დიდი ალბათობით, 2025 წელს ქვეყანაში ინფლაცია დაჩქარდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე საუბარი დროებით დასრულდება. რადგანაც ლარის კურსიც თანდათან მაღლა მიცოცავს, ბევრი რამ გაურკვეველი და საეჭვო ხდება.
ფაქტია, რომ საქართველოში ინფლაციური მოლოდინი უარესდება. ეროვნული ბანკის უახლესი კვლევის მიხედვით დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, 1 წლის ინფლაციური მოლოდინი გაიზარდა. რესპონდენტების უმრავლესობა ფასების ზრდას 4%-დან 8%-ის ფარგლებში მოელის.
უფრო ოპტიმისტურია საბანკო ასოციაციის მოლოდინი. მათი პროგნოზით, წელს ინფლაცია ზომიერად გაიზრდება და 3-3,5%-ის ფარგლებში იმოძრავებს. ამ ეტაპზე ორგანიზაცია ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.
„ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით, ჩვენ ვეთანხმებით კვალიფიციურ საერთაშორისო ორგანიზაციებს და 2025 წლის განმავლობაში ველოდებით ზომიერ პოზიციას. არ მგონია, რომ ინფლაცია 3,5 %-ს გასცდება. ვფიქრობთ, დაახლოებით, 3-3,5% ის ფარგლებში ვიმოძრავებთ მთელი წლის განმავლობაში. რეფინანსირების განაკვეთი ისევ დამოკიდებული იქნება ფულად შემოდინებებზე, დამოკიდებული იქნება დოლარის საერთაშორისო პოზიციაზე და ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობაზე.
იანვარი და თებერვალი ტრადიციულად საბანკო სისტემისთვის გარკვეული პროცესების შენელებით ხასიათდება. ეს ეტყობა საბანკო აქტივებს და საბანკო კრედიტებს, ეს ვერ იქნება ამ წუთს მანიშნებელი ვერაფრის, რადგან მარტიდან იწყება ხოლმე აქტივობა, რაც წლის ტრენდს განაპირობებს.
იმედი გვაქვს, რომ წელსაც საბანკო სისტემა სტაბილურად ორნიშნა რიცხვით გაიზრდება და ველოდებით, რომ ის ნაბიჯები, რაც სებ-მა გადადგა ლარიზაციის მიმართულებით თავის შედეგებს პირველი კვარტალის ბოლოს დაგვანახებს. იმედი გვაქვს, სებ-ი პოლიტიკას მეტად არ გაამკაცრებს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება აშშ-ს ცენტრალური ბანკის და ევროპის ცენტრალური ბანკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან იქნება კავშირში. ჩვენ ასე ვფიქრობთ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ.
ეროვნული ბანკი კი წელს 3%-ზე მაღალ ინფლაციას მხოლოდ მესამე კვარტალიდან მოელის. წლის პირველ და მეორე კვარტალში კი სებ-ი ოფიციალურად 2%-ზე მაღალ ინფლაციას პროგნოზირებს.
„პიემსი“ კვლევითი ცენტრის მკვლევარები კი მიიჩნევენ, რომ ინფლაცია გადააჭარბებს მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს, თუმცა ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ვნახეთ, რომ გაუფასურდა როგორც ნომინალური, ისე ეფექტური გაცვლითი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი ერთში არ აისახება ფასებზე, ამ ორ პარამეტრს შორის არის ძალიან მაღალი კორელაცია. შესაბამისად, შეიქმნა, ინფლაციაზე მზარდი წნეხი, სავარაუდოა, რომ ის ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ინფლაციის ზრდაზე, გადაწონის იმ ფაქტორებს, რომელიც მოქმედებს ინფლაციის შემცირებაზე. ეს არის გამოწვეული ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობით, გაურკვევლობით, პოლიტიკური კრიზისით, რომელიც ამცირებს ნდობას ადგილობრივი ეკონომიკის მიმართ, ქმნის უარყოფით მოლოდინს მათ შორის ინფლაციის მიმართულებითაც.
სავარაუდოა, რომ 2025 წელს სხვაობა, რომელიც არის მიზნობრივ და ფაქტობრივ ინფლაციას შორის შემცირდება, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით არ ვვარაუდობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების განვითარებაზე.
ბიზნესიც აღნიშნავს, რომ ინფლაცია გაიზრდება და მიზნობრივზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც 2024 წელს გვქონდა აღარ გვექნება.
სებ-ის ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს, მთავარია არ შეიქმნას ისეთი ძლიერი წნეხი, რომ ინფლაციამ გადააჭარბოს მიზნობრივ მაჩვენებლებს. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო შეამცირებს და შეიძლება გარკვეულ კრიზისშიც გადაიზარდოს", - განაცხადა „პიემსი“ კვლევითი ცენტრის მკვლევარმა გოჩა ქარდავამ.