საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის კანცელარიაში მიიღო.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას. აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, ის დემოკრატიული პროცესები და რეფორმები, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში განხორციელდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, განსაკუთრებით ავღანეთის ISAF-ის მისიაში.