მიუჩენს თუ არა ტრამპი თავის ადგილს ნაცების ლობიზმში ეჭვმიტანილ ჯო უილსონს, რომელიც იმ დროს, როდესაც ღამეა ვაშინგტონში და, წესით, ყველას უნდა ეძინოს, ფხიზლობს და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს „აცხობს“?!
ჯო უილსონის შესახებ საუბრობს მეთიუ ბრაიზაც, სააკაშვილის დიდი მეგობარი, რომელსაც ნაცებმა თავის დროზე ქორწილი თურქეთში გადაუხადეს და, რომელიც ვანო მერაბიშვილის მიერ ორი გვამის მოთხოვნაზე ამბობდა, რომ „ეს არის ტერორისტული ოპერაცია და მსგავსი რამ დასაშვებია“. დღეს ბრაიზა ვერ მალავს სინამდვილეს, რომ ტრამპისთვის ჯო უილსონის ფიგურა არაფერს ნიშნავს.
„მიმაჩნია, რომ ტრამპისთვის არ იქნება პრიორიტეტული, რას ილაპარაკებს ჯო უილსონი და კონგრესის სხვადასხვა წევრები“, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა და მიიჩნევს, რომ უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. ბრაიზას მტკიცებით, ჯო უილსონის მოსაზრებები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის, შესაძლოა, ჯო უილსონმა დაარწმუნოს მარკო რუბიო, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ტრამპზე ჯო უილსონი გავლენას ვერ მოახდენს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის თქმით, ჯო უილსონი ნაცმოძრაობის ლობისტია, თითოეულ განცხადებაში ფულს იღებს, ნაცებმა ის იმიტომ დაიქირავეს, რომ თავს ტრამპისტს ეძახის.
„საოცარი სიტუაციაა, დღის განმავლობაში 3-4 სტატუსი შეგხვდებათ ტვიტერზე, „დატვიტავს“, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს იქ ღამეა. ანუ კაცი იღვიძებს ღამე ორზე, შემდეგ ოთხზე, შემდეგ ექვსზე, შემდეგ რვაზე, ანუ არ სძინავს და თითო განცხადებაში გასამრჯელოს იღებს“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ჯო უილსონის იაფფასიანი ლობიზმი, რომელიც სულ ბოლოს კეზერაშვილის „ფორმულასგან“ სულ რაღაც 1000 დოლარის აღებაში გამოვლინდა, ბევრჯერ გამოადგათ ნაციონალებს. სწორედ უილსონმა უშუამდგომლა ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილს ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად. თუმცა ჯო უილსონის ლობიზმმა დიდად ვერ არგო ქართველ რადიკალებს. ტრამპის ინაუგურაციაზე მათი მასკარადი არ შედგა და ეს იყო ხელმოცარული ოპოზიციის დასწრება ინაუგურაციაზე, სადაც მათ ის პატივი არ მიაგეს, რაც მათ ამბიციებს დააკმაყოფილებდა.
სად იქნება ჯო უილსონის ადგილი ტრამპის ადმინისტრაციაში?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯო უილსონის შესახებ ამჯერად სიმართლეს ლაპარაკობს მეთიუ ბრაიზა. ვინ, თუ არა მეთიუ ბრაიზამ იცის ის სამზარეულო, რომელშიც მზადდება ვაშინგტონის პოლიტიკა. ამ შიდა სამზარეულოს შესახებ ინფორმაციას ფლობს ბრაიზა, მან ძალიან კარგად იცის, რის საფასურად აკეთებს უილსონი იმ განცხადებებს, რომლებიც კარგა ხანია, გვესმის და საკუთარ ტვიტერში და გვერდზე ათავსებს ნაცების მაამებლურ მესიჯებს.
„ეს გასაკვირი არ არის, რადგან ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო მეთიუ ბრაიზას შემთხვევაშიც, ბრაიზა არის უილსონის წინამორბედი. ისიც უფულოდ არაფერს აკეთებდა, სათანადო ლობიზმს თუ უკეთებდა ნაცებს, უკეთებდა შესაბამისი თანხების ფასად. უფრო მეტიც, იმ პერიოდში მეთიუ ბრაიზას შესახებ ამბობდნენ (და ეს მას არც არასდროს უარუყვია), თურქეთში ქორწილი ბრაიზას სწორედ სააკაშვილმა გადაუხადაო. თუ არა ბრაიზამ, ვინ უნდა იცოდეს უკეთესად, რაშია გასვრილი ჯო უილსონი?! უილსონიც ამას თანხების საფასურად აკეთებს და ჩვენს ხანდაზმულ თაღლითებზე-ხაზარაძე-ჯაფარიძეზე არანაკლები თაღლითია, მან ეს ინაუგურაციის დღეებშიც დაადასტურა, როდესაც საქართველოდან ჩაიყვანა ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ორი ხანდაზმული თაღლითი-ჯაფარიძე და ხაზარაძე და მინუს თერთმეტ გრადუს ყინვაში გაყინა ეს ადამიანები, საბჭოთა კავშირისდროინდელი „კარმანჩიკებივით“ რომ ისხდნენ გარეთ და იქიდან უყურებდნენ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას“, - აღნიშნა ედუშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსის განმარტებით, ქართული ანდაზაა, „მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო“. მეთიუ ბრაიზაც ერთ-ერთი მელაა მიშას მელიებს შორის, რომელიც ახლა სხვა მელიის (ჯო უილსონის) დაწიხლვას ცდილობს და ზუსტად იმას ლაპარაკობს, რაც სინამდვილეშია.
ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მეთიუ ბრაიზამ ძალიან კარგად იცის ტრამპის ადმინისტრაციის და თავად ტრამპის განწყობა იმ ადამიანების მიმართ, როგორიცაა ჯო უილსონი. სხვათა შორის, უილსონიც ტრამპის განწყობას მის მიმართ თავადაც მშვენივრად ხვდება, მაგრამ იმდენად ღრმად აქვს შეტოპოლი, უკან ვერ იხევს.
„ჯო უილსონი არის კაცი, რომელიც ათას დოლარს იღებს ლობისტობაში, ანუ ამერიკაში მცხოვრები კაცი, კონგრესმენი ათას დოლარს თანხმდება ამ საქმიანობაში. ასეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენი რადიკალები კი ღირსების გარეშე დარჩენილი ადამიანები არიან, რომლებმაც ქართული ოპოზიციური სპექტრი ჩააგდეს კანალიზაციაში. თუკი ბადრი ჯაფარიძეს ტუალეტებიდან უნდოდა ინტერვიუების მიცემა და თავის ცოლისძმასთან ერთად გარეთ ყინვაში უნდოდა ყოფნა, მაშინ საქართველოშიც შეეძლო ეს გაეკეთებინა. თუკი ყოფილ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საბჭოთა კავშირის დროინდელი კაბითა და წკაპუნებით უნდოდა ტელევიზორის ყურება ვაშინგტონში, ვინ უშლიდა ან ერთს ტუალეტის წინ ჯდომას საქართველოში, ან მეორეს ტელევიზორის წინ ჯდომას, ან მესამეს „კარმანჩიკივით“ ყინვაში ყოფნას?! ამისთვის რა საჭირო იყო ოკეანის გადალახვა? აგერ, საქართველოში მშვენივრად შეეძლოთ ერთსაც, მეორესაც და მესამესაც ანალოგიურ სიტუაციაში ყოფნა“ - მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე.