რუსი  ჯაშუშები, ტერმინი ”ოკუპაცია”  და რუსული პროპაგანდის მორიგი ბრიყვული იდეა

რუსი ჯაშუშები, ტერმინი ”ოკუპაცია” და რუსული პროპაგანდის მორიგი ბრიყვული იდეა

[მანანა აბაშიძე]
ობამა-მედვედევის ბოლო შეხვედრის შემდეგ გასულმა არასრულმა ერთმა თვემ იმდენი მნიშვნელოვანი თუ ტრაგიკომიკური მოვლენა დაიტია, რომ მსჯელობისთვის თემები კიდევ დიდ ხანს გვეყოფა. მათგან ერთ-ერთი, ”ჯაშუშურ-შპიონური” სკანდალი რომელიც ობამა-მედვედვის შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყო, ჩაიფარცხა.

დასრულდა სახალისოდ და თითქმის კომიკურად: ჯაშუშებმა იმდენიც ვერ მოახერხეს, რომ ამერიკისთვის ”შპიონაჟის” ბრალდება მაინც გამოეტყუებინათ. მხოლოდ იმით დაზარალდნენ, რომ ამერიკაში მონაგარი უძრავი თუ მოძრავი ქონება აშშ-ს სასარგებლოდ დათმეს. თავად კი რუსეთისკენ გამოამგზავრნენ.

რუსეთმა ათი ეჭვმიტანილის სანაცვლოდ, ”უცხო ქვეყნების სასარგებლოდ საქმიანობაში” ბრალდებული 4 პირი გაათავისუფლა - დასავლური მედიის ინფორმაციით მათ შეწყალებას პრეზიდენტმა მედვედევმა უკვე მოაწერა ხელი.

ასე მარტივად და მშვიდობიანად ჩაიფარცხა სკანდალი, რომელიც დასაწყისში თითქოს, ”გადატვირთვის” დასასრულად ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვარაუდები იყო და მათ შორის, დასავლური მედიის საკმაოდ ”წონიან” საშუალებებშიც.

”ჯაშუშურ-შპიონური” სკანდალი კი დასრულდა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მის პარალელურად იმდენი მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა, რომ როგორც ჩანს, რუსეთში მავანთ ტვინი აუდუღდათ; გადაწყვიტეს, რომ ამ სკანდალმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი ქლინთონის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოში გახორცილებული ქმედებების ”ოკუპაციად” შეფასებამ, რუსეთის იმიჯს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენათ. სხვათაშორის, ეს ტერმინი არამარტო ქლინთონის განცხადებებში გაისმა არამედ, ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ გახმოვანებულ ოფიციალურ დოკუმენტშიც ჩაიწერა.

თუმცა, ექსპერტ კახა კაციტაძის აზრით, ”ოკუპაციის” ხსენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.

”მაგ სიტყვას, ”ოკუპაციას”, მე დიდ მისტიკურ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ყარაბაღთან დაკავშირებითაც იყო ეს ტერმინი გამოყენებული” - აღნიშნავს კაციტაძე.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, რუსეთში ეს არ მოეწონათ. თანაც იმდენად, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ე.წ. საექსპერტო წრეებში მორიგი ფანტასტიკური იდეა გამოცხვა.

რუსული ”ფიარის” კიდევ ერთი ”ბრწყინვალე” სვლა
გაზეთ ”რეზონანსში” სტატია გამოქვეყნდა სათაურით, ”უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოსთან საინფორმაციო ომი წავაგეთ” (მოსკოვში ”ქართული პროპაგანდის ჩახშობისა და ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ”). როგორც სათაურითაც მიხვდებოდით, მასში, საუბარია იმაზე, რომ რუსეთში კიდევ ერთი ”ბრწყინვალე” პროპაგანდისტული სვლის იდეა გაჩნდა - ფედერაციაში ქართულენოვანი არხის შექმნის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. იდეის ავტორად და მთავარ გამხმოვანებლად ”პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის” ანალიტიკოსი, ვინმე ანატოლი ჩიგანკოვი გვევლინება.

