თბილისში ბინები კიდევ უფრო გაიაფდება

თბილისში ბინები კიდევ უფრო გაიაფდება

ბოლო დროს ბინებზე ფასები დაეცა. რატომ მოხდა ეს და რა გველოდება მომავალში? გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი.

ბატონო ნიკო, ბინების გაიაფება რას უნდა დავუკავშიროთ? თავის დროზე ბინებზე ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი?

- ბინებთან დაკავშირებით მოთხოვნა ხელოვნური იყო, შესაბამისად, ხელოვნური ვერაფერი დიდხანს ვერ ძლებს. აქ მრავალი ფაქტორი მოქმედებდა. ერთ–ერთი მათგანი იყო ის, რომ ბინათმშენებლობის ბუმი დაბანდების თვალსაზრისით ალტერნატივის უქონლობამ გამოიწვია. რაც რამე ჰქონდა გადანახული, მოსახლეობას შედარებით უსაფრთხო ადგილას უნდა წაეღო. ხალხმა ბიზნესში ვერ გაიღო თანხა, რადგან ეშინოდა დაკარგვის, ამიტომ ბინათმშენებლობაში დააბანდა. ეს იმის მიუხედავად, სჭირდებოდათ თუ არა ახალი ბინა.

მეორეც, თვითონ სამშენებლო ბიზნესი აღმოჩნდა მონოპოლიზებული ცალკეულ ჯგუფთა მიერ. გარდა იმისა, რომ ხელოვნურად გაბერილი მოთხოვნა მაღლა ეწეოდა ფასებს, მონოპოლიებმა თავისი ეფექტი იქონიეს. ამას ობიექტური საფუძველიც ჰქონდა. თბილისის საბინაო ფონდი განახლებას ისედაც საჭიროებდა, მაგრამ არა - ამდენად. თუ საჭიროებებს რანგის მიხედვით დავყოფთ, რა უფრო მეტად სჭირდება კაცს, საბინაო პირობების გაუმჯობესება, თუ ყოველდღიური ყოფა, ამას ექსპერტობა არც სჭირდება, ყველაფერი ისედაც ცხადია. ამითაც აიხსნება, როცა ადამიანს რაღაცაზე უარის თქმა უწევს, ახალ ბინას უფრო იოლად ელევა, ვიდრე ყოველდღიური რაციონის შემცირებას.

ბანკებმა რა როლი შეასრულეს ამ პროცესში?

- პროცესს სერიოზული სტიმული მისცეს ბანკებმა. მათთვის ეს იყო საქმიანობის ახალი მიმართულება. იმ ფენამაც, რომელსაც მანამდე არ შეეძლო საბინაო პირობების სერიოზულ გაუმჯობესებაზე ფიქრი, ბანკების მეშვეობით შეძლო ამ პროცესში ჩართვა. თუმცა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ამ თვალსაზრისით დააზარალა ბანკები, მათ ვეღარ შეძლეს იაფი საკრედიტო რესურსების მოძიება იმის გამო, რომ ევროპისა და ამერიკის ბანკებს პრობლემები გაუჩნდათ. ამის გამო ბანკებმა დაფინანსება შეწყვიტეს. შესაბამისად, მშენებლობამ დამატებითი თანხები ვეღარ მიიღო და დაწყებულ მშენებლობათა დიდი ნაწილი უბრალოდ გაჩერდა.

საშუალოდ როგორ მერყეობს ბინების ამჟამინდელი ფასები? საიდან სადამდე დაეცა ისინი?

- ამაში რადიკალურნი ვერ ვიქნებით, მაგრამ პროცესი მიდის, ჯერ არ ვიცით, სად დასრულდება. ერთი, რაც ზუსტადაა ცნობილი, ისაა, რომ ეს დონე ვეღარ შენარჩუნდება. სამშენებლო კომპანიებს თუ არ უნდათ კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ზარალი, ფაქტია, მოუწევთ თავიანთი საფასო პოლიტიკის გადახედვა.

სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიაფდება ბინები?

- სავარაუდოდ, გაიაფდება.

ბევრად დააკლდება ფასი?

- ეს წინასწარ არავინ იცის, დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც.

სანამ გაიაფდებოდა ბინები, ბოლოს რა ფასები მერყეობდა?

- ცალკეულ ელიტურ მშენებლობებზე 2.500 დოლარამდე ასწიეს კვადრატულ მეტრზე ფასი, მაშინ, როცა საწყისი ნიშნული დაიწყო 150, 200, 250 დოლარიდან. შემდეგ იყო 500–600, ბოლოს ფასმა 1.000–საც გადააჭარბა. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში თბილისში რა ფასადაც გვთავაზობდნენ ბინებს, ეს ბერლინის ფასებზე ორჯერ ძვირი იყო. ბუნებრივია, ეს სრულიად არალოგიკურია. შეადარეთ ბერლინური საშუალო ოჯახის წლიური შემოსავალი თბილისური საშუალო ოჯახის წლიურ შემოსავალს. ეს სრული ანომალიაა. რა პროცენტულ წილს დაიკავებდა ბერლინური ოჯახის წლიურ შემოსავლებში ბინის შეძენის ხარჯები და რა პროცენტს იკავებდა თბილისში?

პროცენტულად რამდენით დაიკლო ფასებმა?

- პროცესი მიმდინარეობს, ზოგმა მეტი დააკლო, ზოგმა - ნაკლები. ბაზარი ჯერ კიდევ არ დამჯდარა.