ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი „გლობალური მაგნიტსკის“ სიაში შეიყვანა. აღნიშნულს ნეგატიურად აფასებს ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი საქართველოში და ელოდებიან, რომ დასანქცირების პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, ამბობენ, რომ დასავლეთმა შესაძლოა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასანქციროს. თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები გადაიტვირთება და დალაგდება.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების ღირებულებები თავხვედრაშია და ვითარება რადიკალურად შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ.
„პრეტენზიები, რაც ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით ჰქონდა, არც ერთი არ არის ასახული „ეუთო-ოდირის“ დასკვნაში - გაყალბებაზე ხომ საუბარი საერთოდ არაა. ამერიკის შეერთებულ შტატების ძველ ადმინისტრაციას დარჩა ზუსტად ერთი თვე, რის შემდეგაც საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობები გადაიტვირთება, რადგან ის ღირებულებები, რაც აშშ-ს მომავალ ხელისუფლებას გააჩნია, ვგულისხმობ ტრამპის ადმინისტრაციას, გააჩნია საქართველოსაც. ამიტომ, მათი მიზნები ერთმანეთთან არის თანხვედრაში, როგორც ღირებულებითი, ისე სტრატეგიული. რაც შეეხება სანქციებს, ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ მიიღებს სანქციებს, რადგან საქმე გვაქვს კუდის მოქნევის ბოლო სენტენციებთან, რაც მილევად პროცესშია და აუცილებლად დასრულდება“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პროცესი პერსონალური სანქციების დაწესებით არ დასრულდება, რადგან მომავალში საქართველოს შესაძლოა სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები გაუჩნდეს. მისი განმარტებით, დასავლეთის მხრიდან „ბოლო აკორდი“ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იყოს.
„ეს ყველაფერი იყო მოსალოდნელი და განჭვრეტადი მას შემდეგ, რაც ხდება საქართველოში არჩევნების შემდეგ, პროცესი თანდათან აქეთ მიდიოდა. სანქციების სია, არათუ ცალკეული პიროვნებებისთვის, ქვეყნისთვისაც კი დამაზიანებელია, რადგან ამ სიაში ხვდება შენი ქვეყნის მოქალაქე. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, გაგრძელდება და უფრო მძიმე ხასიათს მიიღებს. ჩვენი პარტნიორები, რომლებმაც იციან, ვინ იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს, ერიდებიან ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დასანქცირებას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს დროც დადგება, ოღონდ ივანიშვილის დასანქცირება ამ სანქციების ბოლო აკორდი იქნება.
თუმცა, პროცესი არც ამით დასრულდება, რადგან შემდეგ დაიწყება უფრო ღრმა პროცესი - ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კავშირების მინიმიზაცია, სულ მცირე, თუ საერთოდ გაწყვეტა არა საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს უკვე სავალალო შედეგს ცალკეული მოქალაქეებისთვის მოიტანს, არა მარტო ბიზნესისთვის - ამას როგორ გაუძლებს ქვეყანა და საზოგადოება, რთული წარმოსადგენია. ვერ გავუძლებთ და შეიძლება მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომლის ვერც დაწყების მომენტს განსაზღვრავს ვერავინ და ვერც იმას, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი აფეთქება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკასთან ერთად გავიჩინეთ ახალი სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ამერიკას არ აქვს თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, ჩინეთს ვგულისხმობ - და სხვა ბევრი ფაქტორის გამო, ტრამპის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ვერ იქნება მეგობრული, სავარაუდოა, რომ იყოს უფრო ხისტი, ვიდრე ამას ბაიდენი და მისი გუნდი აკეთებდა. ტრამპი პარტნიორებისგან უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე ამას ბაიდენი და მისი გუნდი. უნდა ვეცადოთ, რომ 20 იანვრამდე მივიდეთ მშვიდობიანი პროტესტის ფორმით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის და ასეთი გადაწყვეტილებები ხალხს ვერ დააზიანებს. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება.
„ეს გახლავთ სრულად ამერიკული შტატების წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, როცა ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადმინისტრაციის თვითნებური გადაწყვეტილებაა, რაც კიდევ ერთხელ ამ ურთიერთობებს აზიანებს. ვხედავდით, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, შიგნით, თუ გარეთ, ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილებები აზიანებს, იმ ქვეყნების, თუ ხელისუფლებების რეპუტაციაა, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.