სამწუხაროდ, გაზეთი არ აკონკრეტებს, ჩიგანკოვის გასაოცარი იდეები რომელიმე რუსული მედიასაშუალებიდან გადმოაქართულა თუ მას პირადად ესაუბრნენ. თუმცა, იდეები იმდენად გამაოგნებელია (ყოველგვარი ხუმრობის გარეშე), რომ რუსული პროპაგანდის ”ბრწყინვალების” შესანიშნავ მაგალითად გამოდგება. მიუხედავად ამისა, შევეცადოთ, სერიოზულად გავიაზროთ რამ შეაწუხა ბატონი ჩიგანკოვი.

”პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის” წარმომადგენელი დანანებით აღნიშნავს, რომ თურმე, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთმა საქართველოსთან საინფორმაციო ომი წააგო. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ისინი საკმარისად მომზადებულნი არ აღმოჩნდნენ. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ჩიგანკოვის აზრით აუცილებელია ”ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის შექმნა”.

”ხალხმა უნდა იცოდეს 5 დღიანი ომის სიმართლე და რადგანაც საქართველოში შეიქმნა რადიო რომელიც რუსულ ენაზეც მაუწყებლობს და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ახმოვანებს, ამიტომაც, აუცილებელია საპასუხო ნაბიჯი: უნდა შეიქმნას რუსეთის ფედერაციის მედია-არხი რომელიც ქართულ ენაზეც იმაუწყებლებს და რომელიც სიმართლეს გაავრცელებს” - ამბობს რუსი ექსპერტი სტატიაში.

თუ საქართველოს მიერ შექმნილ რუსულენოვან მაუწყებელზეა საუბარი... როდესაც ”პირველი კავკასიური” (სხვათშორის, ტელეარხი და არა, რადიო-როგორც ამას რუსი ექსპერტი აღნიშნავს) შეიქმნა, ამას რაციონალური საფუძველი ჰქონდა. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ იმაზე, კარგი იყო ეს ქვეყნისთვის თუ ცუდი, სწორი თუ მცდარი... ასე იყო თუ ისე, გადაწყვეტილებას რაციონალური საფუძველი ჰქონდა.

დსთ-სა და ევროპის ნაწილზე მაუწყებელი რუსულენოვანი არხის სამიზნე აუდიტორია ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო, მარტივად გასაგები გახლდათ. ასევე მარტივად გასაგები იყო მიზანიც: ამ სივრცეზე რუსულ აღვირახსნილ ”ფიარს” რამე დაპირისპირებოდა, თუნდაც - საპასუხო პროპაგანდა, მაგრამ - მაინც ... რუსული ენის მცოდნე სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობას ქართული სიმართლის თუნდაც მცირე ნაწილი გაეგო. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდით უხვად გაჯერებული, მაგრამ... ვიმეორებთ, ამ შემთხვევაში, არ არის საუბარი იამზე, შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს არხი ქვეყნის სიმშვიდისთვის პოტენციურ საფრთხედ ქცეულიყო.

ასევე გასაგები იყო, როდესაც რუსეთმა ინგლისურენოვანი ტელევიზია ”რაშა თუდეი” შექმნა. მისი სამიზნე აუდიტორია ცივილიზებული სამყაროს ინგლისურად მოლაპარაკე ნაწილია. მაგრამ რუსეთში ვინ უნდა უყუროს ქართულენოვან ტელევიზიას... ან თუნდაც მის ფარგლებს გარეთ? ჩვენ, ქართველებმა? კი მაგრამ ჩვენ ხომ ისედაც ყველაფერი ვიცით იმ ბომბების შესახებ რომელსაც რუსეთი აგვისტოში გვაყრიდა თავზე...

