„ზელენსკის სხვა გზა არა აქვს, ის იძულებული გახდება აშშ-თან ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს და უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაც დაივიწყოს“

„ზელენსკის სხვა გზა არა აქვს, ის იძულებული გახდება აშშ-თან ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს და უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაც დაივიწყოს“

ოვალურ კაბინეტში დაწყებული დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ აშშ-მ უკრაინას ყველა დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს ადმინისტრაციამ ოფიციალურად უკვე დაადასტურა. 

თეთრი სახლის შეხვედრიდან ძალიან მალე, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას - „რუსეთთან ომის დასრულება ძალიან, ძალიან შორსაა“, - დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა არ სურს“.

სადამდე შეიძლება ეს დაპირისპირება მივიდეს და ვის იმედად აპირებს უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელებას? - ამ და სხვა კითხვებს for.ge-თან ინტერვიუში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე პასუხობს.

ოვალურ კაბინეტში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ტრამპმა და აშშ-ს ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ყველა დახმარება შეუჩერონ. როგორ წარმოგიდგენიათ ამის შემდეგ მოვლენების განვითარება და რატომ მიიღო ამერიკამ ეს გადაწყვეტილება? რის მიღწევას ცდილობს დონალდ ტრამპი? შეგახსენებთ, ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ზელენსკიმ ბოდიში საჯაროდ მოუხადოს...

- თეთრ სახლში რაც მოხდა, ეს თეატრალური ელემენტების მატარებელი იყო, - მე, ყოველ შემთხვევაში, ასე აღვიქვი, რომ ორივე მხარე საკუთარი ამომრჩევლისთვის და ხალხისთვის თამაშობდა. ახლა ზელენსკის პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოც კი იყო, რომ იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ამერიკასთან დებდა, უსაფრთხოების გარანტიები შეეტანა. ძალიან კარგად იცის ზელენსკიმ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება და ის პრობლემები, რომელიც ასეთი გარანტიების არქონის შემთხვევაში დადგება.

1994 წლის მოვლენები (1994 წლის იანვარში, უკრაინის, შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში ბირთვული განიარაღების მიღწევის გზების შესახებ. მას შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. იმ დროს უკრაინას ჰქონდა სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი.) ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რადგან როცა ტრამპი აღარ იქნება პრეზიდენტი, ამ გარანტიებს ვისგან მიიღებენ, კაცმა არ იცის. ზელენსკიმ კარგად დაინახა, რომ ამერიკა ამ გარანტიების ჩაწერას არ აპირებდა, მას სჭირდებოდა იმის ჩვენება, რომ ამისთვის იბრძოლა. ზელენსკიმ ხელშეკრულებიდან 500 მილიარდი ამოაღებინა და ისეთი პირობები ჩააწერინა, რომელიც მას სურდა. თუმცა უსაფრთხოების გარანტიები მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამიტომ მან ეს სცენა გაითამაშა. ზელენსკიმ დადგა სპექტაკლი და ეს მას კარგად გამოსდის, რადგან მსახიობია. ამით აჩვენა, რომ უსაფრთხოების გარანტიებისთვის იბრძოლა.

თუმცა ბევრს გაუჩნდა აღქმა, რომ ეს ტრამპს და ჯეიდი ვენსსაც აწყობდათ. ანუ ისინიც საკუთარი ამომრჩევლისთვის თამაშობდნენ და მათაც აჩვენეს ამერიკელებს, შესაძლოა რუსებსაც, რომ თავის მოთხოვნებში პრინციპულები არიან. ეს ორმხრივი თამაში ხომ არ იყო?

- რა თქმა უნდა, ორივე ამას ცდილობდა და ამ დაპირისპირებას პინგ-პონგის ფორმა ჰქონდა. ტრამპს და ჯეიდი ვენსსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებთ და ამას ორმხრივი მიზნები ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ სურათი, როდესაც, მინიმუმ, ხაზი გაესვა იმას, რომ თანამედროვე დიპლომატიაში დიპლომატიური ეტიკეტი საერთოდ აღარ არსებობს და დასამარდა. მე მაინც მგონია, რომ პროცესი გაგრძელდება. მხარეები გამოუვალ მდგომარეობაში არიან. იმისთვის, რომ ტრამპმა საკუთარი გეგმები განახორციელოს, ძალიან სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად უკრაინის ომი დასრულდეს. მისი გენერალური მთავარი სტრატეგიული ამოცანა ჩინეთია. გზადაგზა აქვს სხვა სტრატეგიული გადაწყვეტის საკითხები, იქნება ეს გრენლანდიის, ტარიფები, ომის მოგება უნდა და ბევრი სხვა საკითხია კიდევ, ასევე - რუსეთის გადმობირება.

