ევროკავშირი საქართველოში გეგმებს არ ცვლის. რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, „მსოფლიოში მიმდინარე „ეროვნულ-კონსერვატიული შემობრუნების“ გათვალისწინებით, ევროკავშირმა გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებასთან მუშაობაში ლიბერალური დაპირებებიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე გადავიდეს. კერძოდ, ევროკავშირი მზად არის დემონსტრაციების მონაწილეებს დღეში 120 ევრო გადაუხადოს.
როგორც რუსეთის დაზვერვის განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირის პროგრამის „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ ფარგლებში ახალგაზრდა ქართველებს 50 000 ევრომდე ოდენობის გრანტებს შესთავაზებენ „პროგრესული“ პროექტების რეალიზაციისთვის. სახსრების გამოყოფის მთავარი კრიტერიუმია - ავტორების დასავლეთისადმი ლოიალურობა.
„თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობას მნიშვნელოვანი სახსრები გადაეცა მანიფესტაციების შენარჩუნებისთვისა და კოორდინაციისთვის. დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითოეული მონაწილისთვის დღიური „სამუშაოსთვის“ 120 ევროს გადახდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირგამომთხრელი აქციების დაფინანსების ევროკავშირის არხების დაბლოკვის მცდელობების შემთხვევაში, მუშავდება სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ფულის ჩატანის ვარიანტი“, - ნათქვამია რუსეთის დაზვერვის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადების თანახმად, „ბრიუსელს დაქვემდებარებული“ ქართული და ევროპული მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებული არიან ბლოგერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, IT სპეციალისტებისთვის, საქართველოში გადასული რუსებისთვის „ტვინის გამორეცხვაზე“ - ისტორიებით „ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის უპირატესობებზე“ და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული „პოლიტიკის პრორუსული ვექტორის“ ჩიხზე.
ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა რუსეთის დაზვერვამ, უარყოფენ ბრიუსელში და მიაჩნიათ, რომ ეს ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოა. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადება პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში, რადგან, მისი მტკიცებით, რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“.
„თუ ვინმე ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქუჩის პროტესტები უბრალოდ ლოკალური ბრძოლაა ოპოზიციასა და მთავრობას შორის, რუსეთის დაზვერვის განცხადება საპირისპიროს ადასტურებს. ეს რუსეთის პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში. საშუალება მომეცით შეგახსენოთ: 2020 წელს ბელარუსებს ფულისთვის პროტესტი დააბრალეს. ისევ გამოიყენება კრემლის იგივე ნარატივები. როგორც კრემლმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს, ახლა ივანიშვილის უჭერს მხარს. რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“. არ შეცდეთ - ეს მხოლოდ საქართველოზე არაა. ეს იმაზეა, რომ რუსეთი იმის დაბრუნებას ცდილობს, რაც მისი გავლენის კანონიერ სფეროდ მიაჩნია. ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის ეს ნათელი სიგნალი უნდა იყოს: მათ მხარი უნდა დაუჭირონ ქართველ ხალხს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ოფიცილაურად მხრს უჭერს და ლობირებს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას, ამტკიცებს, რომ საქართველოში სიტუაცია არის ძალიან რთული და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველები გამოსავალს იპოვიან.
„აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებია, მარტივი ტყუილებია. არ ვიცი, რა მიზნები აქვს რუსულ პროპაგანდას, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებს, მაგრამ მე შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. საქართველოში სიტუაცია არის ძალიან რთული. იმედი მაქვს, ქართველები აქედან გამოსავალს იპოვიან და ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია, რაზეც 27 წევრი სახელმწიფო თანხმდება და სწორედ ამას ვაკეთებ აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკის მსგავსად ყველგან და ყველაფერში რუსეთის კვალს ხედავს რადიკალური ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობას და მათი ოჯახის წევრებს ბიზნესები აქვთ რუსეთში. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ როცა რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, ეჭვის სივრცეს აღარ ტოვებს, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება.
„ქართული ოცნება“ იმ ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფოს დაზვერვა და ეს დღესავით ნათელი მტკიცებულებაა, თუ ვის წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. ისინი დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობილია, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება და განხორციელება დაფინანსებულია სწორედ ევროკავშირისგან. პროცესების სათავეში ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დგას და როგორც ირკვევა სალაროსაც ზურბაშვილი განკარგავს. უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ ზღვარს გაცდენილია, დიდი ხანია, წითელი ხაზები გადალახა და არაევროპული ღირებულებების პროპაგანდით არის დაკავებული.
„სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ფაქტია, ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აცდენილია, დიდი ხანია, მან გადალახა წითელი ხაზები. ჩანს, რომ ის „დიფ სთეითის“ რუპორი გახდა საქართველოში. ელჩი ცდილობს, არა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციას, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და პოზიტიური მიზნების მიღწევას, არამედ, პირიქით, განცალკევების, დაპირისპირების, არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით არის დაკავებული.