რუსი ექსპერტის იდეებმა მისი ქართველი კოლეგა ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

”არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს მაგ არხის სამიზნე აუდიტორია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მაგ არხის ცალი თვალით დანახვა მაინც. სხვა რა გითხრათ? რა, გამოვლენ და იტყვიან: ”დზვირპასო მაკურებლებო, გამარდჟობატ”?!. ან, რა ვიცი, შესაძლოა, თიკა კანდელაკმა წაიყვანოს... არ ვიცი, ვერ გეტყვით!” - განაცხადა კახა კაციტაძემ.

თუმცა, ჩიგანკოვს თიკა კანდელაკი წამყვანად არ გამოადგება, რადგან მას ”ქარტული ტიტკმის აგარ ეკერკება”... ეს ისე, ოდნავ ხუმრობით...

უფრო სერიოზულად კი, ქართველი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ვიღაცას ასეთი აბსურდული იდეით რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვება სურს.

”როდესაც ამას ვკითხულობდი, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რუსეთში, რომელიღაც ინსტიტუტში, ვიღაც ”ენჯეოშნიკებს”, ადამიანთა ჯგუფს, სურს დაფინანსება ”დაითრიოს” საქართველოსთან ”ფიარ-ომის საბაბით. უფრო სერიოზულად ეს ინფორმაცია ვერ აღვიქვი” - აღნიშნა კაციტაძემ.

”პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის” წარმომადგენლის ფანტაზია კი მხოლოდ ქართულენოვანი არხის რუსეთში გახსნის აუცილებლობით არ იფარგლება. ის ბევრად უფრო შორს მიდის. როგორც ჩანს, მას ”08.08.08”-ს გამოცდილება არ ასვენებს.

”პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სტრუქტურები, რომელიც მხოლოდ საწინააღმდეგო ინფორმაციის განეიტრალებაზე იმუშავებს. არ ვიცი ვის შეიძლება ეს დაევალოს, მაგრამ კონტრაქტი უნდა გაფორმდეს სხვა ქვეყნებთან და მოამზადონ ტელეგადაცემები რომელიც ყველა ენაზე და ყველა ქვეყანაზე გავა. ამისათვის სპეციალურად უნდა მოვემზადოთ და არამარტო ჟურნალისტები, არამედ კინორეჟისორები და სცენარისტები უნდა ჩაერთონ” - ამბობს სტატიაში ჩიგანკოვი.

აგვისტოს ომის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი დიდი სიყალბე, რომელიც რუსეთში სახელდახელოდ ”გამოცხვა”, დოკუმენტური ფილმი ”08.08.08” იყო რომელიც, ზევითაც ვახსენეთ. ეს ე.წ. დოკუმენტალისტიკა ათასგვარი ტყუილითა თუ პირდაპირი ფალსიფიკაციით იყო გაჯერებული. ასე, მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, რომ მასში გამოყენებული იყო დაჭრილი ქართველი ბიჭუნას კადრები რომელიც ქართველთა მსხვერპლ ოსი ეროვნების ბიჭუნად გასაღდა და ა.შ.

”08.08.08”-ს მთელს მსოფლიოში დიდი სარეკლამო კამპანია ჰქონდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მასში მეტისმეტად ბევრი ტყუილი იყო, საერთაშორისო ასპარეზზე ამან ვერ გაჭრა. ვერც გაჭრიდა, რადგან ყველაფერი მეტისმეტად აშკარა იყო: რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ექსპერტი კახა კაციტაძე სხვა მიზეზსაც ასახელებს.

”ფიარ-ომი” მათ წააგეს, რადგან ყველაფერს რასაც იღებდნენ - სიუჟეტები, ფილმები, გადაცემები - მთლიანად შიდა-რუსული მოხმარებისთვის იყო. საერთაშორისო საზოგადოებაზე და შიდა-რუსულ მოსახლეობაზე გათვლილ პროპაგანდას შორის დიდი განსხვავებაა. ის, რაც რუსეთის შიგნით კარგად ”იყიდება”, ამას დასავლეთი არ ”ჭამს”.

