მსახიობ ჟანრი ლოლაშვილს შორეულ არგენტინაში ერთხელ არაჩვეულებრივი ისტორია შეემთხვა.
„ერთ-ერთი გასტროლისას ერთი იოგი გავიცანი, მას სეანსი ჰქონდა მოედანზე. ხალხი უყურებდა. იქვე იდო ქუდი, სადაც ფულს ყრიდნენ. მეც ჩავაგდე, იოგი კი გამომეკიდა და ხურდა დამიბრუნა.
დავიწყეთ საუბარი ესპერანტოზე. ავუხსენი, რომ მსახიობი გახლდით და ფესტივალზე ვიყავი ჩასული. მან ჩვენი სპექტაკლი ნახა, მერე კიდევ შემხვდა და მითხრა, თუ მოგიწევს არგენტინაში ყოფნა, ბუენოს-აირესში არის გრძელი ქუჩა, გაჰყვებით იმ ქუჩას, გახვალთ ბოლოში, იქ არის სკამები, დაჯდებით, დაისვენებთ და ბევრი რამ გაგახსენდებათ ბავშვობიდანო.
მერე მართლაც ჩავედი ბუენოს-აირესში და იმ გრძელი ქუჩისკენ გავეშურე. დამთავრდა ქუჩა და გამოჩნდა სივრცე, ოთხი სკამი იდგა, ერთი - ერთ მხარეს, სამი - მეორე მხარეს.
არ ვიცოდი, რომელზე დავმჯდარიყავი. რატომღაც ცალკე მდგომ სკამზე დავჯექი. ჩემ წინ გამოჩნდა სამი სკამი და ჟანგისფერი გუბე. ამან ზუსტად გამახსენა ჩემი სოფელი ბოდბე, სადაც ბავშვობიდან დავდიოდი. იგივე გუბე, იგივე პანორამა, იგივე სკამი. აი, სასწაული!“