მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავალს იღებენ. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა. სია საკმაოდ ვრცელია და საუბარია ასეულობით მილიონი ლარის ბრუნვაზე.
ირკვევა, რომ თავად ამ კომპანიებს საკმაოდ მსხვილი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ. რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციით სარგებელი 2021-2024 წლებში შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:
შპს „ლორგო“ - 60,461,894 ლარი
შპს „პსპ ფარმა“ - 49,611,158
შპს „ჯეო-კოოპ“ - 47,955,624
შპს „ნატურლენდი“ - 23,865,116
შპს „გორგია“ - 9,048257 ლარი
სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ - 9,047,787 ლარი
შპს „ბეიბი ფუდი“ ჰიპი -9,002,725 ლარი
შპს „კავკას მეტალი“ - 4,102,068 ლარი
შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ - 3,437,984 ლარი
შპს „რითეილ ჯგუფი“ - მაგნიტი - 2,290,204 ლარი
შპს „გეო ორგანიკს“ -2,211,445 ლარი
შპს „თერმოინდუსტრია“ – 1,819,189 ლარი
შპს „ცელსიუსი“- 1,474036 ლარი
სს „წყალი მარგებელი“ - „ნაბეღლავი“ - 1,343,496
შპს „სუპერი“ - 858,476
რაც შეეხება ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში, 2021-2024 წლებში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კომპანიებისთვის ასეთია:
სს „წყალი მარგებელი“ - „ნაბეღლავი“ - 35,581,817 ლარი
შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ - 31,069,380 ლარი
შპს „გეო ორგანიკს“ - 20,776,555 ლარი
შპს „NUTSGE“ - 19,727,332 ლარი
შპს „ვინივერია“ - 11,192,775 ლარი
სს „თბილღვინო“ - 9,674,708 ლარი
შპს „ხეთა“- 5,067,400 ლარი
შპს „ანგელ ლოჯისტიკს“ -3,606,959 ლარი
შპს „კამპა“ - 2,132,001 ლარი
შპს „გემუანი“ - 1,886,946
შპს „ჩირინა“ - 1,090,134 ლარი
შპს „გეოპლანტი“ - „გურიელი“ - 932,121 ლარი
შპს „ჯეო-კოოპ“ - 754,087 ლარი
სს „ენისელი - ბაგრატიონი“ - 255,012 ლარი
შპს „ბარამბო“ - 192,258 ლარი
ამ თემაზე გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. „გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან და ამ დროს, რუსეთში ვაჭრობენ, მოგაწვდით ინფორმაციას იმ მსხვილი კომპანიებიდან რამდენიმეზე, რომლებიც რუსეთში გაცხოველებული ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულები“, - აღნიშნა „იმედის“ ეთერში მდინარაძემ.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძისთვის ძალზე საეჭვოა, მსგავს კომპანიებს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ, რადგან პირიქით, ევროსტანდარტებზე გადასვლა, სხვა ტიპის გამჭვირვალობას და მენეჯმენტს საჭიროებს, სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში.
„გაფიცვით ევროპაში ვერავის გააკვირვებ, გაფიცვები რეგულარულად ხდება ევროპაში, არაერთი მასშტაბური გაფიცვაც ყოფილა, როდესაც კომპანიების თანამშრომლები მონაწილეობენ შრომის უკეთესი ანაზღაურებისა და პირობებისთვის ბრძოლაში. როგორც წესი, გაფიცვებს მხარს უჭერენ პროფკავშირები და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები. ხშირია გამაფრთხილებელი ან რამდენიმე საათიანი გაფიცვები, მათ შორის ტრანსპორტის პროფკავშირების მონაწილეობით, მაგრამ როდესაც ბიზნესის ნაწილი აცხადებს გაფიცვას, რომლის მიზანიც არის წმინდა პოლიტიკური და რაც მთავარია, დროში არ არის რეგლამენტირებული, ევროპული პრაქტიკა არ ცნობს. რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გაფიცვის მთავარი მიზანი არის გაფიცვაში ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვა, რამაც უნდა მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, აშკარად სცილდება ეკონომიკურს და არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის.
ამ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც სოცქსელებში ვრცელდება, სხვა რამეზეც მიუთითებს. ძალზე საეჭვოა, ამათ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ. პირიქით, ევროსტანდარტებზე გადასვლა, სხვა ტიპის გამჭვირვალობას და მენეჯმენტს საჭიროებს, სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში!“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი კი ამბობს, რომ ბიზნესის ეს წარმომადგენლები სამარცხვინოდ გამოიყურებიან, ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ. ახლა კი მათ რუსეთში გამალებული ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული და უხერხულია, რომ ევროპულობას იბრალებენ.
„ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებიან ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ხელისუფლებას კრიტიკის „ქარცეცხლში“ ატარებენ, არიქა, ევროპულ გზას როგორ გადაუხვიეთ და რუსეთისკენ რატომ მიგყავთ ქვეყანაო. ყველამ კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს, ხმის ამოღებას კი არა ზევით მისატანი ფულის დაგვიანებას ერთი წუთითაც ვერ ბედავდნენ. ახლა თვითონ რუსებთან გამალებული ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული, გასაგებია, რომ მათთვის ფულს სუნი არ აქვს, მაგრამ ძაან ევროპულობასაც ნუ დაიბრალებენ, მინიმუმ უხერხულია“, - დაწერა ნიკოლეიშვილმა.
ექსპერტები პირდაპირ სვამენ კითხვას - რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე? ანალიტიკოს ნინო ფოჩხუას თქმით, ამ კომპანიების მთელი შემოსავალი რუსული რუბლია და რომ არა რუსეთის ბაზარი, ალბათ ვერც იარსებებდნენ.
„რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა. ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე. „გორგიას“, „ბარამბოს“, „კამპას“ და ა.შ. პროდუქცია ევროპაში არავის სჭირდება ან თუ სჭირდება, ძალიან მცირე რაოდენობით. მთელი მათი შემოსავალი რუსული რუბლია, რომ არა რუსეთის ბაზარი, ალბათ ვერც იარსებებდნენ. ამ კომპანიების დამფუძნებლები კი ორპირა ვირეშმაკები არიან, აქეთაც არიან და იქითაც. შეირგეთ რა რაც ამ ხელისუფლების ხელში გაქვთ თავისუფალი ბიზნეს-გარემო, დააფასეთ და მორჩით ორმაგი სტანდარტით თამაშს“, - დაწერა ფოჩხუამ.
კიდევ უფრო საფუძვლიანი ეჭვები უჩნდება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეს. სად არის გარანტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობების შექმნის სანაცვლოდ, ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტად არ იქცა? - კითხულობს ექსპერტი. მისი შეფასებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბევრი მათგანი აღიარებს შეცდომას და ვითომც არაფერი - რუსეთში მილიონების კეთებას კვლავაც გააგრძელებს.
„ამ კომპანიებისთვის და მათი მფლობელებისთვის ამ დღეებში გულში რომ მჯიღს ირტყამენ და პირზე დუჟმორეული ყვირიან, არ გვინდა რუსეთიო, რუსეთიდან მიღებული მილიონები ხომ ტკბილია!?
ისე ჩვენში დარჩეს და, სად არის გარანტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობების შექმნის სანაცვლოდ, ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტი არ გახდა აქ? გამოხდება ხანი, და ბევრი მათგანი თავჩაღუნული იტყვის, შევცდითო და ვითომც არაფერი, გააგრძელებს რუსეთში მილიონების კეთებას“ - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.