„ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირებით 100%-ით გაიმარჯვა ჩინეთმა, რომელიც არაფერში არ ერევა, მაგრამ ყველაფერს ხედავს“

„ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირებით 100%-ით გაიმარჯვა ჩინეთმა, რომელიც არაფერში არ ერევა, მაგრამ ყველაფერს ხედავს“

ვინ დადგა შოუ ოვალურ კაბინეტში? ცხადია, ტრამპისტები თითს ზელენსკისკენ იშვერენ და მას თავის ძველ პროფესიას -შოუმენობას შეახსენებენ, რომელსაც ზელენსკიმ არც ტრამპთან შეხვედრისას უღალატა. ამის საპირისპიროდ, ზელენსკის მომხრეები ტრამპს ამუნათებენ, რომ მან ვერ მიაღწია პუტინთან შეთანხმებას, დაპირებულ 24 საათში ვერ დაასრულა რუსეთ-უკრაინის ომი და სუსტი წერტილი იპოვა ზელენსკის სახით, რომელზეც მთელი ბოღმა გადმოანთხია. თუმცა ზელენსკი დამყოლი არ აღმოჩნდა და ტრამპს სიტყვა შეუბრუნა.

ოვალურ დარბაზში შეხვედრამ ბევრ ინსინუაციას მისცა დასაბამი - რა დროს დრესკოდის დაცვის მოთხოვნა და პიჯაკის გარეშე მისული ომში მყოფი ლიდერის გაკიცხვა იყო?! რატომ არ შეურჩიეს ზელენსკის სწორი დრო თავისი დანაშაულის გამოსავლენად, როცა ომი დასრულდებოდა? ხომ შეიძლებოდა, მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ გაერკვიათ, ზელენსკი გმირი იყო, თუ ყალთაბანდი?!

სხვათა შორის, ზელენსკის პიჯაკთან დაკავშირებით ამერიკაში კარგა ხანია, ხუმრობენ, რომ უკრაინის ლიდერი აშშ-ში ჩადის მილიარდების მოსათხოვნად და თვითონ ერთი პიჯაკიც ვერ უყიდია. თუმცა პიჯაკების თემა სულაც არ არის პრინციპული იმ დიდ საკითხთან შედარებით, რასაც ომის დასრულება ჰქვია. აქ კი პრინციპულია, მართლა სურს თუ არა ზელენსკის ომის დასრულება, თუ იგი გარკვეული ძალების მძევალია, რომლებიც ომით ხელს ითბობენ?!

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკების პირველ რაუნდს ჩაშლიდა. მართლაც, ზელენსკიმ ეს რაუნდი ძალიან კარგად შეასრულა.

ადრეც განვაცხადე ამის შესახებ, რომ ზელენსკი აუცილებლად მოლაპარაკების პირველ რაუნდს ჩაშლიდა, რადგან მას სჭირდება კიდევ უფრო მეტი სარგებელი ნახოს რუსეთ-უკრაინის ომიდან. ზელენსკის თავისი ინტერესები აქვს. გარდა ამისა, ეს ადამიანი საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული, ევრობიუროკრატია მას აწვება და არ აწყობს, ევროპა ამოვარდნილი იყოს ამ სერიოზული თამაშიდან. შესაბამისად, ზელენსკიმ ეს რაუნდი ძალიან კარგად შეასრულა, როგორც მსახიობმა. მან დაჩაგრულის როლი მოირგო. თანაც, ამ მოლაპარაკების პროცესში ზელენსკის ევროპელების ჩართვის ვალდებულება გააჩნდა. ევროპელებს არ აწყობდათ თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. ევროპელები არ არიან მოსურნეები, ომი დამთავრდეს და მშვიდობა დამყარდეს რეგიონში, მაგრამ ტრამპი მიზანსწრაფულია ომის დასრულების საქმეში. ტრამპი რომ არა, ამ ომის შეჩერებას არავინ ფიქრობდა. ევროპას არ სურდა ამ ომის დასრულება, მაგრამ მათ სხვა გზა არ აქვთ, ტრამპს ვერ აღუდგებიან წინ, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, დიფ სთეითის ევროპულ ფილიალს ომის დასრულება სულაც არ აწყობს, რადგან ომში ბევრ ფულს შოულობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში ცოტა სხვანაირად დალაგდება საკითხი, სავარაუდოდ, უკვე სხვა კონფიგურაციას მიიღებს ეს კონფლიქტი და ევროპელებიც შეეცდებიან, თვითონაც ჩაერთონ ამ თამაშში.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოვალურ კაბინეტში შეხვედრამ არცერთი მხარე კარგად არ წარმოაჩინა. თუმცა ამერიკას მეტი მოეთხოვება, თუ ის დიდი და დიადი სახელმწიფოა, როგორც ტრამპი ამას ამბობს.

უკრაინა ომშია, აქ ნერვებზეა ყველაფერი. ცხადია, სჯობდა, ზელენსკის თავი შეეკავებინა, მაგრამ ამ ეპიზოდიდან ზელენსკი არ გამოსულა წაგებული. საბოლოო ჯამში, შეიძლება უკრაინა აღმოჩნდეს წაგებული, მაგრამ ზელენსკის ქცევა გასაგები და ახსნადია. ამის მიუხედავად, ზელენსკის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ როცა ამხელა სახელმწიფოს პრეზიდენტი ხარ, პლუს ომში ხარ, მიდიხარ სათხოვნელად და ელოდები მხარდაჭერას, უფრო მობილიზებული უნდა იყო, ტრამპისა და ვენსის მხრიდან პროვოკაციას არ უნდა წამოეგო, რომლებმაც აშკარად დაცინვით დაიწყეს შეხვედრა. ისეთ ჟურნალისტს მისცა კითხვის დასმის უფლება, რომელმაც დასცინა ზელენსკის, კოსტიუმში რატომ არ ხარო. არადა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ზელენსკი ომის გამო დადის შესაბამის გასამხედროებულ ტანსაცმელში. ჯერ ერთი, პირველად ხომ არ ჩავიდა ასეთნაირი ჩაცმულობით ამერიკაში?! ჟურნალისტის მხრიდან პიჯაკის შესახებ დასმული შეკითხვის შემდეგ ყველამ გაიცინა, ანუ დაცინვით დაიწყო შეხვედრა. ქილიკი და დაცინვა ყოვლად მიუღებელია. თუმცა ზელენსკი ღირსეულად გამოძვრა და იუმორით უპასუხა. ტრამპს და ვენსს უნდოდათ, ჭკუა ესწავლებინათ, დაერიგებინათ ზელენსკი, როგორც უფროსი დაარიგებს ქვემდგომს, რომ ასე უნდა მოიქცე. ამის შემდეგ შევიდოდნენ ოთახში დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, -აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, მიიჩნევს, რომ, სინამდვილეში, ზელენსკი ამერიკაში პრესკონფერენციისთვის არ ჩასულა, ზელენსკი ჩავიდა მადანზე ხელმოსაწერად. ის ფაქტი, რომ ზელენსკის ასეთი შეხვედრა მოუწყეს მასპინძლებმა, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, იმით აიხსნება, რომ ტრამპს უკვე ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობის რთული გამოცდილება. ჯერ ტელეფინით ესაუბრა პუტინს, შემდეგ ორჯერ შეხვდნენ რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები ერთმანეთს, სამი ოფიციალური კონტაქტი ჰქონდათ მაღალ დონეზე ამერიკისა და რუსეთის ხელისუფლებებს და, სავარაუდოდ, ამ შეხვედრებით ტრამპი მიხვდა, რომ ასე იოლი არაა ამ კონფლიქტის მოგვარება, რუსეთი დათმობას არ აპირებს და ტრამპმა დაიწყო სუსტი რგოლის ძებნა. ვის დააბრალოს? ცხადია, ზელენსკის. ამიტომ ეს სპექტაკლი მოაწყვეს ჟურნალისტის მონაწილეობით, საჯარო დატუქსვით.

