ბევრი კითხვა ისმოდა იმასთან დაკავშირებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებდა თუ არა, ანდა რამდენად სწორი იქნებოდა მისი არდატოვების გადაწყვეტილება. თუმცა, საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ლეგიტიმურობა ხალხისგან მოდის, ამიტომ სწორედ მათთან ერთად იქნება და ის ქართველი ხალხის ერთგული დარჩება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში და ამბობენ, რომ პროტესტის დაყვანა შენობის დატოვება-არ დატოვების საკითხამდე სწორი არ იქნებოდა და ამას მოჰყვებოდა გართულებები, რომელიც არავითარი ბენეფიტების მომტანი არ იქნებოდა არც ხალხისთვის, არც პოლიტიკური პარტიებისთვის და მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილისთვის.
„მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მე მინდა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა - ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება და ამიტომ გამოვალ და თქვენთან ვიქნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ორბელიანების სასახლის დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე ზურაბიშვილმა არ უნდა იფიქროს პოლიტიკური პარტიის ან კოალიციის შექმნაზე, რადგან უნდა დაელოდოს შედეგებს, რაც 20 იანვარს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებას მოჰყვება.
„ზურაბიშვილმა დატოვა ორბელიანების სასახლე და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არ ღირდა ამისთვის გართულებები - ეს არაფრის მომტანი არ იყო. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნა მისთვის მომგებიანი იყოს, მას რაღაც დამატებითი დივიდენდები სჭირდება კიდევ იმისთვის, რომ ამაზე იფიქროს. ამომრჩეველი, რომელიც ნეიტრალურია ამ ოთხ პოლიტიკურ ძალას შორის, მომთხოვნი ამომრჩეველია. უფრო მოსალოდნელია, კოალიციის მსგავსი შედგეს და მასზე იყოს სწორება. თუმცა, ჯერჯერობით, ზურაბიშვილმა არ უნდა იფიქროს კოალიციის ლიდერობაზე და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე.
ზურაბიშვილი მიწვეულია ტრამპის ინაუგურაციაზე და იქ ვის შეხვდება, ამას ექნება მნიშვნელობა - ამის შემდეგ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი - კოალიციის შექმნა თუ მთლიანად ოპოზიციის ლიდერობა. თუმცა, ამას ფრთხილი მოქმედებები სჭირდება. ამასთან, რეგიონებში გასვლა, რაზეც განაცხადა, მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას ისიც, რომ გუნდის შერჩევის დროს, ზურაბიშვილი უნდა იყოს ფრთხილი. თვითონ ოპოზიცის ამომრჩეველში რომ არ იყოს ერთმანეთის მიუღებლობა, ზურაბიშვილი უნდა გახდეს ამ ელექტორატის რეალური ლიდერი. თუ მოხდება გარდატეხა, ის შეიძლება ახალი რეალობის შემქმნელი გახდეს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი წავიდა და ის აღარ დაბრუნდება.
„თუ შეიძლებოდა რომ რაიმე სწორი გადაწყვეტილება მიეღო ზურაბიშვილს, ეს სწორედ ამით მიიღო - გამოვიდა სასახლიდან, წავიდა და აღარ დაბრუნდება. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მომავალი არის ნულს ქვემოთ. ვნახავთ, ლანძღვა-გინების რა კორიანტელი დაიწყება იმ ხალხის მხრიდან, ვინც მას გვერდით ედგა. მათემატიკაში არის ასეთი რამ: ნულს მივუმატოთ ნული და მივუმატოთ ნული, რჩება ნული - ასეთი ნულია სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ასეთი იქნება ყველა ის ძალა, რომელიც მასთან მივა და გაერთიანდება“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა. პარლამენტში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო.
„ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს - მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
ზურაბიშვილს არაფერში სჭირდება ოთხი ზღვარგადალახული პარტიიდან რომელიმესთან პირდაპირ ასოცირებული რომ იყოს. პირიქით, ოთხივე ეგ პარტია, ბალასტი იქნება მისთვის. არა იმიტომ, რომ ზურაბიშვილს რაიმე დიდი პოლიტ-აზროვნება აქვს და მეტს იმსახურებს. უბრალოდ, ვინც მას მართავენ, ისინი ურჩევენ, რომ იმ ელექტორატს მოაჯდეს, ქუჩაში რომ დგას და ოპოზიციას სათოფეზე არ იკარებს. ასეთი ამომრჩეველი კი, არც-თუ ცოტაა.
ზურაბიშვილი აუცილებლად შექმნის რამე საზოგადოებრივ მოძრაობას და ამის გადასაწყვეტად ტრამპის ინაუგურაცია არაფერს ცვლის. ეს უკვე გადაწყვეტილი იქნება.
იმიტომ გამოვიდა ორბელიანების სასახლიდან და ეხლანდელ ოპოზიციასთან არ დაივალდებულა თავი, რომ ახალი ფურცლიდან იწყებს.
ნუ, გონებრივად დიდად არ ბრწყინავს და ჯორივით არადიპლომატიურია საიმისოდ, რომ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ გარედან იზრუნებენ რჩევებზეც და მრჩეველების მიმაგრებაზეც.
პარალელურად, ახალი არჩევნებისთვის გაგრძელდება ჭიდაობა. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, აიძულებენ ხელისუფლებას, ჩაატარონ. იმედია, ქვეყნის ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიყვანის ხარჯზე არ მოხდება ეს. თორემ, კისერი უტეხიათ ყველა ამ პოლიტიკანს, პოლიტიკოსებად რომ მოაქვთ თავი.
ნ. ნიკოლაძის შთამომავალი აგვარჩევინეს და ნაცისტი კედიას ნაშიერი შეგვრჩა. ამას ჰქვია, რა შევუკვეთეთ, რა ჩამოგვივიდაო.