ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების შეხვედის პარალელურად, სადაც ლიდერები სამიტზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხებს, მათ შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზებს განიხილავდნენ, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეთანხმება ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველის, გიუნტერ იგლმენის, რომ დროა ამერიკამ დატოვოს ნატო და გაერო.
არ არის გამორიცხული, რომ თავად შეერთებული შტატები გახდეს ნატოს დაშლის ინიციატორი, მით უფრო, რომ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპა, აშშ-თან შედარებით, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას, თუმცა ნაკლებს ხარჯავს. შესაბამისად, მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რომ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთი პროცენტი უნდა დახარჯონ. მისი თქმით, „თუ რომელიმე ქვეყანა თავდაცვაზე მშპ-ის ორ პროცენტს არ დახარჯავს, თავდასხმის შემთხვევაში, აშშ უარს იტყვის ამ ქვეყნის დაცვაზე.
ალიანსის წინაშე არსებულ გამოწვევებს ხედავას ნატოს გენერალური მდივანი და ისიც იცის, რომ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება შეასრულებს თავის სიტყვას და დატოვებს ნატოს. მარკ რუტესთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის გამო ნატოს ერთიანობას საფთხე არ შეექმნას. შესაბამისად, დაინტერესებულია, რომ ოვალური კაბინეტიდან გაგდებულმა უკრაინის პრეზიდენტმა აღდგინოს ურთიერთობები ამერიკელებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის პრეზიდენტთან.
„ვფიქრობ, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო. ამ თემაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი ზელენსკისთან და ვუთხარი: „ძალიან მნიშვნელოვანია, გაარკვიო, როგორ აღადგენ ურთიერთობებს ამერიკელებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის პრეზიდენტთან. ჩვენ ხომ ერთად უნდა წავიწიოთ წინ, არა?“ უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროპის თანამშრომლობა უდავოდ გადამწყვეტია.
ზელენსკის ვურჩიე: „გაიხსენე, რა გააკეთა ტრამპმა წარსულში“. მაგალითად, 2019 წელს მან უკრაინას ჯაველინის ტიპის იარაღი მიაწოდა. 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთთან დაპირისპირება დაიწყო, უკრაინას ამერიკის გარეშე არანაირი შანსი არ ექნებოდა, რადგან ევროპამ იმ მომენტში არაფერი შესთავაზა. ყველაფერი, რაც მაშინ მიიღეს, ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკიდან იყო.
ამიტომ ზელენსკიმ უნდა აღიაროს ტრამპის დამსახურება. ეს მნიშვნელოვანია. მათ ერთად უნდა იპოვონ გამოსავალი. ცოტა ხნის წინ, დიდხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონით. ასევე ხშირად მაქვს კონტაქტი აშშ-ის მთავრობასთან ნატოს საკითხზე. ისინი სრულ ერთგულებას ავლენენ - განსაკუთრებით მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ერთზე თავდასხმა ყველასთვის თავდასხმაა. თუმცა, მათაც აქვთ ამ ყველაფერზე საკუთარი აზრი, რომელიც ასე გამოიყურება: „ევროპელებო, თქვენ იმაზე ნაკლებს იხდით, ვიდრე საჭიროა. გაზარდეთ თქვენი წვლილი, რადგან საფრთხეები იზრდება. ვთვლით, რომ ევროპამ მეტი უნდა გაიღოს“.
ტრამპი ცდილობს, უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს. მან გადადგა ნაბიჯი რუსეთთან დაახლოებისკენ, რაც, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა - ეს ხომ, ადრე თუ გვიან, უნდა მომხდარიყო. ახლა მთავარია, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროცესი წარმატებული იყოს“, - აცხადებს მარკ რუტე.
