„ორპრეზიდენტიანობა“ - დღე პირველი და დღე უკანასკნელი ორბელიანების სასახლეში რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს და როგორი პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი

„ორპრეზიდენტიანობა“ - დღე პირველი და დღე უკანასკნელი ორბელიანების სასახლეში რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს და როგორი პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქმიანობას ორბელიანების სასახლიდან დაიწყებს. მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მოსალოდნელზე შედარებით უმტკივნეულოდ წარმართულიყო პროცესი. თუმცაღა 29 დეკემბერს დედაქალაქში ვითარება პერიოდულად მაინც იძაბებოდა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის მხარდამჭერებს ორბელიანების სასახლის ეზოდან მიმართა, რის შემდეგაც ხალხთან გამოვიდა. ნიშანდობლივი იყო ის, რომ მას იგივე სამოსი ეცვა, რაც 2018 წელს ინაუგურაციისას. მან საზოგადოებას გეგმებზე ესაუბრა, თუ რას აპირებდა 29 დეკემბრის მერე და, რომ ის პირველ რიგში ორბელიანების სასახლის დატოვებას აპირებდა, თუმცა მიაქვს „ლეგიტიმურობა, დროშა და ნდობა". ამის შემდეგ ის სვეტიცხოვლისკენ გაემართა, ხალხმა კი პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა.

ამის პარალელურად, პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობდა. ფიცის დადებას ესწრებოდნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები; კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და სასულიერო და სამხედრო პირები. ღონისძიებას ესწრებოდა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ყაველაშვილის ოჯახის წევრები. არ იყვნენ მიწვეული ელჩები და როგორც „ოცნებაში" განაცხადეს, ეს არც იყო გეგმაში.

ფიცის დადების შემდეგ, მე-6 პრეზიდენტმა თავის სიტყვაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა. საზოგადოებაში არსებულ უკიდურესად მწვავე პოლარიზაციაზე საუბრისას მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შეეცდება იყოს გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა და რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი.

ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ გადაიკეტა. ათონელის რეზიდენციიდან წამოსული მოქალაქეების ნაწილი ყაველაშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მივიდა. მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რის შედეგადაც 6 ადამიანი დააკავეს.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამ ერთგვარი „ორპრეზიდენტიანობის" გაგრძელებისა და დასრულების სავარაუდო სცენარებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, დიდწილად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მიმართ და ქვეყანაში პროტესტი როგორ და რა ფორმით გაგრძელდება.

ყაველაშვილის საპრეზიდენტო სიტყვა

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიესალმა. მან მმართველ პარტიასა და საარჩევნო ხმის მქონე დელეგატებს პრეზიდენტად არჩევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „სამ საუნჯეს უნდა მოვუფრთხილდეთ - მამულს, ენას და სარწმუნოებას".

„ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი - ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული", - თქვა ყაველაშვილმა.

მისი, თქმით, „თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს, ვისთან ერთადაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით, ერთად ვქმნიდით საქართველოს ისტორიას, მხარდამხარ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს გარეშე მტრისგან, ვწერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს. ვქმნიდით ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ოჯახებს".

მეექვსე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ძალიან მალე, ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელოთ მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება ერთიან და ძლიერ საქართველოში".

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული, საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე. ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა. ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ.

„მიუხედავად იმისა, ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე, ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო, იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ. ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია", - განაცხადა ყაველაშვილმა.

რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი

მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მის მთავარ გეგმად ახალ არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანაა. ამბობს, რომ „პარტიები მზად უნდა იყვნენ და ახალი ძალებიც, რომელიც პროტესტის დროს გამოიკვეთა".

„არჩევნები ჩატარდება - სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი - პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს - თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციასაც გამოეხმაურა და ამას „ნამდვილი პაროდია" უწოდა, სადაც იყვნენ „ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები".

„მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან - ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, გვქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა გადავატანინოთ უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ერთად და უნდა ვიფიქროთ ამ გზებზე.

„შევხვდები საჯარო მოხელეებს, რათა მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა. ისინი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი. ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს დღეები თუ კვირები, შეიძლება, რამდენიმე თვე და გავატარებინოთ მათ ისე, რომ მათი ოჯახებიც იყვნენ დაცულნი.

„შევხვდები ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში, რომლებიც გვაძლევენ ამ უზარმაზარ იმედს მომავლის და რომლებმაც შექმნეს ეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. გავალ რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას. გავალ და იქაც ვიქნები თქვენთან ერთად.

„წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. უკვე მაქვს ოფიციალური ვიზიტების არაერთი შეთავაზება, რომელსაც თქვენი სახელით გავაგრძელებ იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ რა გიჭირთ დღეს და რა იქნება თქვენი ხვალინდელი გამარჯვება. მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები, ენერგია გვაქვს ძალიან დიდი იმიტომ, რომ სიყვარულის, მშვიდობისა და მომავლის ენერგიაა.

„31 დეკემბერს, რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორ გაგრძელდება „ორპრეზიდენტიანობა"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რა სცენარით წავა სიტუაცია, დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე.

