რუსების შურისძიება - აფხაზეთი დენის, ხელფასების, პროდუქტების, მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი

რუსების შურისძიება - აფხაზეთი დენის, ხელფასების, პროდუქტების, მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი

რუსეთის შურისძიებამ აფხაზეთის მოსახლეობა უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა. 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე და 20 დეკემბერს,  რუსეთმაც ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყო ელექტროენერგიის ჰუმანიტარული სახით მიწოდება, სიტუაცია კვლავ კრიტიკულია და მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება. ათობით ათასი ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე ატარებს. სკოლებსა და ბაღებში იძულებითი არდადეგებია გამოცხადებული. შეფერხებით მუშაობენ პურის საცხობები და მომსახურების ობიექტები, რაც მოსახლეობისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის. ასევე, პრობლემებია სამედიცინო დახმარების კუთხითაც. მართალია აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოების გენერატორებით მუშაობას ახერხებს, მაგრამ ესეც დამტებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და დიდი რაოდენობით საწვავის მოხმარებას მოითხოვს.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს ემატება საბიუჯეტო კრიზისიც: რუსეთიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტის გამო დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ვერ არიგებს ხელფასებს და ვერ გასცემს სოციალურ დახმარებებს. ასევე შეწყვეტილია რუსეთში ციტრუსის გატანაც.

აფხაზეთიდან for.ge-ს ადგილობრივები უყვებიან, რომ მათ ციტრუსი ხეებზე ეყინებათ და ულპებათ. ასევე პრობლემებია ფქვილის, საკვების და მედიკამენტების მარაგზე.

საბიუჯეტო კრიზისის გამო სოხუმი ვერ ახერხებს სამყოფი ელექტროენერგიის შეძენას რუსეთიდან, ენგურჰესი კი, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნის გამო, სანახევროდაც ვერ ახერხებს ზამთრის გამო გაზრდილი დეფიციტის დაფარვას. ვითარების სიმწვავეზე მეტყველებს სოხუმის მოსახლეობის ერთი ნაწილის წერილობითი მიმართვა, რომლის ადრესატი აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებია.  

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინობასაც მისი უასფრთხობიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, for.ge-სთან ყვება, რომ სიტუაცია აფხაზეთში უმძიმესია. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლებლებიდან დაითხოვეს და ისინი სახლში იმყოფებიან. თუმცა სიტუაცია იმდენად რთულია, რომ არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება.    

„არ გვაქვს დენი, გათბობა, საკვები, მედიკამენტები, არ ვიცით ეს ყველაფერი როდემდე გაგრძელდება. უკიდურეს სიტუაციაში ვიმყოფებით და ფაქტია, რომ კრემლმა აფხაზები დასაჯა. ბოლო დღეების განმავლობაში მკაცრი გრაფიკია დაწესებული ელექტროენერგიის მიწოდებაზე, რის გამოც სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებსა და ბაღებში, არდადეგებია გამოცხადებული, ასევე გრაფიკით გაიცემა ხელფასები სამთავრობო უწყებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში; შეჩერებულია ყველა სახის სოციალური დახმარების გაცემა; სირთულეებია ციტრუსის რუსეთში გატანასთან დაკავშირებითაც. ხალხს ხილი ხეებზე ეყინება. ვერ კრეფენ, რადგან ვინც დაკრიფა, აზრი არ აქვს, რუსეთში მისი გატანა არ ხდება. 9 დეკემბრიდან დაიწყო ეს ყველაფერი. დენი აფხაზეთს უწყვეტად მიეწოდება ღამის საათებში, დღისით კი - მხოლოდ 4 საათისა და 40 წუთის განმავლობაში, თუმცა მიეწოდება წყვეტით: ლიმიტის ნახევარი დილას, ნახევარი კი - საღამოს.

როგორც იცით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ელექტროენერგიას აფხაზეთის მოსახლეობა იღებს რუსეთიდან და ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან, რომლის წარმოების მოცულობა, როგორც ამბობენ, ახლა უკიდურესადაა შემცირებული ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 11 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე არდადეგები იყო გამოცხადებული, მაგრამ ახლა გაგრძელდება თუ არა სწავლა, ესეც არ ვიცით“, - ყვება for.ge-სთან აფხაზეთის მცხოვრები.

აფხაზებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ კრემლი მათ ურჩობისთვის სჯის. ადგილორბივების აზრით აშკარაა, რომ მოსკოვის მოთმინების ფიალა აავსო ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების გამო დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა, რასაც ხელშეკრულების გაწვევა და დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

რუსული პროპაგანდისტული მედია არც მალავს, რომ აფხაზეთში მიმდინარე მწვავე ენერგეტიკული და ფინანსური კრიზისი მოსკოვის ერთგვარი პასუხია აფხაზეთის ოპოზიციისა და მთლიანად, საზოგადოების ურჩობაზე და აფხაზებს მატყუარებს და პარაზიტებს უწოდებენ.

კრიზისი კი 2024 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო, როცა რუსეთმა შეაჩერა აფხაზეთისთვის სოციალური დახმარება, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის პედაგოგებზე, ექიმებსა და სამართალდამცავებზე ნაწილდებოდა. გარდა ამისა, მოსკოვმა გადაწყვიტა, სოხუმისთვის ელექტროენერგია კომერციულ ფასად მიეყიდა.

აფხაზეთში ფიზიკური პირებისთვის დენის ტარიფი 1,4 რუბლია (1,3 ცენტი), იურიდიული პირებისთვის - 2,4 რუბლი და ეს მაშინ, როცა რუსულ ელექტროენერგიაში სოხუმი 4 რუბლს იხდის, სხვაობას ანაზღაურებს დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტი, რომელიც ასევე უმძიმეს კრიზისშია რუსეთიდან ფინანსური დოტაციის შეწყვეტის გამო. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის კრიზისს ერთიორად აღრმავებს მოხმარებული დენის საფასურის დაბალი მაჩვენებელი და კრიპტოვალუტის არალეგალური მაინინგი, რომელსაც კორუფციის გამო ადგილობრივი ხელისუფლება არაეფექტიანად ებრძვის.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისი აფხაზმა ოპოზიციონერებმა ლევან მიქავამ და ილია გუნიამ „ენგურჰესის“ გენერალურ დირექტორ ლევან მებონიასთან განიხილეს. გალის რაიონის სოფელ საბერიოში შემდგარი საუბრის ვიდეოჩანაწერი სააგენტო „აიაშარამ“ გაავრცელა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკითხეს, რატომ იყო ნოემბრისთვის „ენგურჰესის“ ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ დონეზე. მებონია პასუხობს, რომ აფხაზური მხარე ელექტროენერგიას გადასახადის გარეშე იღებს. გარდა ამისა, ივლისის შუა რიცხვების შემდეგ იყო არახელსაყრელი კლიმატური პირობები და გვალვა.

მებონიას თქმით, ვითარება მკვეთრად არ შეიცვლება 2025 წლის მარტამდე და შესაძლოა, მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესდეს თებერვალში.

მან ე.წ. ოპოზიიცის წარმომადგენლებს ჰკითხა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს აფხაზეთში, ოპოზიციის ლიდერმა ლევან მიქავამ კი უპასუხა, რომ 244 ათასი, რაზეც მებონია პასუხობს, რომ თბილისში 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ დენის მოხმარება იგივეა, რაც მთელს აფხაზეთში.  

„ასეთი შეთანხმება, რომ უფასო უნდა ყოფილიყო აფხაზებისთვის დენი, არასდროს ყოფილა. უბრალოდ, (აფხაზური მხარე) არ იხდის. თუ გადაიხდით 40 პროცენტის ღირებულებას, მაშინ სურათი სულ სხვა იქნება“, - განუმარტა ენგურჰესის დირექტორმა აფხაზებს.  

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის კრემლის შურისძიება იმისთვის, რომ აფხაზებს ჭკუა ასწავლოს იმ წინააღმდეგობის გამო, რომელიც საინვესტიციო კანონთან დაკავშირებით აფხაზეთის მოსახლეობამ მოაწყო. ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ კრემლი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ კანონის მიღება მოხდეს და აფხაზების წინააღმდეგ წნეხს კიდევ უფრო გააძლიერებს.  

