თეთრი სახლში მომხდარი ერთგვარი სკანდალის შემდეგ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. დასავლეთში შიშობენ, რომ თუ ვაშინგტონი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, აშშ-ის გეოსტრატეგიული შეკავების შესაძლებლობა რუსეთთან, ჩინეთსა და სხვებთან დაკავშირებით, იმავე დღეს გაქრება. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, „რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე, თუ მას არ შეაჩერებენ“. ხოლო, ამის ფონზე კი ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირი გეგმავს, ევროპაში 300 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული გაყინული აქტივები უკრაინას გადასცეს.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან დიალოგის განახლების გარდა სხვა გზა არ აქვს. მისივე თქმით, „ყველა თანახმაა მშვიდობის დამყარებაზე“, მაგრამ არ შეიძლება იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, თუ უკრაინას ბედის ანაბარა მიატოვებენ“.
„ამერიკელების აშკარა ბედი უკრაინელების მხარეზე ყოფნაა, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ბოლო სამი წლის განმავლობაში, სრულად შეესაბამება მის დიპლომატიურ და სამხედრო ტრადიციებს. მინდა, მკაფიოდ ვუთხრა ამერიკელებს, რომ უკრაინისგან გამიჯვნა მათ ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა მაკრონმა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ უკრაინაზე გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი ევროპულ ქვეყნებს დაესხმევა თავს, გამოგონილი ამბავია. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, თუ ევროპა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს, კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ გაფართოვდება, არათუ შეჩერდება.
„ის არგუმენტი, თითქოს უკრაინაზე გამარჯვების შემდეგ, რუსეთი ევროპას შეუტევს, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და გამოგონილი გარკვეული წრეების და ლიდერების მიერ, რომ გაამართლონ ის ქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ უკრაინაში, რომლის მიზანიც არის რუსეთის სტრატეგიული დამარცხება. ახლა, როდესაც ხედავენ, რომ ამ მიზანს ისინი ვერ აღწევენ და პერსპექტივაში, ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია ბირთვული კონრონტაციის გარეშე, ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთი გამოსავალი იპოვონ სიტუაციიდან გამომდინარე, ანუ ისე გამოვიდნენ ამ ომიდან, რომ სახე შეინარჩუნონ და ამას თავად ევროპაში არ მოჰყვეს ტექტონიკური, პოლიტიკური ძვრები.
მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში კონფლიქტი მოხდა, ეჭვის ქვეშ დადგა აშშ-ს მხრიდან უკრაინისადმი დახმარება, ეცდებიან თავად გაუწიონ უკრაინას სამხედრო დახმარება იმისათვის, რომ რუსეთს არ მიეცეს საშუალება, სწრაფი გამარჯვება მოიპოვოს უკრაინის ფრონტზე. შეთანხმებულია, რომ უკრაინას გამოუყოფენ სესხს და ეს სესხი დაიფარება იმ შემოსავლებით, რასაც ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიიღებს ევროპა, ეს არის, დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარი.
თეთრ სახლში შელაპარაკების შემდეგ, ევროპელი ლიდერების სასწრაფო სამიტმა ლონდონში, მათმა განცხადებებმა და ა.შ. არ მოაახლოა მშვიდობა უკრაინაში, პირიქით - კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. თუ ევროპა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, გერმანიის მთავრობა გადასცემს უკრაინას იმ თანამედროვე იარაღას, რაზეც შოლცის მთავრობა უარს ამბობდა, კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ გაფართოვდება, აქედან გამომდინარე, ბირთვული ომის საშიშროებაც გაიზრდება. ასე რომ, ჩვენ ძალიან საშიში პროცესების წინაშე ვდგავართ და ჯერჯერობით რაიმე მშვიდობაზე საუბარი უკრაინის ომთან დაკავშირებით ძალიან ნაადრევია“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ მიხვდა, რომ უკრაინაში ომს აგებს.
„თუკი რუსეთმა ჩათვალა, რომ ის ვეღარ უმკლავდება ამ კონფლიქტს, ვფიქრობ, რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, მით უმეტეს, რომ პუტინმა არაერთხელ გაუგზავნა გაფრთხილება დასავლეთს, რომ ის უკან არ დაიხევდა ბირთული იარაღის გამოყენებისგან. ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა არსებობს. მართალია, ის ჯერჯერობით არ არის მაღალი, მაგრამ მისი შესაძლო გამოყენება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინის სამხედრო ფრონტზე - რუსეთის საზიანოდ თუ მის სასარგებლოდ. სწორედ ეს არის მთავარი განმაპირობებელი, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს. თუ გამოიყენა, მისი გამოყენება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მოხდება ევროპის სამხედრო თეატრზე“, - აღნიშნა მან.
თუმცა, ანჯაფარიძემ აქვე დასძინა, რომ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ევროპის მხრიდან გამორიცხულია: „არავინ, მათ შორის ევროპული ქვეყნები, ამას არ დათანხმდება, რადგან ბირთვული კლუბის გაფართოება არავის ინტერესში არ შედის“.