საწვავი მსხვილ ქსელებში ძვირდება და მცირე სადგურებში - იაფდება

საწვავი მსხვილ ქსელებში ძვირდება და მცირე სადგურებში - იაფდება

საქართველოში საწვავის ფასან დაკავშირებით არაერთგვაროვანი სიტუაციაა. მცირე ავტოგასამრთ სადგურებზე ფასი შემცირდა, ხოლო მსხვილ ქსელებში გაიზარდა. ფასის მერყეობა ორ ფაქტორს უკავშირდება. ერთია ლარის გაუფასურება, რომელიც წლის დასაწყისიდან გრძელდება, ხოლო მეორე - საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულების მერყეობა. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ რუსეთიდან იაფი ბენზინის იმპორტი აღდგა, შესაბამისად, მცირე სადგურები მთლიანად ჩრდილოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე გადაერთნენ.

ჩავლილ სადღესასწაულო დღეებს უკავშირებს ნავთობის გაძვირებას ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი და თან ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ, ეს ტენდენცია აღარ გაგრძელდება.

ახალი წლის დღეებში გლობალურ ბაზარზე ფასების ცვლილება უკავშირდება იმ წინასაახალწლო გადაადგილებებს, რომელიც ტრადიციულად არის ხოლმე, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში. როგორც წესი, ამ დროს, უფრო მაღალია ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა, რაც საერთაშირისო ბირჟებზე ასე თუ ისე აისახება. ეს ერთგვარი ტრადიციიული მოვლენაა, არაფერია განსაკუთრებული. შესაბამისად, ეს იყო ნავთობის ფასის მერყეობის მთავარი ფაქტორი.

დღეის მდგომარეობით გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ღირებულებას თვალს თუ გადავავლებთ, რაიმე არსებითი ცვლილება არ არის, თუმცა ტრამპის ბოლო განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მან დააანონსა, რომ ამერიკა გაზრდის ნავთობის მოპოვებასა და მიწოდებას მსოფლიო ბაზარზე, უნდა ველოდოთ, რომ ეს ფასების მიმართულებით დადებითად აისახება. ვგულისხმობ პოზიტიურ სიტუაციას, ფასები წავა შემცირების მიმართულებით გლობალურ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, მოლოდინი აღარ არის გაძვირების მიმართულებით, - განაცხადა ბაირახტარმა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში არსებულ ვითარებას. აქ ბოლო პერიოდში საწვავის ღირებულება სტაბილურია, თუმცა მერყევია ლარის კურსი. ეროვნული ვალუტა კი საწვავის ფასწარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს, ამიტომ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, საწვავი ალბათ გაძვირდება.

სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას სენტა პეტროლიუმის დამფუძნებლი ზაალ იაკობიძე, რომლის განცხადებითაც, საქართველოში ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება - საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მერყეობას და ლარის გაუფასურებას.

როგორც ზაალ იაკობიძემ აღნიშნა, გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე განვითარებული პროცესები საწვავის ფასში ჯერჯერობით სრულად არაა ასახული. შესაბამისად, მისი მოლოდინით, არაა გამორიცხული, უახლოეს ხანებში საქართველოში საწვავის ფასი შეიცვალოს.

ერთი ფაქტორი, რამაც საწვავის გაძვირება განაპირობა, ისაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა. ეს ფაქტორი შეიძლება სრულად არაა ჯერჯერობით რეალობაში ასახული, რადგან პროდუქცია შემოტანილი იყო, ფასი ახლა გაიზარდა და მაღალფასიანი პროდუქცია დიდი რაოდენობით ჯერჯერობით ბაზარზე არ შემოსულა. ეს თუ ასე დარჩა და გაძვირებული ფასით საწვავის შემოტანა გაგრძელდა, ეს ერთ-ერთი ფაქტორია ფასის მატების. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფების ტენდენციაა.

უფრო მინიშვნელოვანი შიდა ფაქტორია და ესაა ლარის გაუფასურება. ბოლო ერთ თვეში ლარის კურსი დაახლოებით 5-6%-ით გაუფასურდა. ამ მოცულობით ლარის გაუფასურება, როგორც წესი, მყისიერად აისახება ხოლმე სარეალიზაციო ფასზე. შესაბამისად, ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია საწვავის ფასის მატება. თუ ჩავთვლით, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ან თუნდაც ამ ნიშნულზეც რომ დარჩეს, მაინც მოსალოდნელია საწვავზე ფასის მატება სამომავლოდაც. 5-7 თეთრის ფარგლებშია ახლა საწვავი გაძვირებული და შეიძლება დაახლოებით იგივე მაჩვენებლით მოკლე პერიოდში მოხდეს კიდევ გაძვირება“, - განუცხადა ბიემს იაკობიძემ.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე გაძვირდა, მაგრამ მცერე აგს-ებზე - გაიაფდა. მსხვილ ქსელებში გასული კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 5-დან 8 თეთრამდე გაიზარდა, დაახლოებით იგივე მასშტაბით შემცირდა საწვავის ფასი მცირე სადგურებზე.

dinamo პატარა სადგურებში არის საშინელი ხარისხის საწვავი. შემოდგომაზე სექტემბერში ცოტნე დადიანზე ,,გო"- ში ჩავასსხი პრემიუმი და ძრავს ,,ინფარქტი" დაემართა. (შემხვდა ხალხი ვის მანქანებსაც იგივე დაემართათ) უფრო მეტი დამიჯდა მდგომარეობის გამოსწორება, სჯობს ცოტა ძვირი, მაგრამ ხარისხიანი საწვავი ჩაასხა და დამშვიდებული იყო. პატარა სადგურები რაოდენობაშიც იტყუებიან. აბა ზემოგება, როგორ მიიღონ? ჩვეულებრივად ველური კაპიტალიზმის წესია.
18 საათის უკან