ვინ უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოებას და ვინ აიღებს ამის გარანტიას საკუთარ თავზე? - აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ ის უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემს და ამერიკის ჯარი ფრონტის ხაზზე არ განლაგდება. თუმცა აქვე ამატებს, რომ ამის გარანტიები ევროპამ უნდა აიღოს, რადგან უკრაინის მეზობლები არიან.
მოსკოვში ტრამპის პოზიციას არ იზიარებენ. „რუსეთი არ განიხილავს ევროპელი სამშვიდობოების უკრაინაში განთავსების რაიმე ვარიანტს“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
რაც შეეხება ევროპას, საფრანგეთი, ბრიტანეთი და რიგი სხვა ქვეყნები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავენ. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ერიკ ლომბარდმა Bloomberg Television-ს განუცხადა, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები მზად არიან გაგზავნონ ჯარები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ეთანხმება ამ იდეას.
თუმცა, ევროპის ქვეყნები მოითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა დახმარება გაუწიოს ასეთ მისიას.
ტრამპს ჯერ არ გაუკეთებია საბოლოო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. WSJ ოთხშაბათს იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპისგან ვერ მიიღო გარანტიები, თუმცა არც უარი მიუღია.
ლავროვის თქმით, ევროპელების მიდგომა, კერძოდ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის, მიზნად ისახავს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას და მისი განმუხტვის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას.
„მაკრონმა ვაშინგტონში ისაუბრა ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის აუცილებლობაზე, სამშვიდობო ძალების შეყვანაზე, შემდეგ კი, ჩვენ ვისაუბრებთ ტერიტორიებზე, ხალხის ბედზე, დარეგულირების სხვა პრინციპებზე. ეს არის მოტყუება. შეუძლებელია ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ერთი მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად – უკრაინის იარაღით ხელახლა შევსებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამორიცხა უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა საკონტაქტო ხაზით. მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში საუკეთესო დახმარება არის მიზეზების გაცნობიერება.
ამასთან, ლავროვს არ უხსენებია, ტრამპის მიერ გამოთქმული რწმენა, რომ ვლადიმირ პუტინი დათანხმდება უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების ყოფნას.
ლავროვის სიტყვები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი კვლავაც დაჟინებით ითხოვს მისი კონტროლის ქვეშ უკრაინის ყველა იმ ტერიტორიის მოქცევას, რომლების ანექსიის შესახებაც გამოაცხადა რუსეთმა. 2014 წელს ანექსირებული ყირიმის გარდა ეს არის კიდევ ოთხი ოლქი, სადაც ამჟამად სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის.
ლავროვმა თქვა, რომ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას (რომელშიც უკრაინის რამდენიმე რეგიონი ჩამოთვლილია როგორც რუსეთის ნაწილები). ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინის წინადადება, შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლოს რუსეთის ბუნებრივი რესურსების განვითარებაში, ეხება რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებსაც.
დონალდ ტრამპის თქმით, ის უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს „დიდად არ მისცემს“ და ამაზე პასუხისმგებლობა ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ გეოგრაფიული სიახლოვის გამო.
„დიდად არ ვაპირებ უსაფრთხოების გარანტიების მიცემას. ჩვენ ვაიძულებთ ევროპას, გააკეთოს ეს, რადგან ევროპა მათი მეზობელია. მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს. და როგორც იცით, ჩვენ ამას გავაკეთებთ – რეალურად გავხდებით უკრაინის პარტნიორები იშვიათი წიაღისეულის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან გვჭირდება იშვიათი წიაღისეული. მათ აქვთ შესანიშნავი იშვიათი წიაღისეული“, – განაცხადა ტრამპმა.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ასე ადვილად მშვიდობის დამყარება უკრაინა-რუსეთის ომში ვერ მოხდება. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ გამორიცხულია კრემლი ევროპელ სამშვიდობოების ჩაყენებას დათანხმდეს და ამას თავისი რიგი მიზეზები აქვს.