ზოგადად რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან თუ კონკრეტულად აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლება დასავლეთზე არც კი ფიქრობდა. მათი ”ფიარი” მთლიანად მათსავე მოსახლეობაზე იყო გათვლილი. ასე რომ, დასავლეთში რა თქმა უნდა წააგეს, მაგრამ თვითონ რუსეთის შიგნით ამან იმუშავა და ხელისუფლებამ საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა მშვენივრად შესძლო” - აღნიშნავს კაციტაძე.

ექსპერტის აზრით, ეს მორიგი სიბრიყვე ”სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდროდ დაკავშირებული არასახელმწიფო სექტორის პირადი, კერძო ინიციატივაა”. მისი თქმით, ასეთი ”იდეები” უახლოეს მომავალში ალბათ კიდევ ბევრი იქნება რადგან, ისინი ძალიან წაახალისა ჯაშუშურმა სკანდალმა.

”რა აჩვენა ამ ”შპიონურმა სკანდალმა”? ის, რომ ძალიან ადვილია რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მსხვილი თანხების მოპოვება ”რუსეთის სახელის განთქმისთვის აუცილებელი” სხვადასხვა პროგრამებისთვის. ვფიქრობ, ეს უბრალოდ შეთავაზება იყო რუსეთის ხელისუფლებისთვის: მოგვეცით ფული!

ვიმეორებ - ამ ”შპიონურმა სკანდალმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთში სულ ადვილია ფულების ”მარცხნივ ხარჯვა. ეს არშემდგარი ჯაშუშები ასი ათასობით დოლარს ხარჯავდნენ და თან ისე, რომ ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთეს. ახლაც, როგორც ჩანს, ამ იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ფულს ჩაიჯიბავენ და არაფერს გააკეთებენ. მხოლოდ იყვირებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ”ფიარ-ომს” აწარმოებენ. არ მგონია, რომ სიღრმისეული და შორს გათვლილი პოლიტიკა იყოს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იდეაა სრულიად არარეალური” - ამბობს კაციტაძე.

არის ამ და სხვა, მსგავსი ბრიყვული იდეების ”ცხობის” კიდევ ერთი მიზეზი. ექსპერტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ ტერმინი ”ოკუპაცია” საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის და, შესაბამისად, მმართველი დუეტის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. ყოველ შემთხვევაში, მათი მხრიდან გარკვეული ქმედებებისგან ნამდვილად გვიცავს.

ამ ყველაფერს ”მოყვრულად დასრულებული” ჯაშუშურ-შპიონური სკანდალიც” ემატება. ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რუსეთის მხრიდან ”ფიარ-ომის” ახალი ტალღის დაწყებით ერთი მხრივ ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებების მნიშვნელობა გადაფარონ - საგარეო თვალსაზრისით; მეორეს მხრივ კი – ქვეყნის შიგნით, მოსახლეობის წინაშე კიდევ ერთხელ დაიწყონ სარეიტინგო ქულების დაწერა. თან გასათვალისიწინებელია ისიც, რომ დუუმვირატის რეიტინგი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განუხრელად იკლებს.

ექსპერტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი აზრით, ”ჯაშუშური სკანდალით” არა დუუმვირატის არამედ, პირადად პუტინის იმიჯი დაზარალდა, რადგან ”მედვედევი - პრემიერისგან განსხვავებით - სპეცსამსახურებთან არ ასოცირდება”- აღნიშნავს კაციტაძე.

ასეა თუ ისე, თუ ვინმეს აქამდე რუსული პროპაგანდის სიბრიყვეში კიდევ ეჭვი ეპარებოდა, იმედია მისთვის ყველაფერი გასაგები ხდება. რაც შეეხება დუუმვირატის ურთიერთობას და ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ სექმნილ ახალ რეალობებს - და საქართველოს ადგილს ამ ყველაფერში - ეს სულ სხვა, ცალკე საუბრის თემებია და მათ ”პრესა.გე” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.