საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამხედრო მაღალჩინოსანი საქართველოში სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფება.
თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართეს.
ირაკლი ალასანიამ გენერალ ბარტელსს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე ისაუბრა: „საქართველოსა და ნატოს სამხედროებს შორის თანამშრომლობა პრაქტიკულად ისეთივეა, როგორიც ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის. არის ნდობა, უკვე გამოცდილება ერთობლივი ოპერაციების. ჩვენ დღეს ძირითადად ვისაუბრეთ გენერალ ბარტელსთან ერთად ჩვენი ურთიერთობის მომავალზე და ერთადერთი სიტყვა რითაც ეს შეიძლება დახასიათდეს, არის სრული ინტეგრაცია და გაღრმავება ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის. დღეს, ამ შეხვედრის შემდეგ გენერლებს ექნებათ დეტალური განხილვა, ტექნიკურ დონემდე ამ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტების. მინდა ვუსურვო მათ წარმატებული და ნაყოფიერი დღე და გითხრათ, რომ საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის, პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება არის საქართველოს სამხედროებისთვისაც და საგარეო პოლიტიკისთვისაც ერთ-ერთი მთავარი გზა სრული ინტეგრაციისა ევროპულ ოჯახში.“
გენერალმა ბარტელსმა ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და განვიხილავთ საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის ტრანსფორმაციას, თქვენს წვლილს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო საქართველოს მიმართ, იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც ქართველ სამხედროებს შეაქვთ ISAF –ის ოპერაციაში, და ასევე სურვილისათვის კვლავ გააგრძელოს მისიაში მონაწილეობა 2014 წლის შემდეგ და შეუერთდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო თანაგრძნობა დაღუპული და დაჭრილი ქართველი სამხედროების მიმართ. საქართველოს მონაწილეობა ამ სახის სამხედრო ოპერაციებში არის მზადყოფნის ნათელი დემონსტრირება საკუთარი წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
ბატონ ალასანიასთან და გენერალ-მაიორ კაპანაძესთან საუბრის შემდეგ მივიღე ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ თავდაცვის რეფორმირების პროცესში მიაღწია. ნატოს სამხედრო კომიტეტი მხარს უჭერს ყველა მიმდინარე რეფორმას და მოუთმენლად ელის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, როგორც ოპერაციებში მონაწილეობით, ასევე ურთიერთთავსებადობის გაზრდით, რათა შევინარჩუნოთ არსებული წარმატებული პარტნიორობა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.
შეხვედრაზეც ავღნიშნე, რომ ნატო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გვერდითაა. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში, რათა ჩამოყალიბდეს თავდაცვისუნარიანი, თანამედროვე და პროფესიული შეიარაღებული ძალები, რომელიც იქნება ნატოსთან სრულ თავსებადობაში.
საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველით კონკრეტული სამხედრო საკითხების განხილვას სამხედრო კომიტეტის სხდომაზე.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს პირველი ვიზიტი საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ამჟღავნებს ნატოს სამხედრო კომპონენტი ჩვენი შეიარაღებული ძალების და იმ რეფორმების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში. შეხვედრის დროს მიმოვიხილეთ ის ძირითადი საკითხები, რომელიც მუდმივად არის ჩვენი განხილვის თემა. ეს არის რეფორმები შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სფეროში, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა იმ სამშვიდობო, საერთაშორისო ოპერაციებში, რომელიც მიმდინარეობს ნატოს ეგიდით.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ასპექტებს, რომ დღეს უკვე საქართველოს შიარაღებული ძალები მზად არის, არა მარტო მიიღოს და გაიზიაროს გამოცდილება, არამედ მზად არის თავად გაუზიაროს გამოცდილება ბევრ ქვეყანას და ასევე, გაუწიოს დახმარება შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში.
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველოს შიარაღებული ძალები ნატოსთან ერთად ძალიან მჭიდრო ურთიერთქმედებით ახორციელებს დასახულ ამოცანებს, რაც წაადგება როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ასევე, საქართველოს ნატოსთან გაერთიანებისკენ მიმართულ გზას“
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" 28+1 ფორმატში სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა პირველად იმართება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო.