„არავითარი გაუგებრობა ტრამპსა და კრემლის ადმინისტრაციას შორის საქართველოსთან დაკავშირებით არ იქნება“

„არავითარი გაუგებრობა ტრამპსა და კრემლის ადმინისტრაციას შორის საქართველოსთან დაკავშირებით არ იქნება“

ჯერ კიდევ 2018 წელს ნატოს სამიტზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას დონალდ ტრამპმა ასეთნაირად უპასუხა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არა ახლა.

ვერსიების დონეზე შეიძლება მივხვდეთ, დღეს რას ფიქრობს ტრამპი საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მით უფრო, იმ განწყობის შემდეგ, რაც ტრამპს ნატოს მიმართ გააჩნია და ვერ გადაუწყვეტია, თავად დარჩეს თუ არა ამერიკა ალიანსში?! აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკა დარჩება ნატოში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან, მაგრამ მოკავშირეები თუ საკმარის ინვესტიციას არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ ალიანსის დატოვებას განიხილავს. გარდა ამისა, ტრამპი თვლის, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის.

ტრამპს ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის გამოცდილება გააჩნია. 2017 წელს პრეზიდენტის ამპლუაში ოვალურ კაბინეტში შეხვდა მაშინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. მისი ადმინისტრაციის დროს საქართველოს ხშირად სტუმრობდნენ აშშ-ის მაღალჩინოსნები - მაიკ პომპეო და მაიკ პენსი.

უცნობია, დღეს რა განწყობა აქვს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს საქართველოს მიმართ, მეორე ვადით პრეზიდენტობისას მას ჯერ საქართველო არ უხსენებია, მაგრამ გამორიცხული არ არის, ამერიკისთვის კვლავაც მომხიბვლელი იყოს საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე.

ცალკეული ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბაიდენის ხელისუფლების მიწურულს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე საქართველოს ნიშა დაიკავა სომხეთმა, თუმცა სომხეთს ჩვენსავით იდეალური გეოსტრატეგიული მდებარეობა არ გააჩნია. ამდენად, წესით, საქართველო ამერიკისთვის შეუცვლელი უნდა იყოს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ ამერიკის, არამედ რუსეთის და ჩინეთის ინტერესებშიცაა საქართველო. საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლება ბალანსირების პოლიტიკას აწარმოებს, რისი მეშვეობითაც შედეგებზე გავდივართ. ისტორიისთვის მთავარია შედეგი -დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. რაც შეეხება გარკვეული ძალების მიერ საქართველოში დასმულ მეხუთე კოლონას, რომელსაც რადაც არ უნდა დაჯდომოდა, საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, იგი თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და დაბოდიალობს რუსთაველზე. ოპოზიციის ამაზე მეტი გაბითურება არსად მომხდარა, როგორც საქართველოში.

გადახედონ ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის 21 ოქტომბრის წინასაარჩევნო გამოსვლას, შემდეგ ნახონ დონალდ ტრამპის 2025 წლის 20 იანვრის საინაუგურაციო სიტყვა, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებას და, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი ამოხსნილი აქვს მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ბრძოლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა ადგილი უჭირავს საქართველოს ამერიკის, რუსეთის და ჩინეთის ინტერესებში. ამის ნათელი მაგალითია, რომ უკრაინის ომიდან სამი წლის თავზე საქართველოში მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ზედმიწევნით ამოიცნეს ის გეგმები, რომლებიც მსოფლიოს დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს გააჩნიათ. ცხადია, დიდ ქვეყნებს საკუთარი ინტერესები აქვთ, მაგრამ პოლიტიკოსს იმიტომ ჰქვია პოლიტიკოსი, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესი მოარგოს დიდი ქვეყნების ინტერესებს, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე არ ფიქრობს, რომ ამერიკას საქართველო შეიძლება დასჭირდეს თავისი ინტერესებისთვის აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი თქმით, შემთხვევითი არაა ტრამპის განცხადება -გაიმარჯვა საღმა აზრმა, საღი აზრი კი ამერიკელებს კარნახობს, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როცა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე დგას რუსეთის მძლავრი სამხედრო ბაზები, მათ შორის, ჩვენი ერთადერთი ჩქაროსნული ავტოსტრადიდან 400 მეტრში დგანან რუსი მესაზღვრეები, როცა რუსეთის ტანკები და რაკეტები თბილისიდან 30 კილომეტრშია, აქ უკვე ამერიკის ინტერესზე საუბარი ზედმეტია. ოკეანის გაღმელებს რაღაც ინტერესი რომ ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, უსათუოდ მოილაპარაკებენ კრემლთან ისე, რომ კრემლისთვისაც მისაღები იყოს. ამდენად, პეტრე მამრაძის აზრით, არავითარი კონფლიქტი და გაუგებრობა ტრამპსა და კრემლის ადმინისტრაციას შორის საქართველოსთან დაკავშირებით არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა.