„რუსეთს რატომაც არ უნდა ევროპელი სამშვიდობოების უკრაინაში განლაგება, ეს არის ის ფაქტი, რომ ევროპა მათ მიმართ ანტაგონისტურად არის განწყობილი. იქ სამშვიდობოების შეყვანა კი ნიშნავს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპაც უნდა დაჯდეს. ასეთ შემთხვევაში კი გაცილებით მეტი იქნება ანტირუსული რიტორიკა და განწყობა. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც არ უნდა კრემლს ევროპელებთან საუბარი. მეორეც, ძალიან მარტივად მიაჩნიათ ახლა კრემლში ტრამპის მსგავს ექსცენტრიკულ ფიგურასთან ურთიერთობა, მით უმეტეს იმ ფონზე, რა დამოკიდებულებასაც ის ახლა ევროპის და უკრაინის მიმართ იჩენს. მე არ მგონია, რომ ტრამპი რამეს თამაშობს. ბევრისგან მოვისმინე, თითქოს ის ამ რიტორიკით რუსებს იტყუებს მოლაპარაკების მაგიდასთან. ის არ არის ასეთი პოლიტიკოსი, ის რასაც ფიქრობს პირდაპირ ამბობს. თანაც ვხედავთ პოზიციებს ხშირადაც იცვლის. თუმცა რუსეთზე რასაც ამბობს, ეს მისი რეალური განცხადებები მგონია“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რაზე შესაძლოა რუსეთი თანახმა იყოს, ბენდიანიშვილი ამბობს, რომ პუტინისთვის ახლა მთავარია გააკონტროლოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც უკვე კონსტიტუციაში, როგორც საკუთარი, ისე აქვს დაფიქსირებული.
„ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონბასი კონსტიტუციით საკუთარ ტერიტორიებად გაიფორმა. სინამდვილეში კი აქედან მხოლოდ თუ ავიღებთ დონეცკს და ლუგანსკს, რომელსაც ნაწილობრივ აკონტროლებს, დანარჩენ ორზე ხომ საუბარი ზედმეტია. ამიტომ, მოლაპარაკების დროს კრემლი პირდაპირ მოითხოვს, რომ ეს 4 რეგიონი მას უნდა გადაეცეს. ეს კი ძალიან დიდი ტერიტორიებია, რაზეც ნაკლებად მგონია, რომ უკრაინა როდისმე დათანხმდეს. რუსეთმა ამხელა რესურსი გაიღო, ამდენი ადამიანი დაკარგა და ამხელა ფულადი სახსრები აქვს ჩადებული, ბოლომდე მიაწვება იმ პოზიციას, რომ ეს ტერიტორიები გაიფორმოს. პუტინისთვის ეს იქნება წარმოუდგენელი, რომ კონსტიტუციაში აქვს უკვე ეს ტერიტორიები გაფორმებული და ის ვერ გააკონტროლოს. იქ ჩადგეს ევროპელი ჯარისკაცები, ეს მისთვის კატასტროფაა.
ასევე ოკუპირებულია კურსკის ტერიტორია და მისი უპირობა დაბრუნება უნდა. მას არ გაცვლის არაფერში. ამიტომ კრემლის ტაქტიკა ახლა ასეთია, პირველ რიგში, მოლაპარაკების პროცესში გაიფორმოს ჩემს მიერ ხსენებული ეს ტერიტორიები. ასევე შეანელოს და შეამციროს უკრაინის დახმარება დასავლეთიდან. რუსეთი ამ მიზანს არ ამცირებს და ამაზე უარს არ იტყვის. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა ფრონტის ხაზზე თავისი ჯარების გაგზავნას არ აპირებს, იქ ევროპული ჯარის ჩაყენება, პუტინისთვის გამორიცხულია. ერთბაშად ნატოს ამდენი ჯარის იქ განთავსებას ხელს არ მოაწერს“,-ამბობს ბენდიანიშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანაა, რომ რუსეთმა არ გაიფორმოს ეს ტერიტორიები მოლაპარაკების კონტექსტში. ეს იქნება იმის დაშვება, რომ ევროპის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ამიტომაც ცდილობს ახლა ევროპა, რომ საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურაზე იფიქროს.
„რაც შეეხება ადრე მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციას ჩინეთის და სხვა ნეიტრალური ქვეყნების ჯარის ჩაყენებას, აქაც არ მგონია რუსეთი თანახმა იყოს. კრემლი საერთოდ უფრთხის ჩინეთის ამ პროცესში ჩაბმას, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტნიორად განიხილავს. პუტინმა აღმოსავლეთის ეშმაკური დიპლომატია ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათ მიმართაც ნდობა არა აქვს. მას აქვს შიში, რომ ამერიკის და ჩინეთის მოკავშირეობა არ შედგეს, რადგან ეს რუსეთს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. ამიტომ არც ჩინეთის სამშვიდობოებს დათანხმდება პუტინი. ამიტომ არის ახლა რუსეთი ამერიკასთან ურთიერთობის დათბობით გახარებული, რომ მას ეს შიში აქვს, ჩინეთთან არ მოხდეს ამერიკის თანამშრომლობა. ძალიან მეეჭვება, რომ სამშვიდობოების საკითხი ასე მარტივი გადასაწყვეტი იყოს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.