თუმცა დღეს ბევრს მიაჩნია, რომ რუსეთმა გადაიბირა ტრამპი, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობის თემაა. ტრამპის უკან ძალიან სერიოზული ძალები დგანან და მას ამერიკის შიგნითვე ძალიან სერიოზული ბრძოლა უწევს. ტრამპი ცდილობს, რომ ბალანსი დაიცვას და ამიტომ დგამს ამ ნაბიჯებს. საბოლო ჯამში უკრაინასა და ამერიკას შორის ეს ურთიერთობა მაინც გაგრძელდება. არც ერთ მხარეს ერთმანეთის გარდა სხვა გზა არა აქვთ.

როგორ წარმოგიდგენიათ ამ დაპირისპირების შემდეგ, ზელენსკის თვიდან მოშორების საკითხი კიდევ უფრო მეტ აქტუალობას ხომ არ შეიძენს? არჩევნების ჩატარებას უკრაინაც და რუსეთიც ითხოვს. შესაძლოა ზელენსკის ახლა იმაზე მეტის დათმობა მოუწიოს, ვიდრე ამ კონფლიქტამდე უწევდა?

- რა თქმა უნდა, ზელენსკის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. თუმცა რუსებიც ტრამპს ბოლომდე არ ენდობიან. ბევრმა რუსმა პროპაგანდისტმა თქვა, რომ არ არის ბოლომდე სანდო ტრამპი და ეს დაპირისპირება რუსებმა ბოლომდე არ უნდა ჭამონ. კრემლში მაინც მიიჩნევენ, რომ მათთვის სასიკეთო პროცესი არ მიდის. მეც მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, ზელენსკი ამ დოკუმენტზე ხელს მოაწერს და უსაფრთხოების გარანტიების ამ ფორმით მოთხოვნაც აღარ იქნება. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რუსებს მოლაპარაკება უნდათ, მათი მდგომარეობა ეკონომიკური თვალსაზრისით, სანქციების ფონზე არ არის მარტივი. რამდენიმე წამყვანი დარგი, როგორიც, მაგალითად, ქვანახშირის მოპოვებაა, საერთოდ გაჩერდა. რა სურათსაც ვხედავთ, ამ ყველაფერს სიღრმისეულად უნდა შევხედოთ, მარტივი სიტუაცია არ არის.

ევროპის ჩართულობაზე და როლზე მინდა გკითხოთ. ამ მძიმე სიტუაციაში ევროპა გამოფხიზლებას ცდილობს. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი აქტიურობს. თუმცა ჯეიდი ვენსმა განაცხადა, რომ ქვეყანას, რომელსაც არ ჰყავს ძლიერი არმია, არ უომია ათწლეულებია, საერთოდ, მენეჯმენტის თვალსაზრისით, არანაირი გამოცდილება ომის წარმოების არა აქვს, რა დახმარებაზე შესაძლოა საუბარი იყოს? როგორ ფიქრობთ, რა სახის დახმარება შეუძლია ახლა ევროპას უკრაინისთვის?

- ევროპა გამოფხიზლდება, რადგან სხვა გზა არა აქვს. ფონ დერ ლაიენის გეგმა უკრაინის გადაიარაღებაზე, ნამდვილად გამოფხიზლების შედეგია. თუმცა ევროპის უსაფრთხოების სისტემები მართლაც სერიოზულ საფრთხეშია. ბრიტანეთის არმია სუსტია, თუმცა დაზვერვა კარგად მუშაობს. კი ბატონო, ევროპას აქვს რესურსი იმის, რომ უკრაინას დაეხმაროს, მაგრამ აქ ერთი პრობლემა ის პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებიც ევროპის წამყვანი ქვეყნის სათავეში არიან, ამის იმედს დიდად ვერ იძლევიან. მათ არა აქვთ ამის შესაძლებლობა, პოლიტიკური რესურსი და ავტორიტეტი არა აქვთ. აქ განსაკუთრებით ევროკავშირის ხელმძღვანელობას ვგულისხმობ. ეს გუნდი ევროპაში, აბსოლუტურად სხვა იდეოლოგიას ემსახურებოდა. კორუფციის დონე ევროპულ სტრუქტურებში იმდენად მაღალია, რომ მათივე მოსახლეობის მიერ ეს ხალხი დისკრედიტირებულია. ესენი ამ სიტუაციის გამქაჩველები არ არიან. ამიტომ მგონია, რომ ნელ-ნელა, დღის წესრიგში მათი შეცვლის საკითხიც დადგება. ევროპას კოლექტიური საფრთხე ემუქრება და ამის ნათელი მაგალითი ოვალურ სახლში განვითარებული მოვლენები იყო. ბრიტანეთში 7 თუ 8 ქალაქის მერი წარმოშობით ადგილობრივი არ არის. აღარ ვლაპარაკობ ევროპაში საზოგადოებრივ ფასეულობების ცვლილებაზე. საფრანგეთი საერთოდ კატასტროფულ მდგომარეობაშია. სამხრეთ საფრანგეთის მთელი რიგი რეგიონები უკვე, პრაქტიკულად, ცალკე სახელმწიფოებია.

