როგორი იქნება დონალდ ტრამპის ახალი დღის წესრიგი მსოფლიოსთან ერთად ბრიუსელისთვის? - უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს ვერსია აქვს, რომ 20 იანვრიდან დასავლეთ სამყაროში სხვა მზე ამოვა და შეიცვლება ყველაფერი. „დონალდ ტრამპთან შევთანხმდი, რომ ამერიკასა და უნგრეთს შორის ურთიერთობებში არაჩვეულებრივი, ოქროს ეპოქა დაიწყება“, –ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.
მისივე თქმით, „ახლა მთავარია, ევროკავშირი მოერგოს შეცვლილ ვითარებას, რადგან დონალდ ტრამპის მოსვლით ახალი ერა იწყება“.
„დროა, სანქციები ფანჯრიდან გადავყაროთ და მათ გარეშე დავამყაროთ რუსეთთან ურთიერთობები. ამაზე მუშაობა მოგვიწევს. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სოროსის არმია ბრიუსელში გაიქცევა. ყველაზე დიდი სკანდალია ის, რომ სოროსის ხალხი ბრიუსელში არის ჩანერგილი და გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
გარდა ამისა, ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ „ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია“.
„ვფიქრობ, ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი პოლიტიკაში არის ის, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია.
პარლამენტარები, ბრიუსელის ბიუროკრატები, სერიოზული გადაწყვეტილების მიმღები პირები ნაყიდია და მათზე წვდომა აქვს ჯორჯ სოროსს“, – აცხადებს ორბანი.
დონალდ ტრამპის განცხადებებმა კი ინაუგურაციაზე ევროპის წამყვანი ლიდერები და ბრიუსელში მყოფ ჩინოვნიკები შეაშფოთა. ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე წუთებიდან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას შეუდგა. იმ 100-ზე მეტ განკარგულებას შორის, რომელზეც მან ხელი მოაწერა, ერთ-ერთი „დიფ სთეითის“ დამარცხებას ეხება. ბრძანების მიხედვით, სამთავრობო დეპარტამენტებიდან და ფედერალური სააგენტოებიდან ბიუროკრატიის დიდ ნაწილს გაათავისუფლებენ. ტრამპმა პირობა არ დაარღვია ადრეული დაპირებების კიდევ ერთ ნაწილში და პრეზიდენტობის პირველი ვადის მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატები, „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან“ და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოიყვანა.
ტრამპის პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ევროპაზეც აისახება. მან არაერთხელ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან მალე შეაჩერებს. რა ფორმით მოახერხებს ამერიკის პრეზიდენტი დანაპირების შესრულებას უცნობია, თუმცა მან საინაუგურაციო სიტყვაში მკაფიოდ თქვა, რომ ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელის და გამაერთიანებლის როლი. ასევე არ არის გამორიცხული მან ევროპას უკრაინის ომთან დაკავშირებით კიდევ უფორ მეტი პასუხისმგებლობა დააკისროს. ეს კი ევროპის პოლიტიკურ ელიტაში ღელვის საბაბია. ასევე ღელვის მიზეზი გახდა ტრამპის განცხადებები ორ სქესთან დაკავშირებით და ოჯახურ ღირებულებებზე აქცენტის გაკეთება. ჯერ კიდევ ლიბერალურ ევროპას ტრამპის სიტყვები ცუდად ენიშნა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ურთიერთობები აშშ-თან იქნება პრაგმატული, თუმცა ევროკავშირი თავის ინტერესებს დაიცავს.
„ჩვენ გვინდა მეტი თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამისთვის ღიაა. ეს მოიცავს ჩვენს უახლოეს პარტნიორებს. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, აშშ-ს. არცერთი ეკონომიკა მსოფლიოში არ არის ისე ინტეგრირებული, როგორც ჩვენ ვართ. ევროპულ კომპანიებში აშშ-ში დასაქმებულია 3,5 მილიონი ამერიკელი. კიდევ მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირ დამოკიდებულია ევროპასთან ვაჭრობაზე. ჩვენ შორის ვაჭრობის მოცულობა 1,5 ტრილიონ ევროს შეადგენს, რაც გლობალური ვაჭრობის 30%-ს წარმოადგენს. ორივე მხარისთვის ბევრი რამ დევს სასწორზე. ასე რომ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ადრეული ჩართულობა, საერთო ინტერესების განხილვა და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის ვიდგებით ჩვენს პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები – ეს არის ევროპული გზა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვიქტორ ორბანმა პირდაპირ ისაუბრა იმ რეალობის შესახებ, რომელიც 20 იანვრის შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში დადგება. ქადაგიძე აცხადებს, რომ ორბანის გარდა, ცივილიზებულად და რაციონალურად მოაზროვნე სამყაროს ანალოგიური მოლოდინი აქვს.