დათმობს თუ არა ტრამპი საქართველოს პუტინის სასარგებლოდ? ამის შესახებ ანალიტიკოსი ამბობს, რომ როგორც იყო სტატუს კვო, ისე შენარჩუნდება. ამერიკელებს თითიც არ გაუნძრევიათ ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველოში ვითარების შესაცვლელად.

კი ბატონო, ამერიკის მხრიდან განცხადებები იყო. რამდენი განცხადება გააკეთეს ამერიკელებმა და მოუწოდეს კრემლს, დაბრუნებოდა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციას. უფრო მეტიც, თეთრი სახლის წარმომადგენლებს როცა ეკითხებოდნენ ჟურნალისტები საქართველოსთან მიმართებით, ისინი პასუხობდნენ, დიახ, ჩვენ გვაქვს შეთანხმება კრემლთან იმაზე, რომ გვექნება უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით. ნახეთ, რა ძლიერი განცხადებაა?! ანუ გვექნება შეთანხმება უთანხმოებაზეო. ეს დიპლომატიური ტერმინი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გაჩნდა ევროპაში, რაც ნიშნავს, მოდით, შევთანხმდეთ, მე ამა თუ იმ საკითხზე რასაც ვიტყვი, შენ იტყვი ამის საპირისპიროს, განსხვავებულ აზრებს დავაფიქსირებთ სხვადასხვა შეხვედრისა და ფორუმის დროს, მაგრამ ეს არ მოახდენს არავითარ გავლენას ჩვენს ურთიერთობაზე, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობა, ვაჭრობა, თუ სხვა. მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომი დასრულდა და აშშ-ის ხელისუფლებაში ობამა მოვიდა, დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის ხელახალი გადატვირთვის პოლიტიკა. ანუ რუსეთთან ურთიერთობა აგვისტოს ომის შემდეგ კი არ გამწვავდა, არამედ შეერთებულმა შტატებმა შეცვალა ის ხაზი, რაც მანამდე ჰქონდა, გამოცხადდა ხელახალი გადატვირთვა და ყოველმხრივ ხდებოდა ურთიერთობის აღდგენა. პრეზიდენტი მედვედევი ჩავიდა ობამასთან, ობამა ჩავიდა მოსკოვში, დაიდო ხელშეკრულებები სავაჭრო სფეროში და არავითარი პრობლემა არ იყო, - აცხადებს პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ შეცვლილიყო ეს სტატუს კვო, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ოკუპირებული იყო საქართველოს ტერიტორიის 20%, რუსეთის ფედერაციამ სააკაშვილის პირდაპირი დახმარებით მოახდინა ოკუპაცია და მისივე დახმარებით ცნო ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ამის საწინააღმდეგოდ არაფერი გაკეთებულა შეერთებული შტატების და დასავლეთის მხრიდან. ამდენად, ამიერიდან როგორ უნდა გადასცეს საქართველოს ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი ტრამპმა რუსეთს, როცა ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია 2008 წლის აგვისტოში და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა?!