რა ვითარებაა რეალურად ტურიზმის მხრივ საქართველოში? სასტუმროების მფლობელთა და ტუროპერატორთა ნაწილი წუწუნებს, მაგრამ კურორტების დატვირთულობა სხვა რამეზე მეტყველებს, რასაც ამაგრებს როგორც სამთავრობო, ასევე კერძო ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზიც.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ და ეკონომიკის სამინისტრომ „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“ მოამზადეს. დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ძირითად მიზანზე, რასაც სექტორმა მიმდინარე წელს უნდა მიაღწიოს. ასე მაგალითად, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.6 მლრდ დოლარამდე, ვიზიტორთა რაოდენობა კი 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. დაგეგმილია ტურიზმის წილის ზრდა მშპ-ში 7.9%-მდე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მიზნად ისახავს თითოეული ტურისტის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის 600 დოლარამდე, ხოლო ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის 7 დღემდე გაზრდას.
„2015 წელთან შედარებით, სექტორი მიზნად ისახავს დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ათწლიან პერიოდში 90%-ით უნდა გაიზარდოს (2015 წელი - 158 515 ადამიანი) და 2025 წელს 301 284-ს უნდა მიაღწიოს. ამასთანავე, დოკუმენტი მიზნად ისახავს ათწლიან ჭრილში ინვესტიციების - 63%-ით 1.17 მილიარდ დოლარამდე ზრდასაც.
ეს ნიშნავს, რომ დარგი დინამიკურად ვითარდება, რასაც მოწმობს ზამთრის ტურიზმის მონაცემებიც. ყველა კურორტი სრულად დატვირთულია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობაა. მიუხედავად ამისა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ნაწილი არსებულ ვითარებას და სამომავლო პროგნოზს დამაჯერებლად მიიჩნევს, ნაწილიც სკეპტიკურადაა განწყობილი. მაგალითად, სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილს განსხვავებული შეხედულება აქვს. იგი სექტორის გამოწვევებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, სასტუმროები იხურება და სექტორი გადარჩენას ფასების შემცირებით ცდილობს.
„უნდა ვილაპარაკოთ ცოტა რეალურ თემებზე. ყველას ვესაუბრე ვინც მოვიდა და თბილისის მასშტაბით ეს ციფრები არ არის და ზოგადად, სხვადასხვა რეალობაში ვართ; ანუ რეალობა სხვაა, ციფრები სხვა. თურმე ბოლო კვარტალი ყოფილა სასწაული ჩვენთან და რეკორდული შემოსავლები მივიღეთ. პირადად გეუბნებით, რომ 9 სასტუმრო დაიკეტა 6 თვეში და ამ ბოლო ერთ თვეში - კიდევ 2 სასტუმრო.
ჩვენი სტრატეგია ამ ეტაპზე იცით რა არის? ოღონდ სტუმრები მოვიზიდოთ, პლატფორმებზე ფასები ისტორიულ მინიმუმზე დავწიეთ. ასეთი დაბალი ფასები, რაც ახლა თბილისის სასტუმროებშია ბოლო 30 წელია არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგიაა ვიღაც მაინც შემოვიყვანოთ, რომ გადავრჩეთ და კიდევ არ გავუშვათ თანამშრომლები. ესაა რეალობა, სადაც ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.
მის შეხედულებას უპირისპირდება სხვა, ამჯერად უკვე კერძო ანალიტიკური ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რითაც დასტურდება, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, სექტორი სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2025 წლის იანვარში, საქართველომ ტურიზმიდან 290 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 1.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება კვლევის ავტორების პროგნოზს, ისინი ფიქრობენ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რადგან წლევანდელი ტემპი სრულიად დამაკმაყოფილებელია.