„ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური სტანდარტები. ამავე კანონის მიხედვით, ქართულ მედიასაშუალებებს უცხოურ დაფინანსებაზე წვდომა შეეზღუდებათ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს საზოგადოების ინტერესებშია, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, სიძულვილისა და სიცრუისგან იყოს დაცლილი მედია, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აღიარებული პრობლემა, მათ შორის, ეს პრობლემა არის დაფიქისრებული ეუთო/ოდირის დასკვნებში. ამას სჭირდება რეგულირება, თუმცა ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები და თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას, იმიტომ რომ მათ აწყობთ სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება, რაც ხდება შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან.
„ზოგადად, მედიაში არის სერიოზული პრობლემა. მედია არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო. ეს არ შეესატყვისება ქართული საზოგადოების ინტერესებს. ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ მან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით და ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ სიძულვილისა და სიცრუისგან იყოს დაცლილი, ზოგადად, მედია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მედია შეიძლება იყოს კრიტიკული და ხშირ შემთხვევაში, თუნდაც არაობიექტური, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გათვლილი ფინანსებზე, გარეშე ძალებსა და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, საქართველოში დესტაბილიზაციისთვის არცერთი რესურსი არ უნდა გამოიყენებოდეს, მათ შორის, არც მედია.
„მსოფლიოში ანალოგი არსებობს, დიდი ბრიტანეთის მედია სივრცეს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებას ან ხელისუფლების მიერ მედიაპოლიტიკის უზურპაციას ვერავინ დააბრალებს, ეს გამორიცხულია და საქართველოშიც ზუსტად იგივე უნდა იყოს. თუმცა, ისეთი მექანიზმი არ უნდა იყოს, რომელიც ქვეყანას მხოლოდ იმიტომ აზიანებს, რომ ვიღაცას გარედან ასე სურს - პატარა ქვეყანა მუდმივად ტურბულენტურ ზონაში იყოს და საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს. ამისთვის არცერთი რესურსი არ უნდა გამოიყენებოდეს, მათ შორის, არც მედია.
მედია შეიძლება იყოს კრიტიკული და ხშირ შემთხვევაში, თუნდაც არაობიექტური, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გათვლილი ფინანსებზე, გარეშე ძალებსა და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ამას ვინ განსაზღვრავს? - რასაკვირველია, კანონი. არავინ შეარჩენს არც საქართველოს ხელისუფლებას, არც დიდი ბრიტანეთის და არც სხვა ქვეყნის ხელისუფლებას მედიის დათრგუნვას და უხეშად მოქცევას, რათა აზრის თავისუფლება ჩაახშოს, ეს გამორიცხულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს წარმატება არ უწერია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, ქართული მედია შეიძლება შევადაროთ იარაღს, რომელიც ქვეყნისთვის არაკეთილისმოსურნე იმ ძალის ხელშია, რომელიც იწვევს ქვეყნის დაზიანებას.
„მედია არ შეიძლება იყოს მტრულად განწყობილი და თესავდეს პანიკას. არ შეიძლება მედია დივერსიების მომწყობი და ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი მედია გვაქვს, რომელიც განუწყვეტლივ შხამავს ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას უსპობს განვითარების საშუალებას და განსაკუთრებით ეს ეხება ელექტრონულ მედიას. გასაგებია, რომ ძალიან ბევრი მდიასაშუალება აღმოჩნდა ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის მათ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ არაპროპორციულია საქართველოს ეკონომიკისთვის და მოსახლეობის რიცხვისათვის იმ მედიასაშუალებების რაოდენობა და თვითონ ჟურნალისტთა კორპუსის რიცხვი რომელიც გვაქვს.
სამწუხაროდ, ესეც იწვევს იმას, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ ნორმალური სამუშაოს პოვნის საშუალება, ვინაიდან ბაზარი შეზღუდულია. აქედან გამომდინარე ხდება მათი დაფინანსება და გამოყენება იმ ძალების მიერ, რომელთაც აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და ვგულისხმობ საგარეო ძალებს. ამითაც აიხსნება სოროსის მედია-იმპერიის ბატონობა საქართველოს სამ მედიასაშუალებებზე. სოროსის დღის წესრიგი ვიცით და ნათლად ჩანს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგი თვლის, რომ კანონი მისაღებია, მაგრამ პარალელურად, მისაღებია სხვა გეგმაც იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ამ პრობლემას მიხედავს. კერძოდ, ამ ადამიანებს პროფილის შეუცვლის და სხვა პროფესიაში დაასაქმებს.
„ამ პატარა ქვეყენას იმდენი ოპოზიციური და არაოპოზიცური მედია ჰყავს, რომ შეუძლებელია ეკონომიურად იყოს მომგებიანი. ეს არის პოლიტიკური მედია, რომელიც ფინანსდება სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთებით სორისის ფონდიდან, რომელიც გამოირჩევა თავისი დესტრუქციული ხასიათით. ამ პრობლემაში ვართ და ამიტომ საჭიროა კანონით მისი დარეგულირება. ეს კანონი არ ნიშნავს, რომ მედია იზღუდება - მედია ახლა თავისუფალია? ეს ხომ კომედიაა საერთოდ. ცალკეული მედია ფანჯრები შეიძლება იყოს ასე თუ ისე თავისუფალი.
მაგრამ როგორ შეიძლება თავისუფალი უწოდოთ „ტვ პირველს“, რომელიც საიდან ფიფნასდება კი ვიცით, ან „მთავარს“ და „ფორმულას“. „პოსტივი“ ხომ არ მალავს, რომ სახელისუფლებო მედია არის. არის კიდევ ე.წ. ვითომ ოპოზიციური მედია და რეალურად არის დივერსიული მედია, რომელიც ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას და უბედურება ის არის, რომ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას ებრძვის.
ავიღოთ მათი ბიუჯეტი - არც ერთი ეს მედია მომგებიანი არ არის, რის ხარჯზე არსებობს მაშინ? სახელისუფლებო მედიის შემთხვევაში ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიციური მედიები რის ხარჯზე არსებობენ? ვინმეს სჯერა რომ შემოწირულებზე არსებობენ, ან რომელიმე ჭუტა წერეთელი უანგაროდ წირავს ფულს? ან ოქრიაშვილი? გასაგებია, რომ ამათ უკან დგანან სპეცსამსახურები. ავიღოთ მათი ხელფასები, რომელიმე გამოჩენილი მედია და ვნახოთ, რომ წამყვანი ხუთჯერ მეტს იღებს, ვიდრე პარლამენტარი ამ ქვეყანაში. ეს არის მახინჯი სისტემა და აუცილებელია კანონის ამუშავება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კანონის ამუშავებას სჭირდება აღსრულების მექანიზმი, აღსრულების მექანიზმით იზომება კანონის ეფექტურობა, ისე, წადი და იკითხე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.