მსოფლიო ახალი გადანაწილების პროცესი იწყება. ამ დროს კი ზელენსკი მისთვის ჩვეული სტილით აგრძელებს ვაჭრობას, მაგრამ ამ შემთხვევაში უშედეგოდ. მისი თეთრ სახლში დაუგეგმავი ვიზიტი ადასტურებს, რომ დასავლეთში არის ომის პარტია, კერძოდ, „დიფ-სთეითი“, რომელსაც არ სურს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების მიზნით, ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ ამ კონფლიქტში უკრაინამ მიაღწიოს გამარჯვებას. „დიფ-სთეითის“ გეგმა, რომელსაც ზელენსკი ახმოვანებს, ითვალისწინებს ხანგრძლივ ომს, სადაც უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის ფუნქცია არც კი განიხილება.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. მისი თქმით, როდესაც „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე ვიგრძნობთ.
„თქვენ ხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ქვეყანას. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალურ ომის პარტიაზე“, არავის სჯეროდა. ვიღაცები გამოდიოდნენ რაღაცებს ხუმრობდნენ ამასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გაენეიტრალებინათ ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ძალიან მალე კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს. არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში და გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამერიკის 47-ე პრეზიდენტს მნიშვნელოვანი მისია აკისრია, თუმცა მისი თქმით, უნდა გავითვალისწინოთ როდესაც ვასუბრობთ „დიფ-სთეითზე“ რამდენად გავლენიანი და აგრესიული ძალაა.
„თუკი ომიდან შემოსავალი მიდის ლიბერალებთან, ანუ ამერიკის დემოკრატიულ პარტიასთან ე.ი. ეს ომი ისეთივე დონორია დემოკრატიული პარტიის, როგორც „იუესაიდი“ და საერთოდ, ენჯეო სექტორი. შეზღუდვა დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ ტრიალებს შავი ფული და აქედან დიდი ფული რჩება ისევ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს და აქ იგულისხმება დემოკრატები და ამ დემოკრატებთან ბრძოლის მოტივი არის სერიოზული მოტივი. თუ დემოკრატებს არ აჯობა ტრამპმა, მერე დემოკრატები აჯობენენ ტრამპს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით კუხალაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ - აშშ, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ეს არის სახელმწიფოები, რომლებიც ყოველთვის თამაშობენ ისეთ თამაშს, რომ ეს თამაში მათთვის უნდა დარჩეს წაუგებელი. მისი თქმით, სამივე სახელმწიფოს ყავს უძლიერესი სადაზვერვო სამსახურები და თავიანთი აქტივობებით არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ არის ძალიან აქტიური სადაზვევრო კოორდინაცია. შესაბამისად, კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რაც ისედაც მიმდინარეობდა.
„თუ გადავხედავთ რუსეთ-უკრაინის ომს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რეალურად ევროპული სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში და სახეზე გვაქვს ევროპის სამხედრო უსაფრთხოების სეგმენტის დასუსტება. ამიტომ, ის გააფრთებული ბრძოლები, რომელიც დღეს სახეზეა, ის ეტაპია, როდესაც ევროპა ძალიან ნაკლებად ფიქრობს უკრაინაზე და ჩვენზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, მათ აღელვებთ თავიანთი ბედი. ალბათობის მაღალი ხარისხით, ამ სამი სახელმწიფოს, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, სამიზნეს სწორედ ევროპა წარმოადგენს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც აშშ-ის სტორიაში არ მახსენდება, არის კომბინირებული გეგმის ნაწილი, რომელიც, რა თქმა უნდა, გათვლილია აშშ-ის, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
ჩვენ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ყოფილმა ხელისუფლებამ აშშ, პრაქტიკულად, მიიყვანა ეკონომიკურ კოლაფსამდე. ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით ამერიკა, პრაქტიკულად, მნიშვნელოვანი დაზიანების არეალში იმყოფება. შესაბამისად, ის ნაბიჯები, რომელიც შეიძლება საზოგადოებას არაადეკვატურად მოეჩვენოს, საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯებია, რომლითაც ახალი ხელისუფლება ცდილობს, რომ გარკვეულწილად, სტაბილურობის ელემენტები შესძინოს მის სახელმწიფოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იციან, რომ ისინი ვერასოდეს ვერ შექმნიან სტაბილურ ოპერატიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ვითარებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.