მორიგი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება ოპოზიციისგან - საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში ამჯერად ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე მუშაობენ. ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის. რა აზრი აქვს იგივეს გამეორებას და რა გზას აირჩევს ევროპარლამენტი კენჭისყრაზე გამოჩნდება. დოკუმენტის საბოლოო ვერსია ჯერ შეჯერებული არ არის, თუმცა წარდგენილია არაერთი პროექტი, სხვადასხვა ჯგუფის ავტორობით. ერთობლივი ტექსტი, სავარაუდოდ, ხვალ შეთანხმდება, წინასწარ კი ცნობილია, რომ შინაარსი კრიტიკულია.
ნიკა გვარმია და ზურაბ ჯაფარიძე ევროკავშირისგან ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და გარემოცვის დასანქცირებას ითხოვენ. მათ სპეციალურად შედგენილი სია ჩაიტანეს, რათა ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში კონკრეტული პირები მოახვედრონ. რადიკალური ოპოზიციის მიზანი და მოთხოვნა ასევე უკავშირდება ახალ არჩევნებს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც.
„გვაქვს სხვადასხვა სია წამოღებული იმ ადამიანების, ვინც ჩვენი აზრით, დასასანქცირებელია და იქ არის ყველანაირი ტიპის ხალხი. ამ წუთისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ სამი რეზოლუციის პროექტია მომზადებული სამი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ამ პროექტებს ვნახავთ, რა ტექსტებია. ერთი დრაფტი გვაქვს ნანახი, ელექტრონულადაც გამოგვიგზავნეს“, - განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მმართველი გუნდის თქმით, ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული მოქმედებები ოპოზიციისგან. მათი განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში ამჯერად, კოლექტიური ნაცმოძრაობიდან ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე მუშაობენ. თუმცა ამ რეზოლუციას იგივე ფასი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა. მას გარანტირებულად თაროზე შემოდება ელის, ხოლო ოპოზიცია მას ისევ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ოპოზიციას ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ქართველი ხალხის დასჯა სურს, მმართველ გუნდს ეს მოლოდინები არ აქვს.
„როგორც ჩანს, გაგრძელდება ასეთი პოლიტიკა და ისეთივე უშედეგო იქნება ის რეზოლუციები, როგორიც იყო წინა 5 რეზოლუცია. ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო. ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არიან ევროპარლამენტში წარმოდგენილები, ითვალისწინებენ მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, თუმცა იცით, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულო აღმასრულებელი ორგანოებისთვის. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოლოდინი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მეტად უნდა ქართულ ოპოზიციას, რათა დასაჯონ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ მათ ვერ გაიმარჯვეს საქართველოს არჩევნებში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დასანქცირებას მხარს უჭერენ, ზელენსკის კი, რომელიც უკრაინელი ხალხის მკვლელობით და უკრაინის მიწასთან გაასწორებით მილიონერი გახდა, გმირად გამოაცხადეს.
„ივანიშვილის შემთხვევაში, რომელმაც ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა, ქართველი ხალხი ომს ააცილა, მას საკუთარ კაპიტალზე წვდომაც კი არა აქვს. ივანიშვილმა ამ ზეწოლის ფონზე მატერიალურად ნადვილად ბევრი დაკარგა, თუმცა ამ შანტაჟს არ შეუშინდება. მან თქვა კიდეც, რომ არაფრის ფასად ქვეყნის ინტერესებს არ დათმობს. სწორედ ასეთ ადამიანს დემოკრატიის მტრად მოიხსენიებენ. ამ მაგალითითაც კარგად ჩანს, რა ხალხთან გვაქვს საქმე. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ერის და ქვეყნის განადგურებით მდიდრდებიან, მაგალითად, ზელენსკი გმირია და ივანიშვილს, რომელსაც ქვეყნის გულისთვის, საკუთარ ფულს უყადაღებენ მტერი. აი, ასეთი ევროპა აქვთ ამ ევროპარლამენტარებს და ასეთია დღევანდელი მათი დემოკრატიის სტანდარტები. ეს არის სოროსის სინდიკატი, რომელთა მიზანია, რომ საქართველო ყველა მიზეზგარეშე დასჯილი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სამიზნეში ამოიღეს ივანიშვილის ოჯახი და მისი ავტორიტეტი. სწორედ ამას აგრძელებენ ახლა სტრასბურგში და ეს არის ტყუილი წყლის ნაყვა“,-ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, იმ ფურცელს უფრო მეტი ფასი აქვს, რაზეც ეს რეზოლუცია იწერება, ვიდრე თავად რეზოლუციას ქართველი მოსახლეობისთვის. ამას აკეთებდნენ არჩევნებმადეც და არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ, თუმცა ქართველი ხალხისთვის ამას ჩალის ფასი აქვს.
„ბრიუსელის ნაქები რადიკალიზმი და წახალისებული დესტრუქცია ოპოზიციას ძვირად დაუჯდა. მათ ეგონათ, რომ „ოცნება“ პარლამენტში შესვლაზე ისევ ხვეწნას დაუწყებდა, რაშიც ძალიან ცდებიან. ექსტრემისტული ჯგუფები ქართული პოლიტიკიდან ირეცხებიან, ამიტომ რა რეზოლუცია, რა სახის სანქციებიც არ უნდა მიიღონ, ვერანაირ ქვეყნის რყევას ვეღარ შეძლებენ. ეს არის მათი ბოლო გაფართხალება, რომ იქნებ, რამე მოასწრონ. მათ თავზე ტრამპის ხელი დამოკლეს მახვილივით კიდია. ამიტომ სოროსის სინდიკატი მაქსიმალურად ცდილობს შემჭიდროვებულ ვადებში, როგორმე ჩვენს ხელისუფლებას ზიანი მიაყენოს. „დიფ სთეითი“ და ე.წ. გლობალური ომის პარტია არის ერთ-ერთი სახე სოროსის სინდიკატისა, რომელიც მოდებულია მთელ მსოფლიოში და ბრიუსელის ჩინოვნიკები და მთელი ბიუროკრატია ჯიბეში უზით. ამიტომ არავის აღარ უკვირს, რაც უნდათ ის წერონ და იკითხონ, საქართველოს ხელისუფლებაზე ასეთი შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის, მით უმეტეს ბიძიან ივანიშვილს ამით ვერ შეაშინებენ“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ყველა ევროპარლამენტარი ტვინგამორეცხილი არაა, გლობალურ ძვრებს ძალიან კარგად ხედავენ და ტაკიმასხარა გვარამიას ხუშტურებზე ვერ ივლიან.
„რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი, როცა ჯერ ერთი ბანკიდან გაუყინეს ფული და შემდეგ მეორე ბანკში აქვს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა დაბლოკილი?! ამ ადამიანმა ღიად თქვა, რომ საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობას საქართველოს უსაფრთხოებაში არ გაცვლის. რაც შეეხება მათ გათვლას, თითქოს ხელისუფლებაში რყევა დაიწყება და ვინმე სანქციების შიშით წავა, კი ბატონო, წავიდნენ. წამსვლელებს ხედავთ, რომ მიდიან, მაგრამ ამით ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას არანაირი პრობლემა არ ექმნება. აქ საუბარია ქვეყნის უასფრთხოებასა და სახელმწიფოს არსებობაზე. მილევად რეჟიმში ხელფასგადახდილი აქტივისტი რომ დარბის რუსთაველზე, ამის გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას, წარმოუდგენელია. მუქარა და შანტაჟი კი აქამდეც იყო, მაგრამ არავის შეშინებია“,-ამბობს ქადაგიძე.
რა ქნას?