„დიფ სთეითი“ ყველანაირად შეეცდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე თუ კონკრეტულად იმ დღეს, ამ დეპრესიული ოპოზიციის ხელით, ქვეყანაში გარკვეული არეულობა მოაწყოს, ოღონდ, არა - რევოლუცია, რადგან ეს კი დიდი ოცნებაა მათთვის, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მიზანს ვერასდროს მიაღწევენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაესწრება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი, საინტერესოა იმ ფონზე, რომ წინა არჩევნებთან დაკავშირებულ მათ დასკვნას ევროკავშირმა შეურაცხყოფა მიაყენა.
„დაველოდოთ ეუთო/ოდირის პასუხს, ჩამოვა თუ არა საქართველოში. მათ საქართველოში არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობა უკვე მიღებული აქვთ და ვნახოთ, უღირთ თუ არა კიდევ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, იმ ფონზე, რომ მათი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით ევროკომისიამ, ევროკავშირმა თუ ევროსაბჭომ არაფრად ჩააგდო. ამით კი დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამ ორგანიზაციას, რომლის სიტყვაც ევროპის მასშტაბით გადამწყვეტი იყო.
როცა და თუ მიიღებს მონაწილეობას ეუთო/ოდირი საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნებში, ბუნებრივია, რომ მათი დასკვნა წინასწარვე გასაგები და ნათელია, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირვებია და არ გაუყალბებია შარშანდელი არჩევნები მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაძაბულობა კულმინაციაში იყო და მით უმეტეს, წლევანდელ, თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო გუნდს კონკურენტი არ ჰყავს. რა უნდა მოხდეს ამ არჩევნებში, რომ ეუთო/ოდირმა ის დააფიქსიროს. თუ მაინც იქნება რაიმე დარღვევა, ისევ ამ ოპოზიციის ხელით მოხდება ეს“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.