„მხედრიონი“ პოლიტიკაში ბრუნდება

„მხედრიონი“ პოლიტიკაში ბრუნდება

გასულ კვირას, დაუვიწყარი „მხედრიონის“ ცხენოსნურმა აღლუმმა დაადასტურა, რომ ხმები ამ ორგანიზაციის „გარდაცვალების“ შესახებ, ერთობ გადაჭარბებულია. „მხედრიონი“ ცოცხალია მანამ, სანამ „ბებერი მოჯაჰედინი“ ჯაბა იოსელიანი მხნედ გამოიყურება. არადა, ჯაბა ნამდვილად ამართლებს ცნობილ რუსულ გამოთქმას: „Этот дуб ещё пошумит“.

დიახ, კიდევ „იბუბუნებს“ ბერმუხა, რომელიც ქართული საზოგადოების თვისობრიობასა და ზნე-ჩვეულებებს ეფუძნება.

ასე რომ, ჯაბა იოსელიანი უძლეველია ისევე, როგორც უძლეველია ჩვენი შესანიშნავი, შორსმჭვრეტელი და ბრძენი ინტელიგენცია, რომელმაც გამოძერწა ეს უნიკალური ფენომენი. ოღონდ თვით ჯაბა იოსელიანი იოტისოდენად არ არის რამეში დამნაშავე - 74 წლის ჯაბას დღესაც ისეთივე ჭაბუკური სულისკვეთება და რომანტიკული განწყობა აქვს, როგრც 16 წლის ჯაბას ჰქონდა. ამიტომ ნურავის ეგონება, რომ თითქოს იგი ოდესმე მოისვენებს და, ლუარსაბ თათქარიძესავით ტახტზე წამოგორებული, ჭერზე ბუზების თვლას დაიწყებს. ჯაბას ქართული ფენომენი ამ თვალსაზრისით „თათქარიძის“ ქართული ფენომენის სრული ანტიპოდია.

ამრიგად, ამ ფენომენის არსი ნათელია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს - პოლიტოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო ის არის, თუ ამჟამინდელ ვითარებაში ვის დაუჭერს მხარს „ჯაბას მხედრიონი“. ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ ქართულ საზოგადოებაში ახალი შეურიგებელი დაპირისპირების მარცვლები ითესება და ახალი „სამოქალაქო ომის წინათგრძნობაც“ გაჩნდა. თანაც, დაპირისპირების „გამყოფი ხაზი“ აღარ გადის იქ, სადაც გადიოდა 9-10 წლის წინათ. არა მხოლოდ საზოგადოებამ „განიცადა“ სერიოზული ტრანსფორმაცია, არამედ სრულიად ახალი იდეოლოგებები, სტერეოტიპები და ცნობიერი ფაქტორები წარმოიშვა.

რას მოიმოქმედებს ამ ვითარებაში ჯაბა იოსელიანი და ვის მხარეს დადგება ეს ფენომენი?

საკითხი არ არის ისეთი „ნათელი“, როგორც შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, ვინაიდან დაპირისპირებაც აღარ არის იმგვარად სქემატური, როგორც 1990-1991 წლებში.

„ოპოზიციისადმი“ კუთვნილება ჯერ კიდევ სრულებითაც არ ნიშნავს, რომ „მხედრიონი“ უეჭველად მისი მოკავშირე იქნება. გააჩნია ოპოზიციას ანუ გააჩნია იდეას, რომლის მატარებელიცაა ესა თუ ის ოპოზიციური ძალა.

აგრეთვე გააჩნია ხელისუფლებას.

„პროკურატურაც“ ხელისუფლებაა და მასთან დაპირისპირებული «

„მოქკავშირის ახალგაზრდული გუნდიც“.

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, პრეზიდენტმა რაღაცნაირად მოახერხა რომ „მხედრიონის“ ბედი თუ უბედობა მხოლოდ მასთან არ არის პერსონიფიცირებული. განსხვავებით ზვიად გამსახურდიასაგან, ვინც ეს ვერ მოახერხა და უმძიმესი შედეგიც მოიმკა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ „მხედრიონის“ დაშლა-დაპატიმრება გაიგივებულია პირადად შევარდნაძესთან, ასეულობით მხედრიონელის გათავისუფლებაც შევარდნაძესთანაა გაიგივებული.

ხოლო ჯაბას პიროვნულ მოტივაციას უეჭველად „დააოკებს“ ის ფაქტი, რომ დღეს შევარდნაძე ყველა თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია, ვიდრე იყო 1995 წელს და მისი ხელისუფლება გაცილებით მყარია, ვიდრე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო, თუნდაც 1991 წლის 27 მაისს.

ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ „გათავისუფლებამდე“, 1999 წლის ოქტომბერში, როდესაც რამდენიმე კვირა რჩებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე, ჯაბა იოსელიანმა ციხიდან სენსაციური ტელეგანცხადება გააკეთა: „ეს ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები სამარცხვინო ხალხია, სამარცხვინო ხალხია... მოქალაქეთა კავშირი არ ვარგა, მაგრამ მას რაღაც დონე მაინც აქვს. ესენი კი სამარცხვინო ხალხია...“

„ბებერი მოჯაჰედინის“ სიტყვებში ისეთი ზიზღი იგრძნობოდა, - საეჭვოა ჯაბას იმისათვის ეთქვა, რათა შემდგომ ხელისუფლებას შეეწყალებინა.

ჯერ ერთი, „შეწყალების“ გარანტიას მას ვერავინ მისცემდა რა განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა. გარდა ამისა, „მხედრიონის“ ლიდერს შეეძლო უბრალოდ არაფერი ეთქვა, ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა და, მიუხედავად ამისა, მაინც გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან უკვე გარდაუვალი ხდებოდა იმ „ზვიადისტების“ გათავისუფლება, ვინც მკვლელობისათვის არ იხდიდა სასჯელს.

ხოლო „ზვიადისტების“ გათავისუფლებისას საზოგადოებრივი განწყობის „გამოსასწორებლად“ ჯაბას „გამოშვება“ რომ გარდაუვალი იქნებოდა. - ამას ყველა ხვდებოდა. ხვდებოდა თვით ჯაბა იოსელიანიც. ამიტომ მისი „ზიზღნარევი“ განცხადება „ოპოზიციის“ მისამართით სავსებით გულწრფელი იყო უეჭველად.

აქ „მეომრის“ ფსიქოლოგიური სინდრომი თამაშობს უმთავრეს როლს. ჯაბა იოსელიანს ჭირის დღესავით სძულს ის პოლიტიკანთა ხროვა, ვინც „შეაგულიანა“ იგი სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად და შემდეგ, გულგრილად უმზერდა რეპრესიებს „მხედრიონის“ წინააღმდეგ.

ტყუილად ჰგონიათ ამ უკანასკნელთ, რომ „მხედრიონი“ ოდესმე დაუდგება გვერდში და ხელისუფლებას მათ სასარგებლოდ დაუპირისპირდება. პირიქით: რაოდენ დაუჯერებელი და უცნაური უნდა იყოს, თუ ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს „მხედრიონელთა“ გათავისუფლების პროცესს - „მხედრიონი“ შეიძლება პირიქით, - დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს.

ოღონდ ეს ნამდვილად არ იქნება „ანგაჟირებული“ ქმედება. „მხედრიონი“ იქცევა ერთგვარ „საპირწონედ“, მაგალითად, პროკურატურის რეფორმირების პროცესში და საერთოდ, ყველა სიტუაციაში, რომელიც წარმოიშვება „ახალი დაპირისპირების“ პირობებში - „ჯაბა და სხვანი“ მხარს დაუჭერენ არა რომელიმე კონკრეტულ მხარეს, არამედ რეალურ ქმედებას - თავიანთი შესრულების შესაბამისად.

ოპოზიციის სიჩლუნგისა და ხელისუფლების „ეშმაკობის“ წყალობით, საქართველოში ადრინდელი იდეოლოგებები დაირღვა.

ვთქვათ, ადრინდელი სტერეოტიპის შესაბამისად, ხელისუფლება უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროკურატურის რეფორმირებას, ხოლო ოპოზიცია, პირიქით, მხარს უნდა უჭერდეს.

ასე რომ, „აბას ორიენტაცია“სრულებითაც არ არის ისეთი ერთმნიშვნელოვანი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.

გამორიცხულია მხოლოდ ის, რომ „მხედრიონმა“ სცადოს „ძველი“ ფუნქციის დაბრუნება. ამას იგი აღარც მოინდომებს, ვინაიდან ეს შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ორჯერ ერთი და იმავე მდინარეში შესვლა: საქართველოს ისტორიის ბობოქარმა მდინარემ 1988-93 წლებში ნაფოტივით ამოატივტივა „მხედრიონი“ და მანვე ჩაძირა. თუმცა, ჯაბა იოსელიანის ფენომენს ისტორიამ ვერაფერი დააკლო და ვეღარც დააკლებს რამეს.