მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ბოლო წლებში დაწყებული გაძვირების ტენდენცია არც 2025 წელს შეცვლილა. საქმე ისე მიდის, რომ 1 უნცია ოქროს ფასმა შესაძლოა 3000 დოლარსაც კი მიაღწიოს. ეს კი ისტორიაში არასოდეს მომხდარა.
ამჟამად საერთაშორისო ბირჟებზე ერთი უნციის ღირებულებამ უკვე 2800 დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ერთწლიან პერიოდში ყვითელი ლითონი - 39%-ით, ხოლო ერთთვიანში კი 7.24%-ით არის გაძვირებული.
კიდევ უფრო მეტად გაძვირდა ვერცხლიც. ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 32.26 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასზე წინა ისტორიული მაქსიმუმი 30 იანვრის ვაჭრობისას დაფიქსირდა, როცა უნციის ღირებულებამ 2850-დოლარიანი ნიშნული გადალახა. მაშინ ამის მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა, რამაც ინვესტორები შეაშფოთა.
მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასა და მექსიკას 25-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებდა, ჩინეთს კი - 10%-იანს. მოგვიანებით, ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ზომები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად.
მიხედავად ამისა, საერთაშორისო ბირჟებზე ფასების აღმავალი ტრენდი ნარჩუნდება. როგორც „გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა აღნიშნა, ფასების ზრდა წელსაც გაგრძელდა. ძვირფასი მეტალის გაძვირება გეოპოლიტიკურ რისკებს და არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება. მართალია, ამჟამად, ინვესტორებისთვის ბიზნესგარემო არცთუ ისე ხელსაყრელია, თუმცა ოქრო სწორედ ასეთი რისკების დროს ძვირდება, რადგან ის კრიზისებისგან დაზღვევის კარგ შესაძლებლობად მიიჩნევა.
„ამ ფაქტორიდან გამომდინარე, გააქტიურებულები არიან როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, რომლებიც საკუთარი პორტფელის გამდიდრებას ოქროთი ცდილობენ. მსხვილ შემსყიდველებს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ცენტრალური ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ოქროს რეზერვების შესავსებად იყენებენ.
აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოქროს გაძვირება შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება, თუმცა რა ნიშნულზე დასტაბილურდება ამის თქმა ახლა ძნელია. მაგალითად, საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საქსის“ პროგნოზით, არ არის გამორიცხული რომ 2025 წლის ბოლომდე, 1 უნცია ოქროს ფასმა 2900 დოლარს მიაღწიოს“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ სერგი ყურაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს, უნდა ითქვა, რომ ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებს, ასევე ლარის კურსის გაუფასურებას, ასახვა უკვე ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე. შესასყიდი სუფთა ოქრო, ბოლო თვეებია, მნიშვნელოვნად გაძვირდა. როგორც „ოქროს კიდობანის“ ექსპერტმა ალექსანდრე ბარსეგიანმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც, ოქრო კვლავ რჩება მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად, ასევე მას აქტიურად გამოიყენებენ სასაჩუქრე დატვირთვით. ასე რომ, რეალიზაცია მაინც მზარდია, თუმცა უკვე მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით.
როგორც სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, წლის დასაწყისში გაყიდვების გაცილებით მეტად ზრდას ელოდნენ, თუმცა ბოლო თვეებში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, ნოემბერ-დეკემბერში გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რამაც საბოლოო ჯამში, გავლენა იქონია წლიურ მონაცემებზე.