„უკრაინელებისთვის ფრონტზე გამარჯვების სიმბოლოა ზალუჟნი, რომელიც ზელენსკიმ პოპულარობის გამო მოხსნა... შემთხვევითი არაა, რომ ზალუჟნი დაბრუნდა უკრაინაში“

„უკრაინელებისთვის ფრონტზე გამარჯვების სიმბოლოა ზალუჟნი, რომელიც ზელენსკიმ პოპულარობის გამო მოხსნა... შემთხვევითი არაა, რომ ზალუჟნი დაბრუნდა უკრაინაში“

თეთრი სახლიდან ზელენსკი უცერემონიოდ დაითხოვეს. სამშვიდობო მოლაპარაკების პირველმა რაუნდმა ოვალურ კაბინეტში მშვიდობიანად ნამდვილად არ ჩაიარა. ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან შეკამათების შემდეგ ზელენსკის დაუწუნეს საომარი რიტორიკა, ამერიკის მიმართ უპატივცემულობა, ბანქოს თამაშში ჩართვა საკუთარი ხალხის სიცოცხლის ფასად და მესამე მსოფლიო ომთან შეთამაშება. ანალიტიკოსები განიხილავენ, ვისი ფიასკო ვიხილეთ ოვალურ კაბინეტში-ზელენსკის, თუ ტრამპის?! მათი ნაწილი თვლის, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული შოუ თეთრ სახლში, რათა დაემცირებინათ ზელენსკი და ამ შეხვედრამ წარმოაჩინა აშშ-ის უღირსი პრეზიდენტის სახე, რომელიც გმირ ზელენსკის დაუპირისპირდა, თუმცა არის მეორე მოსაზრებაც, რომ ასეთი მიღება დაიმსახურა ზელენსკიმ ომის რიტორიკის, უკრაინის დასახმარებლად მობილიზებული თანხების მითვისებისა და კორუფციის გამო, რასაც უდანაშაულო უკრაინელები ეწირებიან.

რა პერსპექტივა აქვს სამშვიდობო მოლაპარაკებას და მიესვლება თუ არა ზელენსკის ტრამპთან? ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

სამშვიდობო მოლაპარაკებამ ზელენსკის დატუქსვით ჩაიარა. როგორ ფიქრობთ, ეს იყო ზელენსკის მიერ მოწყობილი შოუ თეთრ სახლში, თუ ტრამპის უხერხული ერთგულება პუტინის მიმართ, როგორც ამას ცალკეული ადამიანები წარმოაჩენენ? ფაქტია, ამ შეხვედრის სკანდალურმა კადრებმა ზელენსკის მიმართ მსოფლიო საზოგადოება ორად გაიყო, ზელენსკიმ თანაგრძნობა და გაკიცხვა თანაბრად დაიმსახურა. შესაძლოა, ასეთი ფინალი გასაკვირი არც იყოს, როცა სხვა ადამიანების ფინანსების ხარჯზე აწარმოებ საკუთარ ომს უზარმაზარ მოწინააღმდეგესთან.

- არ ვიცი, ბევრმა ნახა თუ არა დასაწყისიდან ეს ჩანაწერი, რომელიც იწყება ჩვეულებრივი პრესკონფერენციის რეჟიმში, ჟურნალისტები კითხვებს სვამენ და ორი ქვეყნის ლიდერი მათ პასუხობს. რაღაც ეტაპზე ზელენსკიმ უკვე დაიწყო ტრამპთან კამათი მისი პასუხებიდან გამომდინარე. კითხვა დაისვა, რას აპირებთო? ტრამპმა უპასუხა, პრესკონფერენციის შემდეგ ვისადილებთ და მერე ხელს მოვაწერეთ იმ დოკუმენტს, რისთვისაც ჩამოვიდა ზელენსკიო. თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, ვაპირებთ იმაზე ლაპარაკს, რომ ჩვენ დრონების გაკეთება და ერთობლივი წარმოება გვინდა, დაგვეხმარონ თავდაცვის სისტემების დახვეწაშიო, ანუ საომარი რეჟიმის გაგრძელებაში დახმარების სურვილი გამოავლინა ზელენსკიმ. არადა, მოლაპარაკება იყო სამშვიდობო რეჟიმისთვის ნაბიჯების გადადგმაზე.

იარაღის ჟღარუნის ენაზე საუბრის გარდა, ზელენსკიმ გარანტიები მოითხოვა, რაც ომში მყოფი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა მოუმზადებელი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, რადგან ასეთ სენსიტიურ თემაზე საუბარი, როგორიცაა ომის დასრულება, კულუარულად უნდა ხდებოდეს და არა კამერების თვალწინ?

- გარანტიებზე იყო საუბარი და ტრამპმა თქვა, თუკი ამერიკელი სპეციალისტები მინერალების გამო უკრაინაში რამდენიმე ასი, თუ ათასი კაცის შემადგენლობით დარჩებიან, ეს უკვე უკრაინის დაცვა იქნებაო, რადგან ვინც მათ ხელს ახლებს, მათთან უკვე ამერიკას ექნება საქმე. ამდენად, ამით ტრამპმა გარანტიების საკითხის ცალკე შემოტანა არ ჩათვალა მიზანშეწონილად. რეაქცია ამ რეპლიკაზე ზელენსკის არ ჰქონია, რაც შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ გარანტიები უფრო პოლიტიკური ბერკეტი იყო მოლაპარაკების გასაჭიანურებლად და არა რეალური მოტივი. ჩნდება ეჭვი, რომ ზელენსკის საქმის გაჭიანურება უნდა, რადგან ტრამპი უკრაინაში არჩევნებს ითხოვს. მასკმაც აღნიშნა, დიდი შანსია, არჩევნები ზელენსკიმ წააგოსო. მით უმეტეს, ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ჩავიდა ზალუჟნი, ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება უკრაინული არმიის გამარჯვებები და, რომელიც მოხსნა ზელენსკიმ სწორედ იმიტომ, რომ ძალიან პოპულარული იყო. ზალუჟნის გამოჩენა აძლიერებს ეჭვს, რომ ზელენსკის არ აქვს ისეთი მდგომარეობა, გარანტირებული ჰქონდეს უკრაინელებისგან მისი არჩევა. უკრაინელები შეიძლება საომრად განწყობილნი იყვნენ და სწორედ ამიტომ ზალუჟნი აირჩიონ, როგორც გამარჯვების სიმბოლო. ასე რომ, როდესაც ცალკეული ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზელენსკი გამარჯვების სიმბოლოა, ეს ცოტა უზუსტო მოსაზრებაა, რადგან უკრაინაში რეალური გამარჯვება იყო ფრონტზე და ფრონტზე გამარჯვება იყო მაშინ, როცა მხედართმთავარი იყო ზალუჟნი, რომელიც მოხსნა ზელენსკიმ.

ზალუჟნი შესაძლოა, ამერიკას აწყობდეს, როგორც ზელენსკის შემცვლელი, იმაზეცაა საუბარი, ზელენსკი ან გადადგეს, ან სხვა ვინმე გაგზავნოს აშშ-ში მოსალაპარაკებლადო, მაგრამ გამარჯვების სიმბოლო ზალუჟნი რამდენად აწყობს პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ, როცა თვითონ ზელენსკის დანახვაც არ უნდა? გამარჯვებული ზალუჟნი ჯდება პუტინის გემოვნებაში?

- ვერ გეტყვით, პუტინის მხარეს მშვიდობის თემა როგორ მომწიფდება, რადგან ჯერ ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა. ერთადერთი ნაბიჯი ტრამპის მხრიდან ისაა, რომ მან კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის მიმართ, რაც მიუთითებს, რომ ეს ვერსია, არიქა, თურმე პუტინის სიამოვნებაზე ფიქრობს ტრამპი, მთლად სწორი არ არის.

რამდენად დაზღვეულია პუტინი, რომ ტრამპი მის მიმართ ისეთივე უცერემონიო არ იქნება, როგორც ზელენსკის მიმართ? ოვალურ კაბინეტში შეხვედრა ხომ გაკვეთილი უნდა ყოფილიყო პუტინისთვისაც?

- ზელენსკისთან ტრამპის ჭიდაობის სცენები ვნახეთ, არაა გამორიცხული, პუტინთანაც ჭიდაობა მოუწიოს ტრამპს. ზელენსკის არ აწყობს ომის შეჩერება, რათა არ გადაირჩიონ, პუტინსაც არ აწყობს ომის შეჩერება, რადგან ის წინ მიიწევს.

ოვალურ კაბინეტში მომხდარ დაპირისპირებას მოსკოვში უკვე ზეიმობენ, მედვედევი ამბობს, სასტიკი თრევა ვიხილეთ ოვალურ ოფისში, როდესაც ტრამპმა კოკაინური კლოუნი მოსვა თავის ადგილზეო. ზახაროვაც გახარებული იყო, როგორ გაუძლეს ტრამპმა და ვენსმა, რომ ნაძირალა ზელენსკის არ ჩააზილესო. კრემლის გახარებად ღირდა მოლაპარაკების შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა?

