„ქართულმა მხარემ ძალიან სერიოზული შეთავაზება გაუკეთა აფხაზებს - 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია“

„ქართულმა მხარემ ძალიან სერიოზული შეთავაზება გაუკეთა აფხაზებს - 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია“

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, მან ხმების 54.73% მიიღო, რაც შეეხება ადგურ არძინბას მან ხმების 41.54% მიიღო. მიღებული ხმების მიუხედავად არძინბა, რომელიც პროთურქულ კლანს წარმოადგენს, დამარცხებას არ აღიარებს. მისმა მხარდამჭერება შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს გაგრის რაიონის ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩვენო უბანზე, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიჭრა, ასევე დაზიანდა საარჩევნო ურნა და დოკუმენტები.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე თავდასხმაში დაახლოებით, 20 ადამიანი მონაწილეობდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის შედეგად საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა. სანამ გამოძიება იტყვის ვინ იყვნენ თავდამსხმელები, მოვალეობის შესრულებას შეუდგა „პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ევროკავშირი. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ.

აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები სრულიად უკანონოა. მისი თქმით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მიიღებენ დადგენილებას და ბათილად გამოაცხადებენ ამ „არჩევნებს“. ამასთან, გამახარია აცხადებს, რომ არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს.

„არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და არ არის გამორიცხული, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვან. ეს ადამიანი აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს. არძინბა ამ წუთამდე დუმს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის არის მკაცრად გაფრთხილებული. ის ემზადებოდა, არ ეღიარებინათ ეს ე.წ. არჩევნები და დაეწყოთ ქუჩის აქციები და ხელმეორედ გადატრიალება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მკაცრად გაფრთხილებულები არიან და ვერ გაბედეს. ასე რომ, ეს ადამიანი ძალიან უცნაურად დუმს“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა უპრეცედენტო იყო. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ვინც არ უნდა იქნას არჩეული, მაინც მოუწევს ამ საკითხს ჩახედოს თვალებში, რასაც ქვია ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. მისივე თქმით, ეს არჩევნები საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ რუსები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ადგურ არძინბა არის პროთურქი და თურქეთზე ორიენტირებული, ხოლო ბადრა გუნდა არის რუსეთზე ორიენტირებული.

„არ მგონია, რომ ასე მარტივად იყოს იქ საქმე. ერთი წარმოადგენს გუდაუთის დაჯგუფებას, რომელსაც ისტორიული კავშირები აქვს თურქეთთან, მეორე არის ოჩამჩირის ფრთის წარმომადგენელი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან და უფრო ზომიერი არის თავის რიტორიკაში. არჩევნების მიუხედავად დაძაბულობა არის. ვნახეთ, რომ აფხაზეთში მაცხოვრებელ სომხებზე იყო დიდი ზეწოლა, რადგან მათმა 95%-მა ხმა მისცა გუნბას, ამან გამოიწვია ის, რომ დაიწყო მუქარები და რუსეთი საგამოძიებო სამსახურმა საქმეც აღძრა.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რეალურად, მიდის ბრძოლა ფულადი ნაკადებისთვის. ეს არის რუსეთის ფული, რასაც დოტაციის სახით იღებენ, ხან 100, ხან 120-150 მილიონი დოლარი. ახლა დავა მიდის იმაზე, ვინ დააჯდება ამ თანხის კონტროლს. რა თქმა უნდა, ტურიზმიდან და ბიზნესიდან აქვთ რაღაცა შემოსავალი. ყიდიან ინერტულ მასალას და სხვათა შორის, მტკნარ წყალსაც ყიდიან. აქვთ სავაჭრო ურთიერთობა, პირველ რიგში, რუსეთთან და მერე თურქეთთან, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია იმ ფულის კონტროლი, რომელსაც დოტაციის სახით ღებულობენ რუსეთიდან“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, აფხაზეთის ტერიტორიიდან გამოძევებულია ქართული მოსახლეობა და შესაბამისად, არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად.

„გალის მოსახლეობას ჩამოართვეს პასპორტები. ფაქტობრივად, აპარტეიდული რეჟიმია და რუსეთი მხარს უჭერს ამ აპარტეიდულ რეჟიმს. მარტო ქართველებს კი არა, აგერ, სომხებსაც როგორ ექევიან. ასეთი მიდგომები მიუღებელია და მერე რუსეთი ჩივის, რომ უკრაინაში რუსებს ჩაგრავენო და იგივე არ ხდება აფხაზეთში? მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ძალების მეშვეობით კეთდება.

ეს კონფლიქტი უნდა დაიძრას და მე მაქვს იმედი, რომ კონფლიქტის გადაჭრის პროცესი დაიძვრება, რაც მესმის, რომ ერთ დღეში ვერ მოხდება. ეტაპობრივად უნდა მოხდეს დევნილების ღირსეული დაბრუნება, უსაფრთხოება და ეკონომიკური აღმშენებლობა. ვიცით, რომ ქართულმა მხარემ ძალიან სერიოზულიშეთავაზება გაუკეთა აფხაზებს, ეს არის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთი მსოფლიოში იქნება ყველაზე მდიდარი კუთხე. ალბათ, დასაფიქრებელი აქვთ. ჩვენ მივხვდით და 1995 წლიდან ანტიაფხაზური რიტორიკა შეწყდა საქართველოში, სახელმწიფო არ უწყობს ხელს ანტიაფხაზური რიტორიკის გავრცელებას და ეს უნდა მოახერხონ მათ. უნდა დასძლიონ საკუთარ თავს, ფობიებს, ზიზღს, რადგან ეს ანტიქართული რიტორიკა რას აძლევთ? - არაფერს. რა და როგორ მოხდა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან არც ქართველი იყო შუაში და არც აფხაზი, და სიმართლე რომ ითქვას, არც რუსი. სულ სხვისი გეგმა იყო ეს კონფლიქტები, რომელიც შერჩათ რუსებს, აფხაზებს და ჩვენ. ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად? - აფხაზები და ქართველები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.