„ქართული ოცნება“ აშშ-ს ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას აპირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამის საშაულებას ახალ ხელისუფლებასთან „ოცნებას“ ის ღირებულებებითი თანხვედრა მისცემს, რომელიც ტრამპს და მის გუნდს აქვს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ბევრი რამ ასევე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში. მათი თქმით, ამისთვის „ოცნებას“ მუშაობა და ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული აქვს, შესაბამისად, მალე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას ელიან.
„მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება.
„მთავარია ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი. თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება“, - განაცხადა პრემიერმა.
სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვაა ამერიკის ახალი სახელმწიფო მინისტრის მარკო რუბიოს მიზანი. ის ეროვნული ინტერესების დაცვას ასახელებს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. რუბიო თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში პირველად მივიდა და თანამშრომლებს შეხვდა. შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამერიკა მჭიდროდ ითანამშრომლებს ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც ეროვნულ ფასეულობებს დაიცავენ.
„მე ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წაწევს და იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები ემთხვევა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას“, - ამბობს რუბიო.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა გამოსვლაში ისაუბრა, რომ გლობალურ პოლიტიკაში მისი მიზანი არის მშვიდობის, კონფლიქტების თავიდან აცილების ხელშეწყობა.
„სახიფათო ილუზია იყო იმის დაჯერება, რომ მთელ კაცობრიობას განზრახული ჰქონდა მიეტოვებინა ეროვნული სუვერენიტეტი, ეროვნული თვითმყოფადობა და მსოფლიოს მოქალაქეები გამხდარიყვნენ“, - ამბობს ის.
რუბიოს თქმით, ომის შემდგომი გლობალური წესრიგი არ არის უბრალოდ მოძველებული – ის ახლა აშშ-ის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღია.
„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ტრამპსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ძალიან ბევრი ღირებულებითი დამთხვევაა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას ხელს შეუწყობს. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ განსაკუთრებული თანხვედრა მშვიდობის დამყარებასა და ომის დასრულებასთან დაკავშირებით არსებობს.
„ტრამპის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყო ის, რომ იგი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას აპირებს. სწორედ ამის გამო გვამუნათებდა, გვაშანტაჟებდა და ჩვენზე მთელი პროპაგანდა ააგორეს ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა გარემოცვამ. ტრამპს ჯერ ფიცი არ ჰქონდა დადებული, რომ ახლო აღმოსავლეთში უკვე ცეცხლი შეწყდა. ბევრი ცხელი წერტილი, რაც მსოფლიოში არსებობს, ნელ-ნელა მშვიდობისკენ წავა. სწორედ მშვიდობის გამო, რუსეთთან ცხელ ფაზაში ურთიერთობის არ გადაყვანას გვსაყვედურობდა ყოფილი ადმინისტრაცია.
ჩვენ პრობლემები ამერიკასთან კი არ გვაქვს, ჩვენ პრობლემები გვქონდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან. ამიტომ მთავარია, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების გადახედვას და პროცესის განმუხტვას დაეთმოს. მეორე საკითხია ასევე, როცა ტრამპმა მიიღო კანონი 2 სქესის განსაზღვრის შესახებ. ეს რაღაცა ლგბტ პროპაგანდის მიმართულებები, ამერიკაში, პრაქტიკულად, დასრულებულია. ეს კი ცალსახად აისახება იგივე ევროკავშირზე. სწორედ ეს კანონი იყო ასევე, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის, მთელი დასავლეთის გალაშქრების მიზეზი. არადა პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ევროკავშირში მაინც და მაინც გეიაღლუმით უნდა შევსულიყავით. ამერიკაში ეს პროცესი დაძრულია, ამიტომ ჩვენი თანხვედრა ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან გარანტორია იმის, რომ ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობები გადაიხედება. ჩვენ მზად ვართ, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ“,-ამბობს ბოჟაძე.
მისივე თქმით, ამერიკაში არ გვყავს ელჩი და ამაზე საუბარს არ ჰქონდა აზრი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტი და ასევე, ამერიკაში ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ხელისუფლებაში. დეპუტატი ამბობს, რომ ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული აქვთ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კომუნიკაციის შედეგად, რომელიც აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უკვე დაწყებული გვაქვს, ბევრი რამ შეიცვლება. ასევე, შეიცვლება ფონი ტრამპის გადაწყვეტილებით, რომ 90 დღით შეჩერდეს ყველა დაფინანსება, რაც ამერიკიდან სხვადასხვა ქვეყნებში მესამე სექტორზე მიდიოდა, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც, რომლითაც ფინანსდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და მათ მიერ მართვადი მედიები, ქვეყანაში რადიკალიზმის და პოლარიზაციის ხელშესაწყობად. ეს პროცესები აისახება ჩვენი და ამერიკის ურთიერთობებზე. ის ზეწოლა, იგივე ბიძინა ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირების სახით, ერთადერთი რამის გამო იყო - როგორმე ხელისუფლება გამტყდარიყო და 20 იანვრამდე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაფუჭებულიყო. ქართველი ჯარისკაცები ბაიდენის ადმინისტრაციამ დასაჯა და ის გრანტები მოუხსნა ჩვენს ჯარს, რომელსაც ამერიკიდან იღებდნენ. არადა ავღანეთში, ერაყში, ქართველებს არავისზე და ამერიკელებზე არანაკლები წვლილი მიუძღვის ბრძოლებში. იმ ომებს
ჩვენი გმირი ბიჭების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. ახლა კი სამოქალაქო სექტორსაც აღარ ექნება ამერიკული ფული. ამიტომ განახლების პოლიტიკა გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება არგუმენტები ისაუბროს, თუ რის გამო მოხვდა ის ამ წნეხის ქვეშ. მით უმეტეს მოხერხდა, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენტს საქართველოში დახვდა ხელისუფლება, რომელიც არა რევოლუციით, სისხლით და დესტაბილიზაციით მოსული ხელისუფლებაა, არამედ ხელისუფლება, რომელმაც კბილებით შეინარჩუნა სიმშვიდე. ათასი ზეწოლის, დასანქცირების, შანტაჟის მიუხედავად საქართველოში და რეგიონში მშვიდობა დაიცვა“, - ამბობს ბოჟაძე.