„ტრამპის პირველივე სამუშაო დღეს ვნახეთ ის განსაკუთრებული და რადიკალური ნაბიჯები, რაც მან დააანონსა და უკვე მასზე ხელიც მოაწერა. პირველ რიგში ის ჯანმოდან გამოვიდა. ამას მოჰყვება კოვიდთაღლითობაზე გამოძიება, რაზეც ტრამპი საუბრობდა. ეს თავისთავად იმოქმედებს ევროპაზეც და აზიაზეც. ასევე მან 90 დღით შეაჩერა აბსოლუტურად ყველა დაფინანსება მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ევროპაშიც. ანუ პირველი დილა, რომელიც ტრამპმა თეთრ სახლში დაიწყო, უკვე გავლენას მსოლფიოზე ახდენს და ლოგიკურია ეს ბრიუსელზეც აისახება. ამაზე საუბრობს ორბანი და ველი, რომ ამაზე უკვე ღიად ტრამპიც ისაუბრებს. ასევე ამერიკის პრეზიდენტი ბრიუსელში ე.წ. დიფ სთეითის არსებობაზე ბევრ რამეს იტყვის. მას ძალიან ბევრის თქმა შეუძლია და არც მოერიდება.
ტრამპმა ევროპას უთხრა, რომ უფრო მეტი ვალდებულებები უნდა აიღონ უკრაინის ომთან დაკავშირებით. ასევე ნატოს ალიანსში ყოფნის მეტი პროცენტია გადასახდელი. მხოლოდ ამერიკა არ არის ვალდებული ევროპის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. ამ მხრივ ტრამპი კიდევ უფრო ხისტი იქნება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ევროპის ნახევარი ქვეყნების ხელისუფლებებმა თანამდებობები დატოვეს. ნახევარ ქვეყნებში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. როცა ტრამპი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება, ამ ყველაფერს დომინოს პრინციპი ექნება და კიდევ უფრო სერიოზული ძვრები დაიწყება ევროპაში“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ის ლიბერალური სიგიჟე, რომლის დღის წესრიგიც ამერიკაზე და ევროპაზე იყო თავს მოხვეული, ტრამპის მოსვლის შემდეგ დასრულდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ სიგიჟის სინდიკატის შემომთავაზებელი და დაამარსებელი ჯორჯ სოროსია და ის ტრამპს ტყუილად არ გამოუცხადებია ბოროტებად.
„ჯორჯ სოროსი ეს არის დიფ სთეითის ერთ-ერთი მოდელი, რომელმაც ყველგან შეაღწია. ეს არის საერთო ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაციებში შეაღწევს და გავლენის მოპოვებას ცდილობს. აქედან გამომდინარე ბაიდენის ადმინისტრაციამ კი ეს გააორმაგა და პირდაპირ ღია თამაში დაიწყო. ამ პროცესებამდე მიიყვანეს დღეს ევროპა, როდესაც კონკრეტული სხვა ქვეყნის პირველი პირის შეცვლის შედეგად, საკუთარ ქვეყნებში ვადამდელ არჩევნებს იღებენ, ეს პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება და ევროპაში ბევრი სიახლე გველის. რაც შეეხება საქართველოს, არ ველი, რომ დღესვე და ხვალვე ეს რიტორიკა შეიცვლება. ბრიუსელში კორუფცია და ეს დიფ სთეითის გავლენები უკვე ისეა ფესვებგადგმული, რომ ტრამპს დიდი ბრძოლა დასჭირდება. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საქართველომ ამ წნეხს გაუძლო და ბევრი ცვლილება ჩვენს ქვეყანაშიც იქნება“, - ამბობს ქადაგიძე.
ასეა, სულ სხვის (როთების და მილერის ნაირების) იმედად და მაბეზღარობით ფონს ვერ გახვალ.