კობახიძის პასუხი „დიფ სთეითს“

კობახიძის პასუხი „დიფ სთეითს“

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა იყო პასუხი „დიფ სთეითისთვის“, რომელიც 4 წელია, საქართველოს მიმართ უსამართლოდ მოქმედებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“ ამ შემთხვევაში, სანქციებიც მოიხსნება.

გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-მა მიიღო, ცხადია, რომ უსამართლოა და ამას თავისი მიზეზები აქვს. თუმცა, შეიძლება თუ არა დასანქცირების მიზეზი იყოს ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შსს-ს თანამშრომლები არ არიან პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შსს-ს არაერთი თანამშრომელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მაშინდელი მინისტრი არ მოხვდა სანქცირებულთა სიაში.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი შს მინისტრები ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია არიან ამ ე.წ. „დიფ სთეითის“ უცხოელი აგენტები, განსხვავებით ვახტანგ გომელაურისგან, რომელიც ემსახურება, არა უცხო ძალას, არამედ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს.

„გამოძიება არ ყოფილა რეალურად მიზეზი. გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. რაც შეეხება წინა მოვლენებს, წინა ძალადობრივ აქციებს, პასუხისგებაშიც არიან მიცემული კონკრეტული პოლიციელები, სადაც იდენტიფიცირებადი იყვნენ მარტივად ადამიანები, მაშინდელ საქმეებზე რამდენიმე ადამიანია პასუხისგებაში მიცემული, შესაბამისი უწყებებისგან შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოითხოვოთ. თვალები დათხარეს ადამიანებს, ეს გააკეთა გახარიამ, მისმა ქმედებებმა გამოიწვია ეს ყველაფერი, რაც საერთოდ მარტივად შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული, მაგრამ აქამდე მიიყვანა საქმე გახარიამ.

მერაბიშვილი ვახსენე ასევე, რომელმაც 4 კაცი მოკლა მშვიდობიანი აქციის პროცესში, 4 კაცი მოკლა და ჯიხურებზე განათავსეს შემდეგ, უტიაშვილის იდეა იყო ეს ყველაფერი. იქ არ დაუსანქცირებიათ ადამიანები, იმიტომ რომ მერაბიშვილი და გახარია არიან ამ ე.წ. „დიფ სთეითის“ უცხოელი აგენტები, განსხვავებით ვახტანგ გომელაურისგან, რომელიც ემსახურება, არა უცხო ძალას, არამედ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, 2019 წლის ივნისის ბოლოს გადაწყვეტილი იყო კონკრეტულ მომენტში გიორგი გახარიას გადაყენება შს მინისტრის თანამდებობიდან და ეს იყო მათ შორის გუნდის მოთხოვნა, თუმცა როგორც კი ეს გადაწყდა, 15 წუთი ითხოვა მოსაფიქრებლად მაშინ გახარიამ და როგორც კობახიძე აცხადებს, ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან“. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ქვეყანას ხელოვნურად არყევდა სწორედ „დიფ სთეითი“.

„მერე გაგრძელდა ეს პროცესები, ჩვენ ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ გახარიასგანაც გათავისუფლდა ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა, მოვლენები დაუბრუნდა იმ კალაპოტს, რომელსაც უნდა დაბრუნებოდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება. იქაც ამ ქვეყანას ხელოვნურად არყევდა სწორედ „დიფ სთეითი“.

ასეთ კომპრომისებზე ჩვენ აღარ მივდივართ უკვე ოთხი წელია და ამაზეა გამწარებული ეს ხალხი. მთავარი მიზეზი, რატომაც ჰქონდა რევოლუციის ოთხი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, სწორედ ეს არის, რომ ასეთ კომპრომისებზე აღარ მივდივართ და გახარიები აღარ გვყავს გუნდის ლიდერებად. ამ მიზეზის გამო 4-ჯერ მოგვიწყვეს რევოლუცია, ქვეყანას არ ასვენებენ 4 წლის განმავლობაში. ეს საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამერიკელი პროფესორი, ოჯახების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ბრაიან ბრაუნი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ირაკლი კობახიძე იჩენს სიმამაცეს, უკან არ იხევს, რაც ძალიან კარგია მისთვის.

„დონალდ ტრამპმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ბაიდენის სანქციები. ამერიკა, პირველ რიგში, ამერიკელებისთვის. საქართველო, პირველ რიგში, ქართველებისთვის. სახალისოა, რომ ახლა ეს ლიბერალები ფიქრობენ, რომ მათი გადასაწყვეტია ვინ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - დაწერა ბრაიან ბრაუნმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებით ისევ იმუქრება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ სანქციები ინსტრუმენტია მათ ხელში.

„ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან. ეს უბრალოდ, უახლესი მაგალითია აშშ-ის მიერ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისა, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით და ზოგადად, არსებულ პროცესებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ცდილობს, ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს. რაც შეეხება სანქციებს, კალაძის განცხადებით, ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მთლიანად გადაიტვირთება არსებული ვითარება და შეიცვლება სიტუაცია.

„ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც საუბრობს ახალ ადმინისტრაციაზე, რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებზე. ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება სწორი და მართალი დამოკიდებულება, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ ჩვენს, ჩვენი ქვეყნის გასაკეთებელს, მერწმუნეთ, ვერავინ გააკეთებს. ტრამპი არის ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ის, რა თქმა უნდა, მისი ქვეყნის ინტერესებს გაატარებს და დაიცავს თავისი ხალხის ინტერესებს. იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, იქნება ეს ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ს ადმინისტრაციიდან, ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოშობილი ვითარების გამოძახილია. მისი თქმით, მზად არიან, თუნდაც დღე-დღეზე წამსვლელ ადმინისტრაციასთან, თუნდაც მომავალ ადმინისტრაციასთან, თუნდაც ერთად - კონგრესსა თუ სენატში იმუშაონ, რომ ეს ურთიერთობა არათუ აღდგეს, არამედ დაუბრუნდეს იმ პოზიციას, რასაც თანასწორუფლებიანი პარტნიორი დამოკიდებულება ჰქვია.

„ომი მიმდინარეობს და საქართველო, რასაკვირველია, ერთ-ერთი ამ დიდი დაპირისპირების თეატრის სეგმენტია. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში, საქართველოსგან მოითხოვება გარკვეული პოზიციის დაფიქსირება. გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, რაღაც საკითხებზე პრინციპულად ვერ ვთანხმდებით და ეს ჩვენი ხელისუფლების მიმართ გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ შევიდეს რუსეთთან დაპირისპირებაში, რაც საქართველოსთვის შეუქცევადი ნგრევის ტოლფასი იქნება და აქედან გამომდინარე, გასაგებია ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

და, რას ნიშნავს სანქციები - პოლიტიკის მეციერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური ვერ გახსნის ამერიკაში ანგარიშსს და ვერ გადარიცხავს ფულს, ეს არის სანქციები, რაც უსიამოვნოა. თუ მომავალზე ფიქრობენ, არ უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ეს მიუთითებს ბაიდენის ადმინისტრაციის აბსოლუტურ დეგრადაციას.

„ისინი პირდაპირ ცდილობენ, რომ ტრამპს დაუტოვონ მსოფლიოში იმდენი და ისეთი პრობლემები, რომლისგან გამოსვლა გაუჭირდება. ეს, რეალურად, საქართველოს დასჯის ოპერაცია არის. გვსჯიან იმიტომ, რომ გამოვიჩინეთ ურჩობა, მოვიპოვეთ სუვერენიტეტი. ვინ უნდა დასაჯონ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის ხალხი, ვინც დგას ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე - ეს არის სამართალდამცავი სისტემა. ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, ახლა უკვე სანგრების გათხრა მოგვიწევდა, ან პარტიზანული ბრძოლები რუსეთის არმისთან. არაფერს არ შეცვლის ეს სანქციები. რუსეთზე დაწესებულია 40 ათასზე მეტი სანქცია და შეცვალა რამე? - არა“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

როგორც ირაკლი გოგავა აცხადებს, როცა ვსაუბრობთ რუსეთის არმიაზე, უნდა აღნიშნოს, რომ 2014 წელს რუსეთმა შესწორებები შეიტანა რუსეთის სამხედრო დოქტრინაში. მე-2 თავის მე-13 პუნქტში პირდაპირ ჩაწერა, რომ რუსეთის საზღვრების მახლობლად ხელისუფლების დამხობა არის რუსეთისთვის სამხედრო საფრთხე, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთის რომელიმე მოსაზღვრე სახელმწიფოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა ანტირუსული ხელისუფლებით, აღნიშნული დოქტრინა ავალდებულებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს ამ სამხედრო საფრთხეზე.

„მოქმედება ნიშნავს სამხედრო ინტერვეციას ანუ საქართველოს ოკუპაციას. რეალურად ამაზე ჰქონდათ გათვლა ბაიდენის ადმინისტრაციას და ნეოკონსერვატორებს. რუსეთის პროვოცირება უნდოდათ სამხედრო ოპერაციაზე იმ მიზნით, რომ რაღაცა 50-60 ათასი კაცი ჩამოეშორებინათ უკრაინის საბრძოლო მიმართულებით. რაც შეეხება ბალტიისპირელების აქტიურობას, ახლა მათ სთხოვენ მეორე ფრონტის გახსნას. მძიმე დღეში არიან. სცენარიც კი შესთავაზეს. კერძოდ, ესტონეთის ჩრდილოეთში არის ქალაქი ნარვა და მთლიანად ამ პროვინციაში ცხოვრობს 85% ეთნიკური რუსი. ნარვაში დგას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტე-34-ის მემორიალი. ძვირფასი ნატო ავალებს, რომ მოაშორეთ ეს მემორიალიო, რასაც არ ემორჩილებიან. ამიტომ არიან ასეთ დღეში და ცდილობენ, რომ იქნებ საქართველოში დაიწყოს ეს მეორე ფრონტი. ვუთანაგრძნობთ ბალტიისპირელებს. იმედია, რომ ჩვენსავით მედგრად დაუდგებიან და არ დაუშვებენ საკუთარ ქვეყნებში მეორე ფრონტის გახსნას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.