შეიცვლება თუ არა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პარალელურად ევროკავშირის და ბრიუსელის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით? ორი დღის განმავლობაში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხი აქტიური განხილვის თემა იყო. 27 ქვეყნის წარმომადგენელმა 1 საათის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრეს და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გააკეთეს. თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერზე შეთანხმდნენ.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები ისმოდა, მათ შორის, საპროტესტო აქციებისა და არჩევნების შესახებ. ევროპარლამენტში განხილვის თემა ისევ იყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებიც.
კოლეგების საპასუხოდ ევროპარლამენტართა ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევაზე მიუთითებდა. თუმცა მანამდე იყო მოთხოვნები ივანიშვილის დასანქცირებასა და სააკაშვილის გათავისუფლებაზე, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობდნენ. ასევე, განცხადებები ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე გაკეთდა, რის შემდეგაც დაისვა რიტორიკული შეკითხვა - როგორ შეიძლება პრორუსული იყოს ოკუპირებული ქვეყნის მთავრობა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ყველა პლატფორმაზე იბრძვის?!
სტრასბურგში გაკეთებული განცხადებებიდან თბილისში ოპოზიცია ყურადღებას ძირითადად კრიტიკულ გზავნილებზე ამახვილებს და ეთანხმება იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, აქტუალობას არ უნდა კარგავდეს.
ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკას „ქართული ოცნებისთვის“ ერთადერთი ახსნა აქვს - უხეში ჩარევა, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ აყენებენ დღის წესრიგში საკითხებს, რომელიც ევროპარლამენტის წინა არაერთ რეზოლუციაშიც მოხვდა.
„დროა ევროკავშირმა შეწყვიტოს ზეწოლა და საბოლოოდ პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ საკუთარ გამოსვლაში.
„ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოში არჩევნების შესახებ. რუსული ჩარევის კვალი არ არის ნახსენები. კმარა ტყუილი! საკმარისია ევროკავშირის არაკეთილსინდისიერება! დროა ევროკავშირმა შეწყვიტოს ზეწოლა და საბოლოოდ პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს!“ - ამბობს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტარ ბრანისლავ ონდრუშის განცხადებით, აბსურდული ბრალდებებია თითქოს, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია.
„ყველაზე აბსურდული ბრალდებები არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. როგორ შეიძლება მთავრობა იყოს პრორუსული, რომელიც არ შეეგუა თავისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპაციას, რომელიც ითხოვს რუსების გაყვანას და რომელიც იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად? დღევანდელი ვითარება ქართული რეალობის უგულებელყოფისა და საქართველოს შიდა საქმეებში ევროპელი პოლიტიკოსების უპრეცედენტო ჩარევის შედეგია. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ცვლილება წარმოადგენს თავდაცვის მექანიზმს ევროპის უსამართლო ზეწოლის საპასუხოდ. რუსეთთან მიმართებაში არსებული რთული ქართული რეალობის შემწყნარებლობისა და გაგების ნაცვლად, ევროკავშირმა დაიწყო ქართველებისთვის კარნახი, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს მათ ეკონომიკასა და თავდაცვაზე ეს.
საქართველო რეალურად განწირულია რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობებისთვის, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. რუსული ჯარი თბილისში შეიძლება სამ დღეში იყოს. და შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში მეგობრულად თანამშრომლობდა რუსეთთან, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიის დიდი ხნის ოკუპაციისა. ამიტომ მოგიწოდებთ ჩვენი მიდგომის შეცვლას და საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ურთიერთობისა და პარტნიორული დიალოგის განახლებას“, - განაცხადა ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუშმა.
განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ესტონეთზეც, ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - ასე პასუხობს პრემიერი ბალტიისპირეთის ქვეყნების მოთხოვნას „ოცნების“ ხელსიუფლების დასანქცირებაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესტონეთის პარლამენტის განცხადება მიუღებელი და ანტიქართულია და ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.
„რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის მიუღებელი, ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და ესტონელ ხალხებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ულტრარადიკალურ ლიბერალიზმს ევროპაში იმდენად აქვს ფეხი მოკიდებული და იმხელა გაველნა აქვს, რთულია მისი მოკლე დროში აღმოფხვრა. განსაკუთრებით ევროსტრუქტურებზე ეს გავლენა ძალიან ღიად ჩანს. ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ ტრამპის მოსვლით, დღეს და ხვალ არ უნდა გვქონდეს მოლოდნი, რომ ევროპაში რამე შეიცვლება.
„გავიხსენოთ რა სახის და სიმძაფრის დაპირისპირებაა უნგერთის პრემიერ ორბანსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის. ფონ დერ ლაიენი სიმბოლოა ევროკავშირის პოლიტიკის. ამ პოლიტიკას, რომელიც ულტრალიბერალიზმია, ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაზე მეტად იზიარებენ. გასაგები რომ იყოს, ავხსნი რატომ არის ასე. ბალტიისპირეთის ქვეყნებს კი გაუხსნეს კარი და ევროპაში შეუშვეს, მაგრამ სუფრის ბოლოში დასვეს. მაგათ პოზიციებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ტრადიციულ ევროპულ ქვეყნებად არ ითვლებიან, შესაბამისად, წონაც არ აქვთ. ევროკავშირში წონის მოსაპოვებლად, ბალტიის ქვეყნები ცდილობენ რაც შეიძლება იმაზე რადიკალური პოზიცია დაიკავონ, ვიდრე ევროპელებს უკავიათ, მათ შორის, ლიბერალიზმის საკითხში. დაახლოებით ისეთი რამ არის, როცა ლენინი იძახდა, რომ არარუსები რუსებზე უფრო შოვინისტები არიანო. მიგრანტების ხასიათში ზის, რომ სადაც ჩასახლდება, „რომის პაპზე უფრო კათოლიკე ხდება“. ბალტიისპირელები ცდილობენ ტრადიციულ ევროპულ ქვეყნებზე უფრო ევროპელები გახდნენ. ვინაიდან ულტრალიბერალიზმი მაგათ პერიოდში დამკვიდრდა ევროპულობის სტანდარტად, ამიტომ ყველაზე რადიკალურ პოზიციას იკავებენ. ეს არის სწორედ ის განწყობა და განცხადებები, რომელსაც საქართველოს მიმართ მათი მხრიდან ვისმენთ“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, არის კიდევ მეორე მიზეზი, რის გამოც მათ „ოცნების“ ხელისუფლება არ უყვართ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ამ ქვეყნებს და მათ ხელისუფლებებს ყოველთვის დიდი სიმპათიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდათ. ანალიტიკოსი ამიტომაც ფიქრობს, რომ როგორც ულტრალიბერალიზმის მკაფიო გამტარებლებს, ურჩევნიათ, რომ მისი მკაფიო მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
„ეს სიყვარული სააკაშვილის მიმართ საიდან არის დაწყებული ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთოდ, ბალტიისპირელებს და ბევრ ევროპულ ქვეყანას, რადგან მძაფრი ანტირუსული განწყობები აქვს, თანაც ჩვენზე უფრო მეტი რომ აქვს, ეს ღიმილის მომგვრელია, ამ განწყობის სიმბოლოდ სააკაშვილს და ენმ-ს მიიჩნევენ. ხოლო ის ავიწყდებათ, სააკაშვილმა რუსებს რამხელა ტერიტორია დაუთმო, რა ინფრასტრუქტურა მიყიდა და ა.შ. თუმცა რადგან რიტორიკაა ანტირუსული, ფიქრობენ, რომ რუსებს ებრძვიან. ახლა, გააჩნია როგორი იქნება ტრამპის მოქმედება ევროპის მიმართ. ეს ულტრალიებრალიზმი ნელ-ნელა გადის, თუმცა გავლენას როდის დაკარგავს, რა ფორმით, რთული საკითხავია. პახმელიასავით არის, გააჩნია რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებითაც სიტუაცია ამ მიმართულებით წარიმართება“, - ამბობს საყვარელიძე.