„ცნობილი გახდა, რომ რუსები აფხაზეთს ელექტოენერგიას ჰუმანიტარული დახმარების სახით მიაწვდიან. ეს გულისხმობს იმას, რომ, როცა მოუნდება რუსეთს ამ დახმარებას მაშინვე შეწყვეტს. ეს არის კარგად ორგანიზებული და გათვლილი გეგმა კრემლის მხრიდან, რათა აფხაზებს მათი წინააღმდეგობის საფასური აჩვენოს. კრემლი არ აპირებს კანონის უკან წაღებას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. ამიტომ ეს მძიმე წნეხი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე აფხაზები არ გატყდებიან. ფაქტია, რომ ახლა ე.წ. მთავრობასთან და პოლიტიკურ ელიტასაც ისევ კრემლთან კომუნიკაცია მოუწევს, რადგან აფხაზებს გადარჩენის სხვა გზა არ აქვთ. ვიცით, რომ ასევე შეწყვეტილია ფინანსური დახმარება, არ ხდება ხელფასების გაცემა, ასევე ვერ გააქვთ რუსეთში პროდუქტი. ამიტომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება და, რა თქმა უნდა, აფხაზეთი დგას ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე.

არავინ არ აპირებს, რომ აფხაზებს მუდმივად ანგარების გარეშე დაეხმაროს და მათგან არაფერი მიიღოს. მეორე მხრივ, აფხაზებიც შეჩვეულები არიან მუქთად ცხოვრებას. ადრე იყო და თბილისის ხარჯზე ცხოვრობდნენ, დენიც უფასო ჰქონდათ და ფულადი დახმარებაც. ახლა კი რუსეთის ხარჯზე ცხოვრება უნდათ. სწორედ დენის საფასურის გადაუხდელობამ და უფასო ელექტროენერგიის მიწოდებამ გამოიწვია ის, რომ კორუფციის უდიდესი კერა გაჩნდა კრიპტოვალუტის არალეგალური მაინინგის სახით. ამით კი, ისევ უბრალო ხალხი დაზარალდა და ერთეულმა მდიდარმა ადამიანებმა ისაგრებლეს. ამიტომ არის, რომ მიუხედავად თბილისში ბევრად მეტი მაცხოვრებელი ადამიანისა, აფხაზეთი ზუსტად იგივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა“,-ამბობს ბენდიანიშვილი.

თუმცა კითხვაზე გააჩენს თუ არა ეს აფხაზებში ანტირუსულ განწყობებს, ბენდიანიშვილია მბობს, რომ სამწუხაროდ, აფხაზები კიდევ ვერ ხვდებიან რეალურ მიზეზებს, რის გამოც ისინი ამ მძიმე მგდომარეობამდე მივიდნენ.

„რა თქმა უნდა, აფხაზებს არ სურთ იმ რეალობას გაუსწორონ თვალი, რაშიც დღეს აღმოჩდნენ. ამას არ აბრალებენ პირდაპირ რუსებს და ისევ ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია. ყველა სხვა მიზეზს ასახელებენ იმის მაგივრად რომ რეალურ პრობლემაზე ისაუბრონ და ღიად თქვან, რომ რუსები მათ კანონის გამო სჯის. რუსეთი კი, როგორც ჩანს, აფხაზებისთვის თავზე ხელის გადასმას აღარ აპირებს. ამან დაიწყო პოლიტიკის ცვლილება და ეს უკრაინის ომის შემდეგ ძალიან შესამჩნევია. აფხაზებს დასჯის კრემლი მანამდე, სანამ საკუთარ მიზნებს არ მიაღწევს. ეს მკაცრი ხელი უკვე გამოაჩინა და სამწუხაროდ, არავინ იცის სადამდე გაგრძელდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.   

თომა მოსტყვნიათ ყველა ამღიარებელი.
12 საათის უკან
ლევკოთეა რუსული პროპაგანდისტული მედია რად უნდა მაგას? აფხაზები ნამდვილად არიან მატყუარები და პარაზიტები.
12 საათის უკან