ალენ ჟირესს ხინკალი და ხაჭაპური ენატრება

ალენ ჟირესს ხინკალი და ხაჭაპური ენატრება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი სრული კრახით დაასრულა. გუნდმა ჩატარებულ 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა, ორიც ფრედ ითამაშა, დანარჩენი კი წააგო.

ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი ფრანგი ალენ ჟირესის ხელმძღვანელობით დაიწყო და გაიოზ დარსაძის ხელმძღვანელობით დაასრულა. ჟირესის თავკაცობით გუნდმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო, ორი ფრედ დაამთავრა. მაჩვენებელი ერთია, მაგრამ ჟირესის გუნდი დანიასთან 1:6 არ დამარცხებულა და შედარებით უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდა, ვიდრე ახლა.

საინტერესოა, სად არის ალენ ჟირესი, რას აკეთებს, შეიტანა თუ არა საჩივარი ქართველების სახელზე ფიფაში, ესაუბრა თუ არა მიშელ პლატინის და რა აზრის არის საქართველოს ეროვნული გუნდის მიერ ჩატარებული ბოლო შეხვედრების შესახებ.

თავდაპირველად რომ დავუკავშირდი და ვუთხარი, საქართველოდან ვარ-მეთქი, ძლიერ გაუხარდა. მომესალმა და მითხრა, სასაუბრო დრო მაქვს და პრობლემა არ მაქვსო, მაგრამ კითხვები რომ მივაყარე, ფრანგულად მომიგო: სტოპ, სტოპ! მერე თავის ენაზე ბოდიშიც მოაყოლა და ახლა მან მიაყარა. მივხვდი, რომ მეუბნებოდა, ინგლისურად ვერ დაგელაპარაკებით, არაფერი გამეგებაო.

ბოლოს იმდენი მაინც მოვახერხეთ, რომ ჩვენი კოლეგა თარჯიმნად გამოვიყენეთ და რა გამოვიდა ჩვენი ათწუთიანი საუბრიდან, თავად შეაფასეთ.

მუსიე ალენ, როგორ გიკითხოთ?

- გმადლობთ, კარგად ვარ.

მართლა?

- დიახ, დიახ. თავს მშვენივრად ვგრძნობ.

ახლა სად იმყოფებით?

- პარიზში ვარ.

თქვენ ხომ ტულუზში ცხოვრობთ?

- დიახ.

პარიზში რას აკეთებთ?

- რასაც ტულუზაში, ვცხოვრობ.

ალბათ საქმეებზე ჩახვედით...

- დიახ.

საქართველო არ გენატრებათ? მეგობრები? სასტუმრო „ბატესტაში“ გატარებული საკმაოდ დიდი პერიოდი?

- მენატრება და მაქვს იმედი, რომ საქართველოში კიდევ მომიწევს ჩამოსვლა.

როგორც მწვრთნელს?

- ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. უფრო, როგორც ტურისტს.

მუსიე ალენ, საქართველოს ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ციკლი ჩააგდო. ჩვენმა გუნდმა იმაზე მეტი სირცხვილი ჭამა, ვიდრე თქვენი მწვრთნელობის დროს...

- გასაგებია, მაგრამ მე ასე არ ვთვლი.

თქვენს დროს ხომ უფრო კარგი შედეგი იყო...

- არ გეთანხმებით იმაში, რომ თქვენმა ნაკრებმა დიდი სირცხვილი ჭამა. ეს კანონზომიერი იყო. როდესაც გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა, მოტივაციაც დაკარგა. შანსი რომ ყოფილიყო, უფრო კარგ თამაშს აჩვენებდნენ ბიჭები.

თქვენი წასვლის შემდეგ გუნდის მიერ ჩატარებული რომელიმე შეხვედრა თუ ნახეთ?

- არა.

სურვილი არ გქონდათ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, საფრანგეთში საქართველოს ნაკრების შეხვედრებს არ აჩვენებენ.

საინტერესო არ არის...

- ალბათ ფრანგებისთვის, თორემ საინტერესო ნამდვილად არის.

დანიასთან 1:6 წაგებას როგორ შეაფასებთ...

- ძალიან ცუდი იყო.

უკრაინასთან ფრეს?

- კარგია.

ყაზახეთთან ვერმოგებას?

- ჩემი აზრით, დანიასთან წაგება უფრო კანონზომიერი იყო, ვიდრე ყაზახეთის ნაკრებთან ნაჩვენები ფრე.

რატომ?

- მგონია, რომ საქართველოს ნაკრებმა ყაზახებთან კარგად ითამაშა და უბრალოდ, არ გაუმართლა.

დემეტრაძემ პენალტი ვერ გაიტანა...

- მით უმეტეს, დანიასთან კი შანსი არ გექნებოდათ.

რა იქნება საბერძნეთთან (საუბარი საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრამდე შედგა)?

- არ ვიცი, კარგი თამაში იქნება, თუ ქართველები მოინდომებენ.

გაიოზ დარსაძეს იცნობთ?

- ვიცნობ.

კარგად?

- მუსიე დარსაძე ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

თქვენც ხომ გეხმარებოდათ?

- დიახ, მეტოქეებს აკვირდებოდა.

როგორ ინფორმაციას გაწვდიდათ?

- უნდა გითხრათ, რომ გაიოზ დარსაძე საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, დიდი ცოდნა აქვს. რამდენადაც ვიცი, მას დიდ გუნდებში არ უმუშავია და ამავე დროს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. წარგზავნილი მყავდა საბერძნეთის, დანიის ნაკრებების თამაშების სანახავად და ინფორმაციის ჩამოსატანად. თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა.

მან ნაკრებში გაახალგაზრდავების კურსი აიღო და ბევრი ახალი ფეხბურთელი მოიყვანა გუნდში. სწორს აკეთებს?

- ნამდვილად სწორს აკეთებს და ეს მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა, საკითხავი ის არის, ვინ მიჰყავს გუნდში. ნამდვილად არ ვიცი, რა დონის ფეხბურთელები ჰყავს ამ მომენტში საქართველოს ნაკრებში, მაგრამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი მისასალმებელია.

თქვენ რატომ არ გააკეთეთ იგივე?

- მე ამის დრო ნამდვილად არ მქონდა.

საქართველო და საფრანგეთი რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ვის მხარეზე იქნებით?

- ულაპარაკოდ საფრანგეთის.

ფიფაში შეიტანეთ საჩივარი?

- დიდი ხანია.

როდის მოხდება მისი განხილვა?

- უახლოეს დღეებში.

შეხვდით თქვენს მეგობარ მიშელ პლატინის?

- შევხვდი და ვესაუბრე მომხდარზე. მან თანადგომა აღმითქვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გავლენას მოახდენს ფიფას მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. იგი უბრალოდ მეგობრულად დამიდგა გვერდში.

საქართველოში ყოფნისას აცხადებდით, რომ მოგწონდათ ქართული სამზარეულო...

- დიდებულია.

ყველაზე მეტად ხინკალი მოგწონდათ...

- დიახ.

არ გენატრებათ?

- როგორ არ მენატრება, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ვერ ვყიდულობ.

რატომ? ქართული რესტორანი არ არის პარიზში?

- ვეძებ და ვერ ვპოულობ.

კიდევ რომელი კერძი გენატრებათ?

- ხაჭაპური.

თქვენი ოჯახის წევრები ხომ არ ოცნებობენ საქართველოში ჩამოსვლაზე?

- მე მათ მოვუყევი ბევრი რამ საქართველოს შესახებ და უნახავად მოსწონთ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლაზე ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია.