„ეუთო-ოდირმა“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ორივე მხარემ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ, დასკვნა თავისებურად წაიკითხა - ერთი მხარე ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრის ყველა ბრალდება გაბათილდა და საერთო ჯამში, დასკვნა დადებითია, ხოლო მეორე მხარე თვლის, რომ „ეუთო-ოდირის“ დასკვნა საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი გახდება. ამის ფონზე, რთულია პროგნოზის გაკეთება, რა მოხდება და რამდენად არის შესაძლებელი, სწორედ ეს დასკვნა იყოს იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, „ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის რა ნაწილი მიიჩნევს არჩევნებს არალეგიტიმურად. მისი შეფასებით, ვიდრე ეუთო-ოდირი მის საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებდა, მას ეს დოკუმენტი წინასწარ ექნებოდა გაგზავნილი ევროსტრუქტურებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, ეუთო-ოდირის დასკვნას რამდენად მოჰყვება ფართო, სახალხო პროტესტი იმათი მხირდან, ვინც ამ დასკვნაში ხედავს უარყოფითს და თვლის, რომ ამ დასკვნით არ შეიძლება არჩევნები იყოს აღიარებული. ეუთო-ოდირი, თავისი მიგნებებით, რაც მან გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებით, თვითონ აძლევს ინფორმაციას განსჯისათვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აქტორებს, რომ მათ შეაფასონ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ან არალეგიტიმურობა - იქიდან გამომდინარე, საერთაშორისო აქტორები რამდენად ჩათლიან ეუთო-ოდირის დასკვნას ლეგიტიმურად. ამასთან, ჩვენი საზოგადოების რა ნაწილი ჩათვლის ამ დასკვნას იმის ინდიკატორად, რომ იყო თავისუფალი და კონკურენტული გარემო - ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი მოვლენები.
არჩევნებს ლეგიტიმაციას ერთი მხრივ აძლევს ამომრჩეველი, მეორე მხრივ კი საერთაშორისო საზოგადოება იმის მიხედვით, ცნოს თუ არა არჩევნების შედეგად მოსული მთავრობა. ჩვენ გვექნება საშუალება ვიხილოთ საერთაშორისო წრეების რეაქციები და ამ დღეებში ვიხილავთ საზოგადოების რა ნაწილი გამოვა საპროტესტო აქციებზე.
დარწმუნებული ვარ, ვიდრე ეუთო-ოდირი მის საბოლოო დასკვნას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით საჯაროდ გამოაქვეყნებდა, მას ეს დოკუმენტი ექნებეოდა წინასწარ დაგზავნილი შესაბამის ევროსტრუქტურებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც - ეუთო-ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე შედგა ჩვენთან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი, რამაც ჩვენი ოპოზიცია გაანაწყენა. კითხვას ვსვამ, ხომ არ იყო ეს ვიზიტი განპირობებული იმით, რომ ვიზიტამდე მან წაიკითხა ეს ანგარიში და საჭიროდ ჩათვალა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და შეხვედროდა არჩევნის შედეგად მოსულ ხელისუფლებას, რაც გარკვეულწილად იყო ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება?!“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
პარტიებმა: „ძლიერი საქართველოსთვის“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეუთო-ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელეს. როგორც ოპოზიციური გაერთიანებების განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო-ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო
მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია, შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი არჩევნების საფუძველია.
ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, იგი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. თქვენ იცით, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა, სასამართლოში ყველა საჩივარი განხილული იქნა. საკონსტიტუციოს სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან და „ენჯეოებთან“ ერთად. საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, იგი ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ამოეწურება. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას მთავრობის შემადგენლობას არ უცხადებს. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური. თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, ეს არ გაეკეთებინა. მან საბოლოო ჯამში ერთი დღე ითხოვა, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისთვის, ვნახოთ ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი“, - განაცხადა კობახიძემ.
ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ბევრი რამ გამოჩნდება 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმნისტრაცია რამდენად აღიარებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„ხელახალი არჩევნების ჩატარება დამოკიდებული იქნება აქციების განგრძობადობაზე, ინტენსიობაზე და აქციაში ჩართული ადამიანების რაოდენობაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად ჰპოვებს ეს აქციები მხარდაჭერას ქვეყნის ფარგლებს გარეთ - დასავლეთი ცდილობს ამ აქციებს სული შთაბეროს და მხარდაჭერა გამოუცხადოს. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურები რამდენად გაუძლებენ ამ ზეწოლას და რამდენად ლოიალური დარჩებიან ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. როგორც წესი, სახელმწიფო სტრუქტურების მდგრადობაზე და ლოიალობაზე დიდწილად არის დამოკიდებული თავად არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების სიცოცხლოსუნარიანობა. ვფიქრობ, რომ აქტიურად მოხდება საერთაშორისო აქტორების ჩართვა, რომ არსებულ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ და დაანიშნინონ ხელახალი არჩევნები. ვნახოთ, ხელისუფლება რამდენად გაუძლებს ამას. ყველაფერი გამოჩნდება 20 იანვრის შემდეგ, რადგან გავიგებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ანუ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენად აღიარებს ამ არჩევნებს. თუ მათგანი წამოვიდა იმის ნიშნები, რომ ეს არჩევნები მათი მხრიდან არის აღიარებული, ვფიქრობ, რომ ევროპაშიც მოხდება პოზიციების კორექტირება“, - აღნიშნა ანჯაფარიძემ.