დასავლეთი ორად გაყოფის ზღვარზეა - მაშინ, როცა მსოფლიო ომსა და მშვიდობას შორის მკაფიო ზღვარს ავლებს, გეოპოლიტიკური მოცემულობა ყოველდღიურად იცვლება. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებს დონალდ ტრამპი უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების გაგრძელებას. ფაქტია, რომ ზელენსკისა და მას შორის განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით დასავლეთი ორ ბანაკად გაყო. სად არის ამ დაპირისპირებაში საქართველო და რა პოზიცია უნდა დავიკავოთ მაშინ, როცა მმართველი გუნდი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ 3 წლის განმავლობაში საქართველო მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის არნახული წნეხის ქვეშ იყო.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და თქვა სიმართლე. თუმცა ეს სიმართლე სიმართლე იყო მაშინაც და ახლაც. უბრალოდ, მაშინ მარტო „ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამბობდა და ახლა სხვებმაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. ამის გამო კი საქართველოს ხელისუფლება დასავლეთმა არნახულ ზეწოლის ქვეშ ამყოფა.
თუმცა დასავლეთში მიმდინარე დაპირისპირებამ ქართულ ოპოზიციაში დიდი ამნეზია გამოიწვია. გზააბნეული პოლიტიკური ლიდერები ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბებულან ვის დაუჭირონ მხარი. ის, რაც ქართული ოპოზიციის ნაწილმა სამი წლის წინ თქვა, სამი წლის შემდეგ დაივიწყა.
ამ ამბის ქრონოლოგია 2022 წლის 24 თებერვლიდან იწყება. უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღესვე ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს. მწვავე განცხადებების მიზეზი მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გახდა. ეროვნული და ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, ხელისუფლებამ სახელმწიფოს ხელშეწყობით, ომში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.
ხელისუფლების მაშინდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რუსთაველზე საპროტესტო აქციები და სანქციებთან მიერთების მოთხოვნები მოჰყვა.
ქალაქის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ ამ დაპირისპირებაში უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებზე იყო მორგებული. მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადგა იქ, სადაც ქვეყანას და მის მომავალს სჭირდებოდა.
„ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ამ უსამშობლო რადიკალებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა განცხადებები გააკეთონ, რა არის მათი მთავარი მიზანი და მოტივაცია, როგორ დააზიანონ ქვეყანა, მშვიდობა. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვხედავდით, იმართებოდა გარედან - პირდაპირ მითითებები კეთდებოდა, უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ამ ყველაფერში, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა დაპირისპირება კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის მიდის. ამ ეტაპზე ამერიკა ლიბერალებმა წააგეს და ეს ყველაზე დიდი კრახია. შესაბამისად, ამ გლობალურ დაპირისპირებაში საკუთარი პოზიცია საქართველომაც უნდა გამოხატოს. თუმცა ანალიტიკოსი ამ ეტაპზე ხელისუფლებას უფრო დამკვირვებლის როლის შენარჩუნებას და სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.
„ჯერჯერობით, ევროკავშირი ტრამპის მხრიდან რყევის პროცესშია. აშშ-ს პრეზიდენტი დგას და მთელს ევროპას ყოველ დღე კარგად ურახუნებს. ჯეიდი ვენსის მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები პირველი შოკი იყო. ახლა კი ზელენსკის, ტრამპსა და ვენსს შორის წარმართული დაპირისპირება სწორედ ამის ნათელი მაგალითი იყო. ამით ტრამპმა ევროპას ალიყური კიდევ ერთხელ გააწნა. ამ ნჯღრევის შედეგად ევროკავშირი აჯობებს ტრამპსო, რთული სათქმელია. ევროკავშირი ძალიან დიდ პრობლემებს წააწყდება თუკი აშშ მათ დაშორდება და უკრაინის ომშიც დაფინანსების კუთხით ხისტ პოზიციას დაიკავებს.
გერმანიის ახალმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ შეიარაღების გაზრდას ნული მთელი რაღაცა პროცენტით 3-4 წელი უნდა. ხოლო 5%-მდე გაზრდას სადღაც 2035 წლამდე სჭირდება. ეს დაშორება ამერიკასთან ადვილი არ იქნება ევროკავშირისთვის, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურადაც. სანამ არ გაირკვევა რა სახეს მიიღებს ევროკავშირი, ამ ჯანჯღარის შედეგად, იქამდე გადაწყვეტილების მიღება რთულია. ჩვენთანაც ქართულ რიტორიკაში ვაკვირდებით, რომ სიტუაცია ორად არის გაყოფილი. როგორც მსოფლიოშია გაორება, ასევე ხდება ქართულ პოლიტიკაშიც. ნაწილი ევროკავშირისა და ზელენსკის მხარეს დგას, მეორე ნაწილი კი ტრამპის და მისი გუნდის მხარეს“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, საქართველოში გარკვეული ილუზიებს იქმნიან იმაზე, თითქოს ტრამპის იმპიჩმენტით გადაყენება მოხდება, თუმცა ეს პრაქტიკაში წარმოუდგენელია. საყვარელიძე ამბობს, რომ თეორიულად რომც დავუშვათ ეს, მაშინ მის ადგილს აშშ-ს კანონის მიხედვით, ჯეიდი ვენსი დაიკავებს, ეს კი უარესი იქნება. ტრამპს ვენსი დაზღვევად ჰყავს და ეს ზელენსკისთან დაპირისპირებისას ყველაზე ნათლად გამოჩნდა.
„ჩვენმა ოპოზიციამ დაიკავა წაგებული ლიბერალების პოზიცია, რომლებმაც ამერიკაში ბრძოლის ეს რაუნდი წააგეს. თუმცა ისინი ევროპაში რომ უფრო ძლიერად არიან ფეხმოკიდებული, ცხადია. ამიტომაც ბრძოლა გრძელდება. ეს საქართველოშიც შეიმჩნევა, რადგან ამხელა რყევების ფონზე, აქ ჩვენთან ლიბერალების მოძრაობა და აქტიურობა არ ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ფულის წყარო გადაიკეტა, ეს ხალხი ევროპიდან რაღაცა თანხებს მაინც იღებს. ამიტომ რთულია იმის თქმა, რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ. ფაქტი ერთია, რომ „ოცნებას“ მკაფიოდ გამოკვეთილი აქვს ამ ეტაპზე აშშ-ს და ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერა. ჯერ კიდევ ტრამპის მოსვლამდე ეკავა ბიძინა ივანიშვილს ეს პოზიცია და მაშინ დასავლეთი ასეთი დაპირისპირებული არ იყო. ახლა კი რეალურად გაირკვა, რომ ივანიშვილმა, რაც ილაპარაკა და როგორც დაალაგა სათამაშო დაფაზე პოლიტიკური ფიგურები, ზუსტად ისე ვითარდება მოვლენები.
ფაქტია ასევე ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია და გაეროში მის რეზოლუციას უკრაინის ომის დასრულებაზე მხარი დაუჭირა და თანასპონსორი იყო. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. ამიტომ, ამ ეტაპზე, თან დამკვირვებლების როლში ვართ და თანაც მივყვებით მსოფლიოს უდიდეს გავლენიან ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც დასავლეთში დიდ ცვლილებებს აპირებს. აი, ამ გლობალურ გადანაწილებაში ძალიან სიფრთხილე და დაკვირვება გვჭირდება“, - ამბობს საყვარელიძე.