ზელენსკი ლონდონში გააფრთხილეს, ხელი მოეწერა წიაღისეულთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე, თუმცა დააგვიანა - „საკითხი ამ დროისთვის განხილვას აღარ ექვემდებარება“

ზელენსკი ლონდონში გააფრთხილეს, ხელი მოეწერა წიაღისეულთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე, თუმცა დააგვიანა - „საკითხი ამ დროისთვის განხილვას აღარ ექვემდებარება“

ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერაც მიიღო, მას ურჩიეს, რომ უკან დაბრუნდეს და ტრამპის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. ევროპის ფაცი-ფუცის მიუხედავად, სადაც შეთანხმდნენ, რომ უკრაინას და მათაც სასწრაფოდ უსაფრთხოების ახალი გარანტიები სჭირდებათ, ჯერ ვერაფერი მოიფიქრეს, როგორ შეიძლება ამერიკის გარეშე უკრაინის ომის წარმართვა.

ამიტომ ზელენსკი ამერიკა-უკრაინის ურთიერთობების გადატვირთვას ცდილობს. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, იშვიათი მინერალების შესახებ თეთრი სახლის წინადადებას დაეთანხმოს. ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში მისი ვიზიტის დროს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა.

უკრაინის პრეზიდენტის მზადყოფნის მიუხედავად, აღარ ჩქარობს თეთრი სახლი. „იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმება ამ დროისთვის განხილვას აღარ ექვემდებარება“ - განცხადება შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გააკეთა.

ამის პარალელურად, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა, რომ 4 მარტს კონგრესის წინაშე წარდგება და უკრაინის ომზე ყველაფერს იტყვის. ახლა მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია, რა განცხადებას გააკეთებს ტრამპი.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა არ სურს და გაზიარებული აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის.

„ეს არის საშინელი განცხადება, რომელიც ზელენსკის შეეძლო, გაეკეთებინა და ამერიკა ამას დიდხანს აღარ აიტანს. ეს არის ის, რასაც მე ვამბობდი, ამ კაცს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ევროპამ შეხვედრაზე, რომელიც ზელენსკისთან ჰქონდა, პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეუძლიათ სამუშაოს შესრულება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ალბათ, არც ისე კარგი განცხადებაა რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რაზე ფიქრობენ ისინი?“, – წერს ტრამპი.

ლონდონში, ევროპელი ლიდერების მონაწილეობით კი 2 მარტს საგანგებო სამიტი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასთან ერთად, სამიტის მონაწილეებმა ისიც თქვეს, რომ აუცილებელია ევროპამ დაიწყოს თავდაცვის ინდუსტრიის მშენებლობა. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი, ევროპის ხელახალი შეიარაღების შესახებ კონკრეტული გეგმის წარდგენა დააანონსა.

დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანისთვის ლონდონში გაკეთებული განცხადებები ევროპის მხრიდან უკრაინაში ომის გაგრძელების მხარდაჭერაა.

ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ წერს, რომ ევროპელი ლიდერების სამიტზე კონკრეტული ინიციატივაც გაჟღერდა. „ფიგაროს“ ინტერვიუ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისცა. ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე მსჯელობენ. რუსეთსა და უკრაინას შორის ეს ნაწილობრივი ზავი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნათლად განსაზღვრავს, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი მზად სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

თუმცა ევროპაში კვლავ თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა -რუსეთის ომის დასრულება აშშ-ს და ტრამპის გარდა ახლა არავის ძალუძს. ეს აზრი კი პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ღიად გამოხატა.

„ვერ ვხედავ ძალას მსოფლიოში, აშშ-ს გარდა, რომელსაც რუსეთის შეჭრის დასრულება შეუძლია. მათი შესაძლებლობები შეუდარებელია. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პოლიტიკა შედეგს გამოიღებს ომის დასასრულებლად.

ჩვენ ჩიხი ვიხილეთ. წინა კვირას ვაშინგტონში ჩემს ვიზიტამდე პრეზიდენტ ზელენსკის ველაპარაკე. მას გადავეცი, რომ, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპთან მშვიდი მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და რომ ერთობლივი შეთანხმების ძიება და

მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება არის საჭირო. პრეზიდენტი ზელენსკი უნდა ამ მაგიდასთან დაჯდეს და მოილაპარაკოს ისეთი გამოსავალი, რომელიც უკრაინას უსაფრთხოს და დაცულს გახდის“, - ამბობს დუდა.

„ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, უკრაინული მხარეა“ - ამ შეფასებას აკეთებენ კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, თეთრ სახლში მომხდარმა შემთხვევამ აჩვენა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა გართულდება.

„ნიუ იორკ თაიმსი“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გეგმავს. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება აშშ-ის ქმედებების სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ან სრული გაუქმება.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ამერიკა უკრაინის დაფინანსებას შეწყვეტს და მას იარაღს აღარ მიაწვდის, მისი შანსები მინიმალური ხდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროპას თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ მათ იმ დონის დახმარების გაწევა უკრაინისთვის არ შეუძლიათ, რასაც ამერიკა უწევს.

„რამდენი ხანი შეიძლება ევროპამ უკრაინის დახმარება შეძლოს? ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპება. ზელენსკის ინტერესებში უნდა იყოს, რომ ეს ომი შეწყვიტოს. გამორიცხულია ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა დათმოს. აქ უკვე საუბარი საერთოდ უკრაინის სტატუსზეა, საერთოდ, სახელმწიფოს გადარჩენაზე მიდის ლაპარაკი. უკრაინა აღარ არის სუბიექტი. ის ახლა არის გარიგების ობიექტი აშშ-ს და რუსეთს შორის. ძირითადად რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება.

