„დემოკრატია რთული საქმეა“

„დემოკრატია რთული საქმეა“

არაბულ სამყაროში დანთებული საპროტესტო კოცონი ჩაცხრობას არ აპირებს. იემენის პოლიციამ დემონსტრანტებს ღია ცეცხლი გაუხსნა. ლიბიაში სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა. მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის მაროკოშიც ემზადებიან. 

ამ ფონზე ირანის ხელისუფლება დაუფარავად აცხადებს, რომ ოპოზიციის აქციას სასტიკად ჩაახშობს. პრეზიდენტი ობამა კი ავტოკრატ მმართველებს აფრთხილებს „გააცნობიერონ, რომ მსოფლიო იცვლება“. მისივე თქმით, „რაც ეგვიპტეში იყო მართალი, ის მართალი უნდა იყოს ირანშიც“.

იემენის პოლიციამ მრავალათასიან დემონსტრანტებს ცეცხლი ქალაქ სანაში გაუხსნა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეები ანტისახელისუფლო მოწოდებებით გამოდიოდნენ და რეჟიმის შეცვლას მოითხოვდნენ. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დაუდგენელი პირებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტებს ქვებს ესროდნენ.

ამასთან, საპორტო ქალაქის მკვიდრნი საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ქალაქი სამართალდამცავებმა დატოვეს. მათი ცნობით, ქალაქში მოროდიორები დათარეშობენ და სამთავრობო შენობები იწვის.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები იემენში იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლა კი თებერვლის დასაწყისში მოეწყო, სადაც 16 ათასი ადამიანი ქუჩაში გავიდა. ისინი პოლიციამ დაფანტა.

უკანასკნელი ცხრა დღის განმავლობაში იემენში გამართულ დემონსტრაციებს შვიდი ადამიანი შეეწირა, 150 კი დაიჭრა. მანიფესტანტების წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი და ცრემლსაწინააღმდეგო გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის, არაბულ სამყაროში იემენი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. უკანასკნელ წლებში ქვეყანაში „ალ-ქაიდას“ გავლენა გაიზარდა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, ლიბიის სამ ქალაქში, პოლიციასა და ოპოზიციას შორის შეტაკების შედეგად 84 ადამიანია დაღუპული. შესაბამის ინფორმაციას საერთაშორისო უფლებების დამცველი ორგანიზაცია „Hunam Rights Watch“ ავრცელებს.

აქვე ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გამოიყენოს იარაღი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ლიბიაში ხელისუფლების საწინააღმდეგო დემონსტრაციები ჯერ კიდევ 15 თებერვალს დაიწყო და ქვეყნის მსხვილი ქალაქები მოიცვა.

ლიბიაში მიმდინარე მღელვარება ამ რეგიონში მდებარე რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებს დაემთხვა.

როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ, თანამდებობა დატოვა ეგვიპტის ლიდერმა ჰოსნი მუბარაქმა და ხელისუფლება არმიას ჩააბარა. აქციები და დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებით ასევე გაიმართა ალჟირში, ბაჰრეინში, ერაყსა და იორდანიაში. საპროტესტო აქციებისთვის მაროკოშიც ემზადებიან. მანიფესტაცია დღეისთვის, 20 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

ოპოზიციონერები მთავარ პრეტენზიად მმართველობის კორუმპირებულობასა და ხალხის პრობლემების უგულებელყოფას ასახელებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მონაწილეებს პრეტენზიები არ აქვთ მონარქთან, დემონსტრანტები უკმაყოფილონი არიან მმართველობით და აცხადებენ, რომ პროცესში არა მხოლოდ ელიტის წევრები, არამედ ჩვეულებრივი მოსახლეობაც უნდა იყოს ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მიტინგის ორგანიზატორები მოსახლეობის მობილიზებისა და მათთან კონტაქტის დასამყარებლად Facebook-სა და Youtube-ს იყენებენ.

თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება ოპოზიციის ნებისმიერი სახის აქციის სასტიკად ჩახშობას აპირებს. ეს განცხადება ირანის შს მინისტრმა მოსტაფა ნაჯარიმ გააკეთა და ოპოზიციის მუქარას უპასუხა, რომელიც ორშაბათს საკუთარი მომხრეების ქუჩაში გამოყვანას გეგმავს. შს სამინისტროს თანამშრომლები მზად არიან, ყველა საშუალება გამოიყენონ წესრიგის დასაცავად და ნებისმიერი არაკანონიერი აქციის ჩატარება აღკვეთონ.

„სწორედ ასეთ მიდგომას ითხოვს ირანელი ხალხი მეამბოხეების წინააღმდეგ, რომელთა ქმედებებმაც ადამიანების სიცოცხლეს შეიწირა“, - განაცხადა მინისტრმა.

გასულ ორშაბათს ირანში სამშვიდობო აქცია გაიმართა, რომელიც ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაში გადაიზარდა. დემონსტრაცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებით დასრულდა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

ამ ფონზე შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გააფრთხილა ავტოკრატი მმართველები, გააცნობიერონ, რომ მსოფლიო იცვლება.

„მიუხედავად იმისა, მეგობრები არიან თუ მტრები, ისინი ძალის გამოყენებით და დაშინებით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ობამას განცხადებით, აშშ-ს ადმინისტრაცია ყოველთვის პროდემოკრატიული დემონსტრანტების მხარეზეა, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ლტოლვა გადადის იმ მთავრობების გადაყენების მოთხოვნაში, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან.

„რაც ეგვიპტეში იყო მართალი, ის მართალი უნდა იყოს ირანშიც. რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს უნდა შეეძლოს გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და დამოკიდებულება“ – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, მესიჯი, რომელიც აშშ-მ ჯერ კიდევ ეგვიპტის დემონსტრაციებამდე გაუგზავნა როგორც მეგობრებს, ისე - მტრებს ახლო აღმოსავლეთში, იყო შემდეგი: „მსოფლიო იცვლება, თქვენ გყავთ ენერგიული ახალგაზრდობა, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობებს ითხოვს და თუ თქვენ მართავთ ამ ქვეყნებს, მაშინ თავი არ უნდა მოიტყუოთ და უნდა გაითვალისწინოთ ეს ცვლილებები“.

მიუხედავად გამაფრთხილებელი მესიჯისა, აშშ-ს პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ვერ უკარნახებს სუვერენული სახელმწიფოების მთავრობებს როგორ უნდა მოიქცნენ, ვინაიდან მისივე თქმით, „დემოკრატია რთული საქმეა“.