„მე რომ დავიძახო - პრეზიდენტი ვარო, დასაჯერებელია? თანამდებობის პირს რაღაც ექვემდებარება და სისტემაც მის გადაწყვეტილებებს ასრულებს. თუკი ასეთი დაქვემდებარებული სისტემა არ არსებობს, მაშინ სახელებს რა მნიშვნელობა აქვს, იქნებ ეს პირადი სახელია? და როგორც პირადი სახელი ისე დაირქვას „პრეზიდენტი".

„მე უფრო ის მაინტერესებს, რამ იმოქმედა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, ორბელიანების სასახლიდან რომ გამოვიდა. თუკი პრეზიდენტმა ეს გადაწყვიტა დასავლეთში მყოფი მისი პარტნიორების ნებით მიიღო და თუ მათ უთხრეს შეწყვიტე წინააღმდეგობაო, ეს სხვა რამეს ნიშნავს და თუკი აქ, საქართველოშივე თავად მოერიდა სირთულეებს, ეს სხვაა.

„თუკი გარედან გადაწყდა რომ გამოსულიყო, შეიძლება საქართველოზე ზეწოლა და პოლიტიკური შეტევის ალყა საერთოდ მოიხსნას, რასაც აქამდე ვუყურებდით და ეს სადამდე გაგრძელდება, ამაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი სცენარებით განვითარდება მოვლენები. თუკი ეს ალყა დიდხანს გაგრძელდა, მათ პრეზიდენტი დასჭირდებათ, როგორც პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საბაბად გამოადგებათ. ასეთი ალყა იყენებს იდეას, რომ არიქა, საქართველო რუსეთისკენ მიდის, ფაქტობრივს კი ვერაფერს ამბობენ, თუ როგორ მიდის რუსეთისკენ.

„თუ დასავლეთის პოლიტიკოსებმა ალყის მოხსნა გადაწყვიტეს, მაშინ ეს თემაც ჩაქრება და ზურაბიშვილიც შეუერთდება იმ ქვეყნებში მყოფ ქართველებს, სადაც წავა. მეეჭვება, რომ საქართველოში იცხოვროს. დასავლეთის პოზიციაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება შემდგომი პროცესები", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს ქუჩა განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს და მოვლენები იმ სცენარით წავა, როგორსაც პროტესტი მოიტანს.

„სიტუაცია იმ სცენარით წავა, რა სცენარითაც დღეს მიდის - ანუ, დღეს ქუჩა განსაზღვრავს ძირითადად საქართველოს პოლიტიკას და ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან. ძირითადი განმსაზღვრელი იქნება ის, თუ პროტესტი რამდენ ხანს და როგორ გაგრძელდება. ამ შემთხვევაში „ორპრეზიდენტიანობა" შეიძლება ქვეყნის შიგნით იყოს, ქვეყნის გარეთ კი ჩვენს მოკავშირეებთან - ვგულისხმობ ცივილურ სამყაროს, ცალსახა დამოკიდებულებაა, რომ პრეზიდენტან მხოლოდ ზურაბიშვილს აღიარებენ.

„ზურაბიშვილი კი თავის საქმიანობას გააგრძელებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების" მიერ მიზანმიმართულად ჩატეხილი ხიდები ჩვენს პარტნიორებთან, სასწრაფოდ აღდგეს.

„ქვეყნის შიგნით იქნება ორი პრეზიდენტი. ერთი, კი, ბატონო, იქნება ორბელიანების სასახლეში, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს მას რა ფუნქცია ექნება. ის უბრალოდ იქნება იმ გადაწყვეტილებების ნოტარიუსი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს.

„პროცესები ქუჩაში ისევ ისე განვითარდება და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს. გარდამტეხი მომენტი ალბათ გაზაფხულისკენ უფრო დადგება. მაგრამ სანქციები ალბათ გაგრძელდება, არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ მის გარემოცვაზე და ნელ-ნელა უფრო მკაცრი და მკვეთრი გახდება. ახლა ჩვენი პარტნიორები რამდენადაც არ უნდა ეცადონ ამ უარყოფით გავლენის შემსუბუქებას, რაც ამ სანქციებს მოჰყვება, სამწუხაროდ, ამას ალბათ ვერ შეძლებენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეცდებიან.

„დაახლოებით გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ კვანძის გახსნას. მანამდე ხელისუფლება ისევ არ იტეხს იხტიბარს - ამბობს, რომ ვარ ხელისუფალიო და ჯერჯერობით ხელისუფლებას ახორციელებს კიდეც, მაგრამ ეროზია დაწყებულია როგორც საჯარო სექტორში, ისე ძალოვან სტრუქტურებში და ძალიან მაშინებს, რომ ეს სისტემა, მათთვისაც და ჩვენთვისაც მოულოდნელად, უცებ არ ჩამოიშალოს და საერთოდ ჰაერში გამოკიდებულები არ დავრჩეთ, რასაც შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს.

„სხვა დანარჩენს რაც შეეხება, პროტესტი ნორმალურად განვითარდება და მივალთ ლოგიკურ და მშვიდობიან არჩევნებამდე", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".