იარაღი ძვირფასი მინერალების სანაცვლოდ - დიდი ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გარიგებას სთავაზობს. იშვიათი მეტალების მიღების სანაცვლოდ, ვაშინგტონი კიევის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა, ამერიკის პრეზიდენტი კიევს ისეთ გარიგებას სთავაზობს, რომელიც უკრაინისთვის მიცემული ფულის, ვაშინგტონისთვის უკან დაბრუნების გარანტიას იძლევა.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 3 თებერვალს თეთრ სახლში განუცხადა. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მსგავსი გარიგება სურთ, რათა უკრაინის მხრიდან გათანაბრდეს ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაწეული თითქმის 300 მილიარდი დოლარის დახმარება. დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინა ამისთვის მზად არის.
აშშ-ის პრეზიდენტად არჩევამდე დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების გამო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი უწოდებდა საუკეთესო მოვაჭრეს, რომელსაც აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიჰქონდა მილიარდობით დოლარი.
აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინას გაუწია 65,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
კიევი ვაშინგტონისგან იღებდა დახმარებას საფინანსო-ეკონომიკური სექტორისთვისაც.
როგორც Reuters-ი წერს, სავარაუდოა, რომ იშვიათ ლითონებში ტრამპი არ გულისხმობდა მხოლოდ ამ კატეგორიაში შემავალ 17 მეტალს და ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენა. უკრაინაში მოიპოვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ურანი, ტიტანი და ლითიუმი, თუმცა ისინი იშვიათი ლითონების ჩამონათვალში არ შედიან.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2024 წლის შემოდგომაზე წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ურანის, ტიტანის და ლითიუმის მოპოვების ინვესტირების შესახებ.
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, უკრაინამ დონალდ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა.
გამოცემის ცნობით, ზელენსკისთან ახლოს მყოფმა პირმა აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადებები, როგორც ჩანს, შეესაბამება უკრაინის გამარჯვების გეგმას.
„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ უკრაინამ ტრამპს შესთავაზა „სპეციალური პირობები“ საკვანძო რესურსებზე თანამშრომლობისთვის, რაც ხაზს უსვამს მათ რუსეთისა და ირანისგან დაცვის აუცილებლობას.
მედიის ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს წარუდგინა გეგმის მონახაზი ნიუ-იორკში გასულ სექტემბერს, აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს. იგი მოიცავს კრიტიკული ბუნებრივი რესურსების გაზიარებას დასავლელ პარტნიორებთან, ევროპაში აშშ-ის ჯარების შეცვლას უკრაინული ძალებით და ტრამპისთვის საინვესტიციო სკრინინგის ძალაუფლების შეთავაზებას უკრაინაში ჩინური ბიზნესის ინტერესების დაბლოკვისთვის.
როგორც გამოცემა წერს, კიევი ფლობს ტიტანის, რკინის საბადოებისა და ქვანახშირის უზარმაზარ რეზერვებს, ასევე დაახლოებით 500 000 ტონა გამოუყენებელ ლითიუმს, რომელიც მთლიანობაში ათეულობით ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს უკრაინასთან შეთანხმება, რომლის თანახმად, უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში სამხედრო დახმარება გაგრძელდება.
ტრამპის წინადადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა. ბრიუსელში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის შემდეგ შოლცმა ამ პოზიციას „ძალიან ეგოისტური“ უწოდა. გერმანიის კანცლერის თქმით, კიევმა ეს რესურსები ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღსადგენად უნდა გამოიყენოს.
„ეს არის უმთავრესი ამოცანები, თუ გავითვალისწინებთ უზარმაზარ ნგრევას. ამიტომ, ქვეყნის რესურსები უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ დააფინანსოს ყველაფერი, რაც ომის შემდეგ იქნება საჭირო“, - აღნიშნა შოლცმა.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა უკრაინა იმდენად რთულ და მძიმე სიტუაციში, რომ მას სჭირდება გამოსავლის პოვნა იმისთვის, რათა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაასტაბილუროს და მიიღოს მათგან ის დახმარება, რაც უკრაინისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქნა გამოყოფილი. ამიტომ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ეს არის თავად უკრაინის ინიციატივა, რომელიც ზელენსკმა ამერიკელებს „ომის გამარჯვევბის“ გეგმის სახით შესთავაზა.
„ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელიც დაჰპირდა ამერიკელებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მხოლოდ ამერიკელებისთვის და ყველა გადადგმულ ნაბიჯს მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის გადადგამს, არც ერთ საქმეში არ იქნება მათი ინტერესები უარყოფილი. ამიტომ, ახლა, როცა ის და მისი გარემოცვა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა მუდმივად, რომ ის თანხები, რომელიც უკრაინის ომისთვის იყო გამოყოფილი ამერიკელების გადამხდელთა ფული იყო, ახლა ამ ფულის სანაცვლოდ აჩვენებს, რომ ამ იშვიათ ლითონს მიიღებს.
ანუ „ხელმა ხელი დაბანა“-ს პირინციპით, ის ამერიკელებისთვის სამაგიეროდ ამ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს. ეს არის მაღალი ტექნოლოგიების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ლითონი, რომელიც ამერიკელებს წყალივით სჭირდებათ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკის განვითარებისთვის. ზელენსკიმ ეს იცის და მათ ეს წინადადება წინასწარ შესთავაზა, სანამ ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა. ბუნებრივია, ტრამპი ამერიკელებისთვის მოვიდა პრაგმატული მიზნებით, რომ ამერიკელებს ზედმეტი გადასახადები უნდა ააცილოს თავიდან და ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. ეს წინადადება მის მიზნებში პირდაპირ ჯდება. ტრამპის კონცეფციაში ეს ძალიან კარგად ერგება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
მისივე თქმით, აქ ყველაზე უადგილო და ზედმეტი შოლცის გამოხტომა იყო, რომელიც საერთოდ ამ მოლაპარაკებებში არაფერ შუაშია. მისი აზრით, ეს არის იმის შიში, რომ ევროპის გვერდის ავლით არ მოხდეს რაღაცა და აი, ლიდერობის საკითხიც შესაძლოა აქ იდგეს.
„სამწუხაროდ, უკრაინას ძალიან უჭირს და უკვე მათი გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა, რომ ამერიკამ გააგრძელოს მათი დახმარება. რაც შეეხება შოლცის გამოხტომას, ეს ნამდვილად არ არის პოლიტიკური განცხადება, უფრო ემოციური და გაუანალიზებელი ნათქვამია მისი მხრიდან და ძალიან არასწორი პოზიცია აქვს. რაც შეეხება რუსეთს, მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ტრამპმა ამ თემაზე ორივესთან ივაჭროს. ის არის საკამოდ გამოცდილი ბიზნესმენი, რომელმაც ვაჭრობის და მოლაპარაკების ფასი ყველაზე კარგად იცის. ამიტომ თუკი ზელენსკის წინადადებას დავეყრდნობით, მას სჭირდებოდა ისეთი დახმარება, სადაც ამ ტერიტორიებიდან ამ ლითონის მოპოვება მოხდებოდა. აქ რთულია პროგნოზის გაკეთება, რა შეიძლება რუსებს ტრამპმა შესთავაზოს და ეს როგორ იმოქდებს. ალბათ, ამის გეგმაც არსებობს და როცა მოხდება სრულიად ჩამოყალიბება და სრული სურათის მიღება, შემდეგ გახდება ზუსტად ცნობილი, როგორ მოხდება ამ ლითონის მიღება ამერიკისთვის“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ტრამპის ამ განცახდებას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს და დაიწყებს იმის აფილირებს, რომ ამერიკას უანგაროდ დახმარება არ უნდა და სანაცვლოდ რაღაცას ითხოვს. თუმცა მთავარია დასავლეთი არ აჰყვეს ამ პროპაგანდაში, რადგან უკრაინის არსებობა-არარსებობის საკითხი დგას და უკრაინას ამ ნაბიჯის გადადგმა უღირს. ეს იცის რუსეთმა და ის ამ იდეის დაბლოკვას და გაშავებას, ფაქტია, შეეცდება.