აშშ-ს წინა ადმინისტრაციის, ბაიდენის პოლიტიკა იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა ყოფილიყო. ეს ევროპელებიც წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას ატარებენ. თუმცა, ამ გასულმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ რუსეთი ძალიან ძლიერია, ის მომზადებული იყო ამ ომისთვის დიდი ხნის განმავლობაში და მისი ნიველირება ამ გლობალურ პოლიტიკაში ამერიკის ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, ამერიკაში არის ასეთი შეხედულება, ვიცით კისინჯერის პოლიტიკა, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ერთდროულად დაუპირისპირდე ჩინეთსაც და რუსეთსაც. ის, რომ რუსებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთობა უნდა დალაგებულიყო, ეს გეოპოლიტიკური კანონზომიერება იყო. ამერიკელი ექსპერტებიც საუბრობდნენ ამაზე და ასეც მიდის სიტუაცია“,-ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, ახლა მთლიანად მსოფლიო წესრიგი იცვლება. ევროპა და ნატო წინა წესრიგის გადმონაშთები არიან, რომელიც ამ ახალ წესრიგში აქტუალური აღარ არიან.

„აქ უკვე ლაპარაკი წავიდა სუვერენულ სახელმწიფოებზე, ეროვნულ ინტერესებზე და ა.შ. ისინი, ვინც ეწინააღმდეგება ტრამპს, წინა წესრიგის წარმომადგენლები არიან და ამ ახალ დღის წესრიგში ცოცხალი თავით არ უნდათ მოხვედრა, ამ გლობალურ ცვლილებებს არ იმჩნევენ. თუმცა, როგორც ბაიდენი წავიდა, ასევე ეს ევროპაში ჩაბუდებული პოლიტიკური ელიტაც წავა. ევროპელი ხალხისთვისაც ამათი პოლიტიკა მისაღები აღარ არის. ბრიუსელში მყოფმა ჩინოვნიკებმა და ბიუროკრატიამ კრიზისი შექმნა, ამიტომ მათაც მოუწევთ წასვლა. ევროპა საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნები ნატოს ქოლგის ქვეშ იყვნენ, რომელსაც ამერიკა უზრუნველყოფდა ფინანსურადაც და ფიზიკურადაც,

ასევე, იაფი რუსული ენერგომატარებლებით. ახლა კი აღარც ერთი აქვთ და აღარც მეორე. შესაბამისად, ევროპაც ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო. რუსეთ - უკრაინის ომის ერთ-ერთი მიზანი ევროპის დასუსტებაც იყო. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ. საბოლოო ჯამში, რუსეთი კი არა ევროკავშირს და ევროპას ემუქრება საფრთხე. რომ ამბობენ, ზელენსკის დავეხმარებითო, როგორ დაეხმარებიან, ინდივიდუალურად აპირებენ ომში ჩართვას? სხვაგვარად ჯარი მაგათ არ ჰყავთ, ნატოში უკრაინას არ უშვებენ. ეს მგონია ძალიან მოკლევადიანი დაპირებაა. აბსურდია ასევე ისიც, რომ პუტინმა ფრონტის ხაზზე ევროპელი სამშვიდობო ჯარისკაცები დაუშვას. მან ომი ნატოს გამო დაიწყო და ახლა იქ ნატოს ჯარი საკუთარი ნებით ჩააყენოს, ხომ აბსურდია“,- ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ზელენსკიმ ყველაზე ცუდი პოლიტიკა განახორციელა საკუთარი ქვეყნის მიმართ და მისი გმირად შერაცხვაც პოლიტიკის ნაწილი იყო. ის, რომ მისი მოქმედებები არ არის გმირობის ტოლფასი და, რომ მას დანაშაული მიუძღვის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ტრამპმა და ვენსმა ეს მთელი მსოფლიოს წინაშე უთხრეს.

„გვახსოვს, ჩვენთანაც  როგორ ცდილობდნენ ამ პროპაგანდით ზელენსკის გმირად შერაცხვას. პოლიტიკის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი და უბედურება მიადგეს შენს ქვეყანას, ყველა შანსი გამოიყენო იმისთვის, რომ ქვეყანას თავს ომი და უბედურება არ დაატყდეს. ზელენსკიმ კი მოლაპარაკებები ჩაშალა და თავი სხვებს გამოაყენებინა. მან საკუთარი ქვეყნის ინტერესებით კი არ იმოქმედა, არამედ იმოქმედა სხვების ინტერესებით და საკუთარი თავი და ქვეყანა აქცია დიდი მოთამაშეების მოედნად. სწორედ ეს უთხრეს ტრამპმა და ვენსიმ, რომ ახალი მსოფლიოს წესრიგის მიღება უკრაინის ხარჯზე ხდება. უკრაინელი ხალხი მედიაპროპაგანდით და ამ ცენზურის საშუალებით, რომელიც დასავლეთში დღემდეა გამეფებული, მოატყუეს. ამიტომ ზელენსკის სხვა შანსი და გამოსავალი აღარ აქვს. ამას ევროპელები მშვენივრად ხვდებიან. ამიტომაც ურჩიეს უკან დაბრუნება და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მისი ფეხების ბაკუნი დიდხანს ვერ გაგრძელდება“, - ამბობს ანალიტიკოსი.