- ცხადია, რუსეთი გახარებული იქნება. ის კი არა, ჩვენ ვიყავით გახარებულნი, როცა უკრაინამ გაიმარჯვა რუსეთის სამხედრო მანქანასთან, რადგან მტრად აღვიქვამთ რუსეთს, რომელიც მართლაც ჩვენი მტერია. თუმცა შესაძლოა, უკრაინამ რომ დაამარცხოს პუტინი, ეს სულ არ ნიშნავდეს, რომ დამარცხებული პუტინი დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. არ არის ასეთი უშუალო ბმა იმაზე, რომ ჩვენს მტერს ვინმემ შეუტიოს და ჩვენ მოგებულნი დავრჩეთ. ანალოგიურად, რუსებს რომ უხაროდეთ ზელენსკის დაჩაგვრა, ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის სასურველი შედეგი დადგება მშვიდობიანობის ხაზით. რა დგას ტრამპის პოზიციის უკან, რომ მას მშვიდობის დამყარება სურს უკრაინაში? გლობუსს რომ დავხედოთ, ამერიკამდე შორია, შუაში ოკეანეა, ამერიკას საფრთხე არ ემუქრება იმის გამო, როგორ განვითარდება მოვლენები ევროპაში. მაშინ რა უნდა ტრამპს, რატომ იკლავს თავს მშვიდობის დასამყარებლად? იმ მშვიდობის, რომელიც არც ზელენსკის უნდა, არც პუტინს?

ტრამპის სურვილია, როგორც ადრე ჩვენთან საუბრისას თქვენ აღნიშნეთ, ბაიდენის გუნდზე გავიდეს და დემოკრატები ჩაძიროს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომით ხელს ითბობენ.

- დიახ, ადრეც აღვნიშნე ეს თქვენთან საუბრისას, რომ ტრამპს აინტერესებს ფინანსური ხიდის გაწყვეტა ომის მსურველ ზელენსკისა და ევროპისთვის, რომლებიც ახლა ერთად არიან. სწორედ ევროპელ ლიბერალებთან გვერდით მყოფია ზელენსკი. ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ზუსტად ეს გაუხსენა ზელენსკის, რომ მან ლიბერალების კანდიდატის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, როგორც მათმა მხარდამჭერმა. ლიბერალებთან კავშირი მკაფიოდ ჩანს. სავარაუდოდ, ეს კავშირი მხოლოდ პოლიტიკური და ფინანსური არ არის, შავი ფულის კავშირებიცაა მათ შორის. თვითონ ზელენსკიმ თქვა, ბაიდენის დროს რასაც მაძლევდნენ, იმის ნახევარი სად მიდიოდა, არ ვიციო. სადღაც მიდიოდა ეს ფული, ვიღაცის ჯიბეებში. აქ მილიარდებზეა ლაპარაკი. დახმარების გაქრობა, რასაც ზელენსკი ამბობს, გვაფიქრებინებს, რომ ამ დახმარების ამოგებაში (ე.წ. ატკატი) ევროპელი ლიბერალებიც დაინტერესებულნი იყვნენ და ზელენსკიც. ამიტომაც უნდათ ომის გაგრძელება. ტრამპსაც სწორედ იმიტომ უნდა მშვიდობის დამყარება, რომ ამ ამონაგები ფულით არ გაძლიერდეს ლიბერალების პარტია, მათ შორის, ამერიკაში. ასე რომ, უკრაინის ომის პარალელურად ისევ ამ ორ პოლიტიკურ ძალას-ლიბერალურსა და კონსერვატორულს შორის ბრძოლას ვაკვირდებით. ზელენსკის გამწარებაც და მკაცრი რეაქციაც ტრამპის გუნდის მხრიდან ზელენსკის მიმართ გამოწვეული იყო ამ დაპირისპირებით. არასწორად წარმოებული მოლაპარაკება და თავხედური სტილი მოლაპარაკების დროს ამერიკას უკვე აძლევს იმის პოლიტიკურ საშუალებას, რომ გამოაცხადოს, ზელენსკის აღარ ვეხმარებიო.

 

 

armaz "ზალუჟნი, ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება უკრაინული არმიის გამარჯვებები..." თუ შეიძლება მოგვითხროთ, ამ გამარჯვებებზე!
1 საათის უკან