბობს, რომ თავუს გუნდთან ერთად მზად არის ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ იმუშაოს.

ვინ სჭირდებათ ამერიკელებს მოსალაპარაკებლად-ზელენსკი, თუ მისი შემცვლელი?

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ტრამპს სჭირდება ზელენსკი, ანუ ზელენსკი უნდა ჩავიდეს ამერიკაში, ბოდიშები იხადოს და თავზე ნაცარი დაიყაროს. ამას თუ გააკეთებს, ტრამპი ბედნიერი იქნება. ტრამპის ტიპაჟიდან გამომდინარე, მას სურს, ბოდიში ზელენსკიმ მოიხადოს. რა თქმა უნდა, უკრაინაშიც ფიქრობენ ბოდიშის მოხდაზე.

უკრაინის ახალ პრეზიდენტს ამერიკელები უცებ ვერ გამოჩეკავენ. უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკრაინაში არაა. რა თქმა უნდა, ევროპაშიც შეიძლება ჩატარდეს არჩევნები უკრაინის ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი მალე არ იქნება. თუკი ზელენსკი საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს, არაა გამორიცხული, მოიხადოს ბოდიში. ჩვენ გვაქვს მაგალითები, ჩვენი დიდი მეფეები როგორ მიდიოდნენ შაჰის კარზე და თავს იმცირებდნენ, რათა თავიანთი ხალხი გადაერჩინათ. ეს ღირსების საკითხია, როცა შენი ხალხის სახელით ბოდიშს იხდი. თორემ ზელენსკის არაფერი უჭირს, გადადგეს, სადმე წავიდეს და იცხოვროს, კაციშვილს არ ეცოდინება, სად ცხოვრობს. თუ ის თავის სახელმწიფოზე ფიქრობს, და ეჭვი არ მეპარება, რომ ფიქრობს, მან უნდა აიღოს ტვირთი და თავი დაიმციროს. როგორც სახარებაში წერია ქრისტეს შესახებ, ჯობია, ერთი კაცი შეეწიროს ხალხს, ვიდრე ხალხი შეეწიროს ერთ კაცს, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბარში.

ამასთან, განმარტავს, რომ ერთადერთი დადებითი, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, ის იყო, რომ ტრამპმა კარები არ ჩაკეტა, ღია დატოვა და თქვა, როცა ზელენსკი მზად იქნება, მოვიდეს.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ოვალურ კაბინეტში მძიმე შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ უფრო სინანულის ინტონაციის მქონე ინტერვიუები მისცა. ზელენსკი ამბობს, ალბათ, გაგრძელდება ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობაო, მაგრამ იუთუბის მეშვეობით ინფორმაციამ გაჟონა, რომ ზელენსკის გუნდი მაშინვე უკავშირდებოდა ტრამპს მოლაპარაკების გასაგრძელებლად და ტრამპი უარზე იყო, როცა მშვიდობაზე იფიქრებს ზელენსკი, მერე გავაგრძელოთ საუბარი, მანამდე არაო.

ასე რომ, ახლა უკვე იმ ეტაპამდე მივიდა აშშ-უკრაინის ურთიერთობა, რომ მადლობა უნდა უთხრან ტრამპს, თუ ის დასთანხმდება უკრაინის ლიდერს ურთიერთობაზე. ტრამპმა მიიღო მისთვის სასურველი მდგომარეობა, მას შეუძლია ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ უარი თქვას უკრაინასთან ურთიერთობაზე. რაც მთავარია, დაიწყოს გამოძიება, უკრაინაში ჩადებული თანხები სად წავიდა. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ნაბიჯი უკრაინელებისთვისაც და ბევრი პოლიტიკოსისთვის დასავლეთში, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ეჭვობს, ზელენსკის შემცვლელს განიხილავდნენ შტატებში. მთავარია ის, რომ უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რაც ამ ქვეყნისთვის სულაც არ არის უჩვეულო. ისტორიულად ბევრჯერ ყოფილა ასე, უკრაინაში გეტმანშჩინა, ატამანშჩინა რომ იყო, ეს იყო ბეზპრედელი, საერთო ენას ვერ პოულობდნენ და ყველა, ვისაც რაიმე რესურსი ჰქონდა, ცდილობდა, ატამანი და უფროსი გამხდარიყო. ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ამას თვითონ უკრაინელები ეძახიან რუინი. იქ ყველა ყველას ეომებოდა, ეს იყო ომი ყველას წინააღმდეგ, ეს ელოდება უკრაინას. ასეთ ვითარებაში არავინ ჩანს ისეთი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, რომელიც იტყვის, შუაზე ხომ არ გავგლეჯთ უკრაინას. მათ სურდათ ომი ბოლომდე და ომი ბოლომდე სწორედ ეს არის.

უკრაინას ჰაერივით სჭირდება მშვიდობა, რის დამყარებასაც ტრამპი ცდილობს. ტრამპი გააგრძელებს ურთიერთობას პუტინთან და სამი დიდი მსოფლიო ძალა, სამი დიდი იმპერია-შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი შეეცდებიან სიტუაციის დალაგებას. ამერიკა, როგორც ყველაზე უფრო მძლავრი სახელმწიფო, ჩინეთი, როგორც თავისი მასით უზარმაზარი სახელმწიფო და რუსეთი, რომელმაც ომით დაამტკიცა, რომ სამხედრო თვალსაზრისით უძლეველია. დანარჩენ სახელმწიფოებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვთ, არც ევროპას, არც ზელენსკის, არც არავის, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება შეთავაზებას, რომ სხვა ჩავიდეს ამერიკაში ზელენსკის ნაცვლად, ანალიტიკოსის აზრით, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები უკრაინელებს მოუწოდებენ თვითგამორკვევისკენ. სანამ უკრაინელები ამ ჭკუაზე დარჩებიან, რომ ზელენსკი იქნება მათი უფროსი, არც არავინ ჩავა უკრაინაში ამერიკიდან. ბრიტანეთის პრემიერ სტარმერს ჰქონდა მცდელობა, დაებრუნებინა მოლაპარაკების მაგიდასთან ტრამპი, დაურეკა და სთხოვა, იქნებ, კიდევ ჩამოვიდეს ზელენსკიო, მაგრამ ტრამპმა კატეგორიული უარი განაცხადა და ისევ გაიმეორა, ჯერ მზად უნდა იყოს ზელენსკი ამერიკაში ჩამოსასვლელადო. თვითგამორკვევა თუ არ შედგა უკრაინაში, მანამდე გაგრძელდება ატამანშჩინა და უბედურება.