ყველაზე დიდი საინვესტიციო შეთანხმება - ქართული დელეგაცია საამიროებიდან 6-მილიარდიანი პაკეტით ბრუნდება

ყველაზე დიდი საინვესტიციო შეთანხმება - ქართული დელეგაცია საამიროებიდან 6-მილიარდიანი პაკეტით ბრუნდება

დამოუკიდებელი საქართველო ისტორიაში ყველაზე დიდი საინვესტიციო შეთანხმება დაიდო. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განხორციელდება. თბილის და ბათუმი კაპიტალდაბანდებების მთავარი არეალი იქნება. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ეკონომიკური ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს.

საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროებში, სადაც იგი ქვეყნის პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებასა და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკაზე შეჯერდნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ინვესტირების კუთხით უმსხვილესი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების ინტერესები იკვეთება. მათ შორის, აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე - უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას.

„შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა, ველოდებით ამ პროექტის განხორციელების დაწყებას და ძალიან მალე პროექტის განხორციელებაც დაიწყება. ეს კომპანია თავისი ეფექტიანობით არის ცნობილი და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი. ეს ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას, თბილისის, აჭარის განვითარებას. სამუშაო ადგილები შეიქმნება. ყველა კუთხით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი ჩვენთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დიდი საინვესტიციო შეთანხმება. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას გულისხმობს.

„ეს თბილისისა და ბათუმის ეკონომიკების დაახლოებით 2-3%-იან ზრდას მოიაზრებს წლის განმავლობაში, რეალურ ეკონომიკურ ზრდას, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას მაინც გულისხმობს. გარდა რიცხვებისა და ეკონომიკური შედეგებისა, EMAAR და Eagle Hills, ეს არის წამყვანი დეველოპერული ჯგუფი მთლიანად რეგიონში, რომელსაც აქვს განხორციელებული სანიმუშო პროექტები, მაგალითად, როგორიცაა ბურჯ-ხალიფა.

მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პროექტის დაწყებით ჩვენ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ ძალიან საინტერესო, დინამიურ სექტორში, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში უნდა მივიღოთ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი ადგილი, რომელიც ტურისტებისთვისა და მოსახლეობისთვის იქნება მიმზიდველი და თვალსაჩინო, რაც ასევე ქვეყნის ხარისხობრივ წინსვლას შეუწყობს ხელს, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში, რომელიც თბილისსა და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს.

„რამდენიმე მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამ პროცესში ჩართული იქნება ქართული კომპანიები, ყველანაირად ძალიან მაგარია. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, არ მახსოვს ამ მასშტაბის და ამხელა ინვესტიცია კონკრეტულ ერთ პროექტში, რაც ძალიან კარგია და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობა უკვე სულ სხვა საფეხურზე გადავიდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია არაბული მხარე. Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის შეფასებით, მათთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს მათი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით.

„ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიოს 15 ქვეყანაზე მეტში ვახორციელებთ საქმიანობას, მაგრამ თბილისში პირველად რომ ჩამოვედი, სრულიან მომნუსხველი ეფექტი იქონია ქალაქმა ჩემზე თავისი ხალხის სილამაზით, ბუნებისა და არქიტექტურის ხიბლით და ცხოვრების სტილით. თან საოცარი სამზარეულო გაქვთ.

შემდეგ ვეწვიე ბათუმს და იქაც განცვიფრებული დავრჩი ქალაქის ენერგეტიკით და სილამაზით.

ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს ჩვენი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით. მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ და მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებ, დიდ ურბანულ განაშენიანებას ვახორციელებ; საცხოვრებელ კომპექსებს, ვილებს, გზებს, ლანდშაფტებს, ხეებითა და ყვავილებით დამშვენებულ ტერიტორიებს, სასტუმროებს, სავაჭრო სივრცეებს, რესტორნებს, ბავშვთა სათამაშო სივრცეებს, ველობილიკებს, სარბენ ბილიკებს, სპორტულ დარბაზებს, სპა ცენტრებს - ყველაფერს ვაშენებთ! - განაცხადა რაშედ ალაბარმა.

აღმოსავლური ქვეყნებიდან ინვესტიციების ზრდასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე საუბრობენ ექსპერტებიც. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ აღნიშნა, რომ ახალი საინვესტიციო შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი იმპულსა, რომ უფრო მაღალი ტემპით განვითარდეს და მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბიზნესის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პოლიგონი დასავლეთიდან თანდათან აღმოსავლეთისკენ გადადის. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ ქვეყნებში არის მიღწეული განვითარების მაღალი დონე და ჭარბი ფულადი მასა, რაც უკავშირდება ბუნერივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და შემოსავლების მიზნობრივ ექსპლუატაციას, რაც აძლევს საშუალებას, რომ განავითარონ არა მარტო საკუთარი სახელმწიფოები, არამედ მოახდინონ პოზიტიური ექსპანსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოში თუ შემოვა ჭარბი ფულადი მასის გარკვეული ნაწილი, ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ.

ცნობილია, რომ ახალი არაბული ინვესტიციებისთვის პოლიგონი იქნება თბილისიც და აჭარაც, ამ მიმართულებით მოხდება ინვესტიციების სოლიდური ნაწილის დაბანდება. ამიტომ მომავალს უნდა შევხედოთ გარკვეული ოპტიმიზმით, რითაც ყველა მოგებული დარჩება, - აღნიშნა არჩვაძემ.

DDDzia შეუძლებელია ნორმალურ დამიანს არ ახარებდეს განვითარება და წინსვლა, მაგრამ არანაკლები პასუხგაუცემელი შეკითხვები რჩება.
1. ინვესტირება ნიშნავს უცხოელი მესაკუთრის მიერ თანხის დაბანდებას მათთვის საკუთრების შენარჩუნების უფლებით.
ანუ, ეს ქონება, რაც აშენდება მათია და არა ჩვენი და განკარგვა მოხდება მათ მიერ;
2. ვინ უნდა დასაქმდეს ამხელა პროექტის მშენებლობისას? არის მაგდენი მუშახელი ქვეყანაში?
პასუხი - არ არის.
მაშინ რა მოხდება?
ის მოხდება, რომ მუშახელი უნდა შემოიყვანონ ისევე, როგორც იმავე ემირატებშია, სადაც ყველაფერს აშენებენ ინდუსები თვეში 130-150 დოლარის ანაზღაუდებით, დღეში 12-14 საათიანი სამუშაო დღით. მათ იქვე სძინავთ, სადაც აშენებენ, იქვე ჭამენ და ა.შ.
ამდენი მუშახელის შემოდინება თუ არის ჩადებული რისკ-ფაქტორებში?
გვაქვს შესაბამისი კანონი, როგორც მაგალითად ემირატებია, რომ სამსახურის დამთავრების შემდეგ ამ შემოსულებს ასევე გუნდურად გაუშვან უკან?
თუ ესენი იმ ნახევარ მილიონ არალეგალს მიემატებიან, რომლებიც სულ ახლანდელი აღწერისას დაფიქსირდნენ?
3. ამხელა კომპლექსის აშენების შემდეგ ვინ უნდა იმუშაოს იქ?
ვინ იქნებიან მიმტანები, კლერკები, დამლაგებლები, პოვარები, ოფიციანტები და ა.შ.? არის ამხელა რესურსი ქვეყანაში?
არა, არ არის.
ე.ი. უნდა ჩამოსულებმა იმუშაონ?
დიდი ალბათობის - კი!
ოთხი წელი ვიმუშავე დუბაიში და მე იქ რესტორნებში და სასტუმროებში არაბები არ მინახავს. ინდუსები, შავები, ფილიპინელები - ესაა ძირთადად ის შემადგენლონა, ვინც იქ მუშაობს.
რატომ?
იმიტომ, რომ ემირატებში მუშაობს კანონი - ნებისმიერი ინვესტიციისთვის გზა ხსნილია, მაგრამ დაბანდებული ქონების 50% ემირატების მოქალაქის საკუთრება უნდა იყოს.
ამიტომაა, რომ არაბები არსად არ მუშაობენ. არსად არ ჩანან.
აქ როგორაა ეს გათვალისწინებული?
არანაირად.
მაშინ ჩვენ რა?
6 საათის უკან