დიდი იმედი მაქვს, სიტუაცია გადაიტვირთება და ევროკავშირიდან შემდგომი დიპლომატიური წარმომადგენლები იქნებიან დიპლომატიური მისიის რეალურად შემსრულებლები და არა რაღაც იმ ძალების გამხმოვანებლები, რომელთა მიზნებსაც, სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს არც ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა და არც მისი დემოკრატიული განვითარება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილი ადასტურებს, რომ USAID-ის მიერ რადიკალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ საპროტესტო აქციების დაფინანსებას ევროკავშირი აპირებს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ საპროტესტო აქციებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ბლოკირებას მოახდენს, მაშინ შესაძლოა, რომ სომხეთში განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან „ქეშის“ სახით მოხდეს აქციების დაფინანსება.
„აი, რას ფიქრობს ადეკვატური, ნორმალური ევროპა საქართველოზე და აქ მიმდინარე მოვლენებზე. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩნდება მორიგი შემაშფოთებელი ინფორმაცია: USAID-ის ხაზით ფულადი კალაპოტების გადაკეტვის გამო, საქართველოში საპროტესტო აქციების მატერიალურ წახალისებას სწორედ ევროკავშირი აპირებს.
ურსულა ფონ დერ „ბაიდენის“ ბრიუსელი თითქოსდა ერთ მომიტინგეზე დღიურად 120 ევროს გამოყოფას აპირებს. ჩვენი „მესამე სექტორის“ ექსკლუზიური ბუღალტერიის გათვალისწინებით, ადვილად დასაშლელია ეს თანხა როგორც მინიმუმ სამ დაინტერესებულ მხარეზე. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება ამ ფულადი გზავნილების ბლოკირებას მოახდენს, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს საჭირო თანხები „ქეშად“, შესაძლოა სომხეთში განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან მიაწოდონ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაცია უნიკალური არ არის, რადგან ცხადი იყო, რომ აქციის დაწყების დღიდან ადამიანებს ფულს უხდიან იქ ყოფნაში.
„საქართველოში არ იმალება ასეთი ინფორმაცია. 200-300 ლარს უხდიან ყოველდღე, რომ შვიდი საათიდან ღამის პირველის ნახევრამდე იყვნენ. რა ციფრსაც რუსეთი დაზვერვა აცხადებს, ეს გამოდის 350 ლარი. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა - თუ 350 ლარია გამოყოფილი დღეში თითო პროტესტანტისთვის და რეალურად 200-300 ლარს ღებულობენ, დანარჩენი 50 ლარი სად მიდის? ჩვენ რაც ვიცით - სალომე ზურაბიშვილი ვისაც აბარია სალარო - ბიუჯეტი, ის ანაწილებს თანხას ამ მონაწილე ორგანიზაციებზე, პარტიებზე და აქტივისტებზე.
ამის გამოა, რომ ცუციკებივით ყველა აღაირებს, რომ სალომე არის უზენაესი ლიდერი და ამ დროს ვერც ერთი ვერ იტანს და მეორე მხრივ ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც არიგებს ამ ფულს. ეს არის სახე - კუდის ქიცინი ფულისთვის, მლიქვნელობა ფულისთვის. კითხვა მაქვს იმ ბანაკთან - 50 ლარს ვინ იტოვებს? რატომ არ მიდის ბოლომდე ეს თანხა პროტესტანტამდე? ვინ ტეხავს 50 ლარს ამაზე გასცენ პასუხი! ზოგი პროტესტანტი 200 ლარს ღებულობს და აქ უკვე 150 ლარს უტეხავენ“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ ინფორმაციაში მნიშვნელოვანია ერთი ნაწილი, რომელიც ეხება სომხეთში განთავსებულ ევროპულ საელჩოებს, რომლებიც საქართველოსთვის რევოლუცირუი ფულის მოწოდებაში არიან ჩაბმული.
„ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთის მოსახლეობა არის ამაში ჩართული. საქმეზე ეხება სომხეთში განთავსებულ დასავლეთის საელჩოებს და შესაძლოა, ასე იყოს. მახსოვს, უკრაინაში ევრომაედანი რომ იყო, იქ უცხოელების რევოლუციური შტაბი ლიეტუვის საელჩოში იყო. საქმე იმასთან გვაქვს, რომ ამ გლობალური ლიბერალური წრეებისგან, მათ შორის ბაიდენის ადმიანისტრაციის მხრიდან თავიდან იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა, ასევე იყო ევროკავშირის ბიუროკრატია და მათ უკან მდგომი ტრანსნაციონალური ფულის მფლობელები, ახლა აშშ ჩამოშორდა ამ მარათონს.
ტრამპმა დაარღვია გლობალისტების ინსტრუმენტებად ცნობილი სამთავრობო ორგანიზაციები, საიდანაც ფინანსდებოდა მეხუთე კოლონა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ამერიკული ფული მოაკლდათ და დაიწყეს წუწუნი ფული მოგვეცითო. ეს ხალხი არაა იდეოლოგიურად მყარი ხალხი. ეს ლიბერალური დღის წესრიგი მათთვის არის ერთგვარი შირმა, რომ ფული აკეთონ, მივლინებებში იარონ და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაისვენონ. საკმაოდ დიდი ფულზეა საუბარი. რეალობას მოწყვეტილმა ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ ტრამპს დაარტყან საქართველოში. ეს არის შეტევა ტრამპზე საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.