პაატა ზაქარეიშვილი არ მალავს, რომ ასეთი მკაცრი საუბარი პოლიტიკაში მოსულა. იგი იხსენებს, რომ მთავრობის წევრად ყოფნისას მისი მონაწილეობით დელეგაციები ჩადიოდნენ ევროკავშირში, ბრიუსელში და დახურულ კარს მიღმა საკმაოდ პრინციპული საუბრები ჰქონიათ მაღალ დონეზე, მაგრამ ეს ხდებოდა დახურულ კარს მიღმა და არა საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით. რაც შეეხება ზელენსკის, იგი ოვალურ კაბინეტში ჩაკეტეს, გარშემო სულ ამერიკელები ისხდნენ, ზელენსკი ერთი იყო, თანაც, ზელენსკისთვის ინგლისური არაა მშობლიური ენა, ნასწავლი ენაა და აშკარად ჩანდა, სრულყოფილად ვერ ფლობდა.

ძალიან ცუდი სპექტაკლი მოუწყეს, რათა ნერვებზე ეთამაშათ და ნერვებიდან გამოეყვანათ. სამწუხაროდ, ზელენსკი ნერვებს აჰყვა. როცა ამხელა სახელმწიფოს მეთაური ხარ და შენს ქცევაზეა დამოკიდებული შენი ხალხის ბედი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, გაუძლო წნეხს. აშკარად პროვოკაცია იყო ამერიკის მხრიდან, ზელენსკიმ ვერ აიცილა პროვოკაცია. ამ დაპირისპირებით მორალურად მოიგო უკრაინამ, მორალურად მოიგო ზელენსკიმ, უკრაინელი ხალხი მიხვდა, ვისთან აქვს საქმე, მაგრამ პერსპექტივაში უკრაინა წაგებულ მდგომარეობაშია, რადგან იარაღს არ მისცემს ამერიკა და რუსეთის წინაშე მარტო ტოვებს, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ამ ინცინდენტის შემდეგ დემოკრატებმა და თვით რესპუბლიკელებმაც კი ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვონ, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საიმპიჩმენტო აქ არაფერი მომხდარა. ჯერ ერთი, კონგრესში მთლიანად არიან რესპუბლიკელები. წელიწადნახევრის შემდეგ კონგრესში ჩატარდება შუალედური არჩევნები და გამორიცხული არაა, დემოკრატებმა მოიპოვონ უმრავლესობა, რისი შანსებიც იზრდება, რადგან ტრამპი კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს.

ტრამპს უნდოდა, რუსეთისთვის ესიამოვნებინა და თავად ჩავარდა ორმოში. აშკარად ჩანდა, რუსეთს ვერ დაუპირისპირდებოდა. მე არ მჯერა, რომ პუტინს ეშინია, ტრამპი ასევე არ მოექცეს. არა, ტრამპი პუტინს ასე არ მოექცევა. პუტინმა იცის, რომ ტრამპი მთხოვნელია, ტრამპი მომთხოვნი არ არის, ტრამპი თხოვს რუსეთს ომის დასრულებას და რუსეთი ამას არ უსრულებს. პუტინს აწყობს, დრო გაწელოს, ომი გახანგრძლივდეს. ტრამპი ამბობს, მე არ გადავუგდივარ პუტინსო, განსხვებით, ბუშის, ობამას და ბაიდენისგანო, მაგრამ ტრამპი რას ლაპარაკობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს-მეორეს. რასაც იტყვის ახლა, ხვალ უარყოფს. რუსეთი კი ბუნებრივად გადამგდებია, რუსეთი ყველას აგდებს, მარტო ობამას და ბაიდენს კი არა, ამერიკასაც გადააგდებს, მთელ მსოფლიოსაც გადააგდებს. პუტინისთვის ტრამპს არ აქვს მნიშვნელობა, მას სურს, მიაღწიოს გამარჯვებას უკრაინაში, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ თუ ვინმემ 100%-ით გაიმარჯვა, ეს არის ჩინეთი, რომელიც არაფერში არ ერევა, მაგრამ ყველაფერს ხედავს.