ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, ნატოში საქართველოს ელჩი ლევან დოლიძე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა სახელმწიფო კანცელარიაში მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრებს, განსაკუთრებით კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს სტუმრობისათვის მდალობა გადაუხადა: „ეს არის გარკვეულწილად უპრეცენდენტო მოვლენა, რომელიც ადასტურებს ალიანსის მხრიდან საქართველოსთვის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი იმპულსია ჩვენი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება და მიიღებს კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს.
შეხვედრისას საშუალება გვქონდა გვესაუბრა საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შემდგომი დაახლოების ფორმატებზე და ხაზი გაესვა ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს, როგორც შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელოვან ფაქტორს. საქართველო კვლავაც ადასტურებს მზადყოფნას საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. 2014 წლის შემდგომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ორი ბატალიონი განაგრძობს საკუთარი ვალდებულების შესრულებას ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. საქართველო ადასტურებს მზადყოფნას ISAF-ის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის ოპერაციაში და სთავაზობს ალიანსს საკუთარ ინფრასტრუქტურას, რათა ეს ყველაზე ოპტიმალური გზით განხორციელდეს.
ასევე, მინდა გამოვთქვა მადლიერება საქართველოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, სამხედრო აღმშენებლობის და თავდაცვის სფეროში სათანადო შეფასებას მიიღებს 2014 წლის სამიტზე დიდ ბრიტანეთში და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს თანამშრომლობას.“
„შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრი განვიხილეთ - დაწყებული საქართველოს წვლილით ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, დამთავრებული იმ პროგრესამდე, რომელსაც ქვეყანამ უსაფრთხოების რეფორმებში მიაღწია. მე, როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, შემიძლია განვაცხადო, რომ ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა კონსტრუქციული, პრაგმატული და სამაგალითოა. ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო ISAF-ის მისიაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს შეტანილი წვლილისთვის. ასევე, მინდა მწუხარება გამოვხატო იმ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მიმართ, რომლებიც ამ ოპერაციაში დაიღუპნენ და რომლებიც სამხედრო მოქმედებების დროს დაიჭრნენ.
საქართველომ ვალდებულება აიღო მხარი დაუჭიროს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წვრთნის, კონსულტაციებისა და დახმარების მისიას 2014 წლის შემდეგ და შეუერთდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წელს. საქართველოს სამხედრო ჩართულობის დინამიკა მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა იმ ვალდებულებისა, რაც საქართველოს ნატოს წინაშე აქვს აღებული. ჩვენ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას 2014 წლის შემდეგ ველით.
2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც კი აუცილებელ კრიტერიუმებს შეასრულებს. როგორც მე ავღნიშნე, საქართველომ თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში სოლიდურ პროგრესს მიაღწია, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობისთვის ყველა დონეზე საუკეთესო საფუძველს გვაძლევს. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნული რეფორმების მხარდაჭერას და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ხვალ სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განვიხილავთ“. - განაცხადა გენერალმა კნუდ ბარტელსმა.