[შორენა კოწოწაშვილი, ”ახალი თაობა”]
გიგა ბოკერიას ინიციატივით შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ყოფილი დეპუტატი მამუკა გიორგაძე საკმაოდ საფრთხის შემცველ დოკუმენტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბოკერიამ ამ კონცეფციაში რუსული ინტერესები გაატარა. მამუკა გიორგაძე შიდა კლანური დაპირისპირებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ბოკერია-რამიშვილ-ბენდუქიძის პოლიტიკური დაჯგუფება სააკაშვილის მემკვიდრეობაზე აცხადებს პრეტენზიას და ერთიანდებიან თავიანთი ვერაგული პოლიტიკური ზრახვების განსახორციელებლად. ეს ხალხი ლიბერალური ქოლგის ქვეშ ერთიანდება, სინამდვილეში კი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.
გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
ბატონო მამუკა, შესაძლოა, ქვეყანაში იგივე გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, ვითარება ისე დაიძაბოს, რომ ეგვიპტის სცენარი განმეორდეს? ექსპერტების ნაწილი ამას გამორიცხავს.
-საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, გამომდინარე იქიდან, რომ, პრაქტიკულად, დღესდღეობით ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფო არ არსებობს. არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები. გარეგნულად თითქოს ყველაფერია. გვყავს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, მედია და ა.შ. მაგრამ, პრაქტიკულად, ეს ჯგუფები ინსტიტუციონალურად არ ფუნქციონირებენ, სახელმწიფოებრივ ფუნქციას არ ასრულებენ. ეს, უბრალოდ, არის ერთი კლანის ან კლანთა ერთობლიობის ინტერესების გამომხატველი.
აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე. პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ურთიერთობების ობიექტი და არა სუბიექტი. ამიტომ ყველა ჩვენზე ზრუნავს, ყველა ფიქრობს ჩვენზე. ყველა ფიქრობს, რა მიიტაცოს ამ ზრუნვის სანაცვლოდ საქართველოდან. შესაბამისად, ხელს უწყობენ, რომ საქართველოში ასეთი ხელისუფლება არსებობდეს. სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ სუბიექტი. ჩვენ არ გვყავს ჩვენი ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება.
ერი ვერ ჩამოყალიბებულა თავის ძირითად ღირებულებებსა და მაგისტრალულ პოლიტიკურ მიმართულებებზე. გამომდინარე აქედან, ყოველ წუთს შესაძლებელია ნებისმიერი უცხო ძალის მიერ ნებისმიერი ქმედების განხორციელება. თვითონ, ის ფაქტი, რომ საქართველო სხვა ქვეყნებს შორის საჯილდაო ქვად იქცა, ამის ნათელი გამოხატულებაა, ხოლო სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ ერთი მიმართულებით ფიქრობს: ამ ჯილდაობის დროს როგორმე არ დაკარგოს ძალაუფლება, კეთილდღეობა და პირადი კომფორტი. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება სხვა არაფერზე ფიქრობს.
თქვენ საქართველოზე სხვა ქვეყნების მხრიდან ზრუნვა ახსენეთ. ამ ზრუნვით აიხსნება ამიერკავკასიში გაკეთებული განცხადებები ანტისარაკეტო სისტემის საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით? თუნდაც მაკკეინის განცხადება ავიღოთ, რომლის თანახმადაც, ის ლობირებას უწევს საქართველოში თავდაცვითი იარაღის შემოტანას.
-რაც შეეხება ზრუნვას, ბუნებრივია, ეს ზრუნვა გამომდინარეობს ყველა ქვეყნიდან საკუთარი ინტერესების დაასაცავად. ისინი საკუთარ ინტერესებს იცავენ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ჩვენთან ღია კარის პოლიტიკაა და, ფაქტობრივად, მთლიანად კორიდორის ამპლუაში ვართ. რაც შეეხება მაკკეინის განცხადებასა და თავდაცვითი შეიარაღების განლაგებას საქართველოს ტრიტორიაზე, ბუნებრივია, ამ განცხადებას მივესალმებით.
უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ პირველი: საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მსგავს სერიოზულ სახელმწიფოებრივ დახმარებას არ მიიღებს; მეორე - შესაძლებელია, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს საქართველო. ცხადია, უმჯობესი იქნება, მაკკეინმაც და სხვებმაც საქართველოს მიმართ მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებით კი არ გაამახვილონ ყურადღება, არამედ, ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზეპრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ ქართველ ერს, თორემ, კიდევ ვიმეორებ, თავისთავად, იმაში, რომ ეს ანტისარაკეტო სისტემები საქართველოში განლაგდეს, ცუდი არაფერია, მაგრამ, როცა ჩვენ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი ყველა ჯურის დამნაშავეს საქართველოს ტერიტორიაზე, ესეც დიდი საფრთხის შემცველი იქნება.
ანუ, გარკვეულწილად, ახალ ამერიკულ ინიციატივებს საფრთხეებიც ახლავს?
-რა თქმა უნდა საფრთხეები ახლავს. ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული ცნობიერების მატარებელი ხელისუფლება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება, მაკკეინისა და სხვა კონგრესმენების ასეთი ლობისტური საქმიანობა, უდავოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა, მაგრამ, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურების პარტნიორია და მათი შეკვეთით მოქმედებს, ამიტომ ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის მისაღებ ამ წინადადებას სერიოზული საფრთხეები ახლავს.
თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, როდესაც საქართველოს მიმართ კეთილად დანწყობილი ისრაელი აკეთებს განცხადებას თავისი მოქალაქეების მიმართ, რომ არ წამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ რომ საშიშია მათთის აქ გადადგილება, ბუნებრივია, აქ რეალურად არსებობს საფრთხეები. ფაქტია, აქ რეალურად არსებობვს საფრთხეები და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათის, რომ არ შედგეს რეალური სახელმწიფოებრივი დახმარებების მიღება საქართველოში, ან, თუ შედგება, ეს გამოიყენოს რეჟიმის გასაძლიერებლად და არა ქართული სახელმწიფოს მხარდასაჭერად.
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქმედებით, პრაქტიკულად, ხელს ჰკრავს მის მიმართ კეთილგანწყობილ ყველა ქვეყანას და კარს უხსნის იმ ქვეყნებს, რომელთაც საქართველოს მიმართ გარკვეული ანგარება გააჩნიათ. ისრაელს, რომ საქართველოს მიმართ ანგარება არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ბიზნესს, რაც ბუნებრივი მოვლენაა, ეს ფაქტია. ჩვენ იმ ადამიანებს ვაიძულებთ, უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლაზე. მათი ბიზნესმენები იმ მდგომარეობამდე მივიყვანეთ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ლამის აუკრძალა თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა.
ბატონო მამუკა, ხელისუფლება აპიარებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომლის ავტორიც გიგა ბოკერიაა. ითქვა, რომ 2005 წლის შემდეგ ქვეყანას მსგავსი დოკუმენტი არ ჰქონია. რა შეგვიძლია ვთქვათ ამასთან დაკავშირებით?
-ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდი, როგორ უნდა გადაფაროს ადამიანმა გამცემლობა. როგორ უნდა გადაფარონ ღალატი. როგორ უნდა გადაიფაროს კეთილი მოწოდებებით მათი ბოროტი საქმეები. ეს ამის ნათელი დადასტურებაა. რომელ რუსეთის მტრად აღიარებაზეა საუბარი, როდესაც 2 თვის წინ გიგა ბოკერიამ ჟენევაში ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც ნათლად წერია, რომ სამშვიდობო პროცესის გაგრძელება ბევრად არის დამოკიდებული რუსეთის სურვილების შესრულებაზე და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ.
ე.ი გიგა ბოკერიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის მინიშნება გააკეთა. ეს ხომ რაღაცით უნდა გადაფაროს. ისტერიკული ფონი ხომ უნდა შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ ეს დოკუმენტები, უბრალოდ, დამამტკიცებელი იქნება სააკაშვილის, ბოკერიასა და სხვების პრორუსული დ რუსული აგენტურული საქმიანობის ხელშეწყობვისათვის. ამიტომ ეს უნდა გადაიფაროს გარკვეული რიტორიკითა და პიარით. ეს ანტირუსული ისტერიკა არის კიდევ ერთი შეტევა ქართულ ცნობიერებაზე, იმიტომ რომ საქართველოში შოვინიზმი არასოდეს ყოფილა.
ჯანსაღი ნაციონალიზმი სრულებითაც არ გულისხმობს იმ ისტერიკას, რომელიც დღეს არის საქართველოში. რესტორნებში რუსული სიმღერა ავკრძალეთ-ეს არის ჯანსაღი ნაციონალიზმი. დღეს შეგნებულად ხდება ყოფით დონეზე ასეთი სკანდალური გადაწყვეტილებების მიღება. ეს, ერთი მხრივ, შოვინიზმის დანერგვას ემსახურება ყოფით დინეზე და მეორე - გადაფარონ თავიანთი პრორუსული ნაბიჯები. ამით უნდა დაანახვონ ხალხს, როგორ ვარ რუსეთის მომხრე, რუსული სიმღერაც არ დავუშვი რესტორანშიო, თან აგერ უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი გამოვაცხადეთ მტრად.
რაზე მიანიშნებთ, ბოკერიას ინიციატივით შექმნილი უსაფრთხოების კონცეფცია რუსულ ინტერესებზეა გათვლილი?
- რა თქმა უნდა. რუსეთი უზრუნველყოფს სააკაშვილსა და მის რეჟიმს, მათა მან გამოიყენოს მტრის თემა საკუთარი მომხრეების ორგანიზებისათვის. რუსეთსაც აწყობს ეს თემა და ისიც იყენებს ამ თემატიკას საკუთარი მიზნებისათვის. რუსეთშიც და საქართველოშიც არის ერთი და იგივე სისტემა, რომლებიც უწყობელ ხელს ერთმანეთის პოზიციების გამყარებას. დღეს, როცა ბოკერიას გარკვეული სერიოზული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა და უკვე მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლა სახელისუფლებო კლანებს შორის მემკვიდრის პოზიციაზე, ბუნებრივია, მოკერიას სჭირდება თემა.
ეს თემა იქნება სწორედ ანტირუსული ისტერიკა, მაშინ , როდესაც იგივე უგულავა და მერაბიშვილი რუსეთის მიმართ ძალიან ლოიალურ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, გარკვეულწილად, სახელისუფლებო ბრძოლის შემადგენელი ნაწილიც არის.