საქართველოს ადგილი ამ გეოპოლიტიკურ გადაადგილებასა და ცვლილებებში სად არის? მმართველი გუნდი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ, რასაც მხარს ჩვენი ოპოზიციაც უჭერდა და მთელი 3 წელი სწორედ ამ რიტორიკაში იცხოვრა ქვეყანამ. რა პოზიცია უნდა დაიკავოს ახლა ხელისუფლებამ?

- ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერის სიბრიყვე საქართველოს ომში ჩართვის უარყოფასთან დაკავშირებით ყველა ზღვარს ცდება. იმის მტკიცება, თითქოს საქართველოს ომში ჩართვა არავის უნდოდა, სისულელეა. მე თავად ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ომის თემა იყო წამოჭრილი უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. არაერთხელ მომიყოლია, რომ ეს იყო 2022 წლის მარტი და ძალიან კარგად მახსოვს რას ითხოვდნენ ჩვენგან. მართალია ისინი არ იყვნენ პოლიტიკოსები, მაგრამ ეს ხალხი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მრჩევლები. მეორეც - დანილოვის და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების გამონათქვამები არავის დავიწყებია. მათთვის ეს მოთხოვნა ყველაზე ლოგიკური იყო. ჩვენთვის კი ძალიან ცუდი და მძიმე საკითხია. ამაზე ოპოზიციის მხრიდან კამათი უკვე მართლა აბსურდია.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკასთან ურთიერთობის გადახალისება და პოლიტიკის გადატვირთვა. ხიდები არც ევროპასთან უნდა დავწვათ. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დასავლური ვექტორი, მაგრამ არც აღმოსავლური ვექტორია ხელწამოსაკრავი. მით უმეტეს დასავლური ვექტორი უსაფრთხოების გარანტიებს 100%-ით არ გვაძლევს, ამას ხომ უკრაინის ომიც მშვენივრად აჩვენებს. ამიტომ უსაფრთხოების სხვა სისტემებზე უნდა ვიფიქროთ - რეგიონული იქნება, პარტნიორული ურთიერთობების ახალი შექმნა თუ სხვა. ის, რომ საქართველოს დელეგაცია ინდოეთში იმყოფებოდა და ეკონომიკური ახალი სისტემის შექმნა სურს, ამაში ცუდი რა არის, ასეთი ტიპის ურთიერთობები მნიშვნელოვანია. აქ რომ ისტერიკას ტეხენ, იქ რატომ წავიდა ხელისუფლება და აქ რატომ წავიდა, არასწორია, რადგან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ მიუხედავად მცირე ზომისა, ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ვართ. ამ გეოპოლიტიკურ ჯახში ჩვენი მნიშვნელობა უნდა გავზარდოთ.

Gami საქართველო ისევ მარადიული დილემის წინაშე დგას -- დასავლეთი თუ აღმოსავლეთი? ასე ვიქნებით მუდამ შუაში, ცოტა იქით, ცოტა აქეთ. სხვანაირად არ გამოდის. /// პირველ კითხვაზე პასუხიდან გამომდინარე, მ. არ.-ს დიდი წარმოდგენა ჰქონია ზელენსკიზე.
1 თვის უკან
mamuka ზალიან მარტივადაა საქმე,როგორც აქამდე იყო ზელენსკის ისტორია გაგრძელდება ან ემიგრაციაში ან ციხეში,
1 თვის უკან
Vlad ყველამ ვიცოდით მინერალებზე შეთანხმება მზადიყო.ზელენსკიმ ითხოვა ამერიკაში ვიზიტი.რატომ? ევროპა მიხვდა თამაშგარე რჩებოდა და სვლები გააკეთა.რაც ამ კლოუნმა დადგა თეთრ სახლში კი ვნახეთ მაგრამ ტრამპმა ეგრევე მოსვა ტრაკით ზელენსკიც და ევროპას...ეხლა გადავლენ გეგმა ბ ზე აბა მაგათ თავმოყვარეობა სადააქვთ...მთავარი უბედურება მაინც ესაა ევროპას ომის დამთავრება არ უნდა...
1 თვის უკან